ხელისუფლება აცხადებს, რომ 29 აპრილის აქცია ტარდება იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, ქართველი ერის არჩევანი არის სუვერენიტეტი.
სხვაგვარად ფიქრობს ოპოზიცია. მათი აზრით, უკვე 30 წელია, ყველა მთავრობა ოპოზიციისთვის კონტრმიტინგის ჩატარებას ვერ გასცდა პარლამენტის წინ. სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ „კონტრაქცია „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს ნიშნავს. სოფო ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს ძალით გამოჰყავს აქციაზე საკუთარი მომხრეები, რათა გულანთებულ ხალხს დაუპირისპიროს.
„ნაცმოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა მოითხოვს, ოპოზიციამ საკუთარი ძალა დაანახოს ხელისუფლებას, რომელიც 29-ში თურმე გოდრებით ჩამოიყვანს თბილისში „უსინდისო პედაგოგებს“ და ალკოჰოლიკებს რაიონებიდან.
ხუმრობის ხასიათზეა „გირჩი“ ჯაფარიძე. ის ელოდება, რომ ხელისუფლება 29 აპრილს 100 ათას კაცს შეაგროვებს, თუმცა, ჯაფარიძის აზრით, მნიშვნელოვანია, ეს 100 ათასი კაცი მეტეხის ხიდისკენ არ წავიდეს, რადგან ქართველებს ეს „ცუდად გვაქვს დაცდილი“.
პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, 29 აპრილს გამოვლენ „ოცნების“ მხარდამჭერები ყველა სფეროდან ანგარების გარეშე. კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის აქციებზე მყოფი ადამიანების ნახევარზე მეტი კეზერაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები არიან.
რა დატვირთვა აქვს 29 აპრილის აქციას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება?
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განმარტებით, პირადად იგი ხელისუფლებას რომ წარმოადგენდეს, 29 აპრილის აქციას ორი ძირითადი მიზნისთვის ჩაატარებდა. ერთი მიზანი იქნებოდა ქვეყნის შიგნით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, ვინაიდან „ოცნების“ მხარდამჭერებს სურვილი აქვთ, დაინახოს მთელმა მსოფლიომ და იმ ადამიანებმა, ვინც დღეს იბრძვის „გამჭვირვალეობის კანონის“ წინააღმდეგ, რომ უმრავლესობას წარმოადგენენ ისინი, ვინც უცხოეთიდან შემოსული თანხების ფინანსური გამჭვირვალობის მომხრეა.
„ბუნებრივია, ხელისუფლებამ ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულოს, რადგან არჩევნები მოდის და ამომრჩევლების ნება ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როცა ამას არ აკეთებს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, მის მიმართ უკმაყოფილება იგრძნობა. რაც შეეხება მეორე მიზეზს, რის გამოც უნდა ჩატარდეს 29 აპრილის აქცია, ის არის, რომ ისინი, ვინც დღეს გარედან მართავენ პროცესებს საქართველოში, კონკრეტულად, იმ დასავლურ ძალებს, ვისაც მიჰყავთ პარადი და უზარმაზარ ფულს ხარჯავენ იმისთვის, რომ მათი აგენტები გაუმჭვირვალენი იყვნენ და მათი დაფინანსებაც არ გამჟღავნდეს, მათაც უნდა დაინახონ, რომ „ოცნების“ მომხრეები იმაზე მეტნი არიან, ვიდრე უცხოური დაფინანსებით მოქმედი აგენტურა და მათგან მოტყუებული საზოგადოება“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას და 29 აპრილის აქციაზე ბიძინა ივანიშვილის მისვლასაც ეხმაურება.
მისი აზრით, აქციაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის უნდა იყოს გათვლილი მათთვის სტიმულის მისაცემად, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხთანაა. ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აინტერესებთ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რთულია იმის თქმა, რა ხდება „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით, ვინაიდან „ქართული ოცნებისთვის“ არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა არც ადრე, პირველ ეტაპზე შემოტანილი კანონპროექტის დროს და, მით უფრო, არც მეორე ეტაპზე შემოტანისას, როცა უკვე ცხადი იყო, რა პროცესები მოჰყვებოდა შედეგად „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“.
„ჩემთვის ძნელია იმის თქმა, რა მიზანს ისახავს ეს პროცესი. ძალიან იაფფასიანად მეჩვენება ლაპარაკი იმაზე, რომ ამ კანონის შემოტანით ჩაფიქრებულია რუსეთისკენ წასვლა, რადგან რუსეთისკენ წასვლა თუ იყო „ქართული ოცნების“ ზოგადი გეგმა, ერთი წლის წინაც წავიდოდა რუსეთისკენ „ქართული ოცნება“ და კონტრაქციას მოაწყობდა ერთი წლით ადრე. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი წლის წინ კონტრაქციის მოწყობის სურვილი არ ჰქონია მმართველ გუნდს, ისე გაიტანა უკან კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, არადა, იმ პერიოდშიც იყო ბრალდება „ქართული ოცნების“ მიმართ, თითქოს „ოცნება“ რუსეთის დაკვეთას ასრულებდა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბრისას.
მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ მაინცდამაინც რუსული კანონის მიღების ამოცანა ნამდვილად არ ჰქონია და იმ პერიოდში კანონპროექტის უკან გატანის მშვიდობიანი ვარიანტი ამჯობინა. ახლაც „ქართული ოცნება“ ყველა საშუალებით იბრძვის ამ კანონპროექტის მისაღებად. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ კანონით გაუმჭვირვალობას ვებრძვითო, მაგრამ რამაზ საყვარელიძის აზრით, ამ სიტუაციაში „ქართული ოცნება“ უფრო ებრძვის იმ ძალებს ევროპასა და ამერიკაში, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი „ოცნების“ მიმართ.
ამდენად, რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ სწორედ იმის ჩვენება უნდა 29 აპრილს „ქართულ ოცნებას“, რომ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა და ოპოზიციის მომხრე დასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა დაინახონ „ქართული ოცნების“ მომხრეთა სოლიდური რაოდენობა. ეს კი ნიშნავს, რომ 29 აპრილის აქცია „ქართულ ოცნებას“ გათვლილი აქვს არა საქართველოს მოსახლეობაზე, არამედ მათზე, ვინც საქართველოს უყურებს სხვა ქვეყნებიდან.
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.
აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში...
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!