რა სურთ „პროტესტანტ“ ახალგაზრდებს და როგორია დესტრუქციის ყლორტები?

რა სურთ „პროტესტანტ“ ახალგაზრდებს და როგორია დესტრუქციის ყლორტები?

ახალგაზრდების ქუჩის პროტესტმა სახელწოდებით - „არა რუსულ კანონს“, რომელიც უკვე მრავალჯერ გადაღეჭილი სცენარით მიმდინარეობს, ძალაუნებურად, დღის წესრიგში დააყენა იმის გარკვევა, თუ რა ასაზრდოებს ახალგაზრდების სამოქალაქო და საპროტესტო აქტივობის ფენომენს საქართველოში? თავიდანვე ვთქვათ, რომ ახალგაზრდების სამოქალაქო პროტესტი, როგორც პოზიტიური ისე დესტრუქციული, ასახავს ჩვენი საზოგადოების დღევანდელი პოლიტიკურ, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული ღირებულებების კონფლიქტს.

ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა არის სოციალურ-პოლიტიკური სოციალიზაციის, კავშირების, ახალგაზრდების ურთიერთქმედების, თვითორგანიზაციის დამახასიათებელი მაჩვენებელი. ზოგადად, სოციალური აქტივობის გარკვეული პარადოქსი არის ადამიანის სურვილი დესტრუქციულობისკენ - რღვევა, რაღაც სფეროში ნორმალური სტრუქტურის განადგურება. სწორედ ამაზეა აგებული დესტრუქციული ქცევა. საქართველოში, მისი კულტურლოგიულ ეთნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში სამოქალაქო პროტესტი მოიცავს დევიანტური ქცევის სახეობების კრეატიულად წარმოჩენას, ანტისოციალურ, დესტრუქციულ ქმედებებს.

ახალგაზრდების მაქსიმალიზმი და ცხოვრებისეული პრიორიტეტების არასტაბილურობა კიდევ უფრო აღრმავებს ამ პროცესს და პრაქტიკულად, არ ტოვებს კომპრომისის სივრცეს. ის სტიმულს აძლევს სოციალურად საშიშ მათ შორის ექსტრემისტულ აქტივობებს. ახალგაზრდების დესტრუქციული პრაქტიკის განხორციელების პოტენციური სივრცე ფართოვდება სოციალური ინტერნეტ ქსელების ხარჯზე, სადაც აქტიურდება მათი არაფორმალური თვითორგანიზაცია, ვითარდება ინტერნეტ აქტივიზმი - მიზანმიმართული ქმედებები ონლაინ სივრცეში - ოპონენტების „ბულინგი“ და სხვა „სამოქალაქო აქტივიზმით“ შენიღბული დესტრუქციული ქმედებები.

ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობის დესტრუქციულობა ვლინდება სოციალურად საშიში, აგრესიული და ხშირად დანაშაულებრივი ფორმებით და ჩვენი საზოგადოება ამის მოწმე არაერთხელ გახდა. ბევრი ახალგაზრდისათვის დესტრუქციული და ასოციალური ქცევა თვითდამკვიდრების და საზოგადოებრივ სივრცეში ცნობადობის მოპოვების სწრაფი და მარტივი საშუალება გახდა. ამის მაგალითია, თუნდაც ლაზარე გრიგორიადისისგან სამოქალაქო გმირის გამოძერწვის მცდელობებიც. ეს ყოველივე გვაძლევს წარმოდგენას თუ რა სოციო-კულტურულ ფენომენთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, დესტრუქციული სამოქალაქო აქტივიზმი ახალგაზრდების ერთ ნაწილს უჩენს პოლიტიკურ ნავში ჩახტომის და აქედან სწრაფი დივიდენდების მიღების იმედს, ცდუნებას. ისინი აცნობიერებენ თავიანთ საჭიროებას პოლიტიკური აქტორებისთვის. შესაბამისად, ახალგაზრდული საპროტესტო ჯგუფებისგან იქმნება ახალი ტიპის პოლიტიკური იდენტობები.

ახალგაზრდების დესტრუქციული სამოქალაქო აქტივიზმის კონცეპტუალიზაცია საქართველოში, ძირითადად, მაინც ეფუძნება ასაკობრივ ფაქტორს. ყველა ვხედავთ როგორ ხდება ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ ე.წ. GEN-Z (1997 – 2012 წწ დაბადებულების) თაობის იდეალიზაცია-პოპულარიზაცია და მისი დაპირისპირება უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. თუმცა, რატომღაც არ ამბობენ იმას, თუ GEN-Z თაობის რა ნაწილი მონაწილეობს დესტრუქციულ აქციებში.

ზოგადად, სოციალური აქტივობის გარკვეული პარადოქსი არის ადამიანის სურვილი დესტრუქციულობისკენ - რღვევა, რაღაცის ნორმალური სტრუქტურის განადგურება (მის გარშემო არსებული სამყარო, თუნდაც საკუთარი თავი). მეორე მხრივ, დევიანტური ქცევის სახეობები მოიცავს ერთი მხრივ კრეატიულობას და მეორე მხრივ, ანტისოციალურ, დესტრუქციულ ქმედებებს. ამის მოწმენი, ლამის, ყოველდღე ვართ თბილისის ქუჩებში. რაც ყველაზე საყურადღებოდა და საგანგაშოც, დამტკიცებული აგრესიული აქტივიზმი მიმდინარეობს ლატენტური სოციალური მოწონების ფონზე ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან.

ყველაზე სახიფათო ის არის, რომ GEN-Z თაობის მიერ წარმართულ დესტრუქციულ სამოქალაქო აქტივიზმს შეუძლია დაარღვიოს საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტაბილურობა.

ამავე დროს, Gen X (1965 – 1980) და Boomer (1955 – 1964) თაობა ბოლომდე ვერ იგებს და შესაბამისად ვერ იღებს GEN-Z-ს დესტრუქციულ რომანტიზმს, რაც ქმნის სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტის ნიადაგს, რომელსაც უკვე ვადევნებთ თვალყურს ამ დღეებში და ამ კონფლიქტმა შეიძლება განუჭვრეტელი ფორმა მიიღოს.

 

 

         

 

ლევკოთეა მე ვფიქრობ, ადამიანის სოციალური აქტივობის მიზეზი არის არა დესტრუქციულობის სურვილი, არამედ სურვილი, რაღაცას დაატყოს თავისი კვალი. საკუთარი სახელი ,,უკვდავყოს".
ეს ახალგაზრდასაც და ასაკოვანსაც ახასიათებს. ნგრევა კი ბევრად ადვილია, ვიდრე შენება. ახალგაზრდა კი უფრო ნაკლებად ფიქრობს საკუთარი დესტრუქციულობის ნეგატიურ შედეგებზე.
მარტივ მაგალითს ავიღებ. ვანდალურად როცა ჩხაპნიან ხოლმე ისტორიულ ძეგლებზე - ,,აქ იყვნენ ჯონი და ბონდო", ერთია, რომ ეს არის სურვილი, საკუთარი სახელი, კვალი რაც შეიძლება დიდხანს და ბევრს ანახო. შეძლებისდაგვარად მოუყვე კიდეც სხვებს, საკუთარ ,,გმირობაზე". მეორეა, რომ ასაკოვანი ადამიანი ამას ნაკლებად გააკეთებს. ახალგაზრდის ,,შემოქმედებაა". შედეგებზე რომ არ უფიქრდება.
6 თვის უკან