„დექსუსი“ - „ცენტრ-პოინტის“ მეხამრიდი

„დექსუსი“ - „ცენტრ-პოინტის“ მეხამრიდი

ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს დამფუძნებელთა ნაწილი მის თავმჯდომარეს, ასევე კომპანიებს „ცენტრ პოინტსა“ და „დექსუსს“ უპირისპირდება და დახმარებას ქალაქის მერიას სთხოვს. დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ამხანაგობის თავმჯდომარის, ზურაბ თაბუკაშვილის მიერ, ამხანაგობის წევრებთან შეუთანხმებლად „თაბუკაშვილი 88“-ს კუთვნილი მიწის ფართის და მასზე არსებული ნაგებობების გასხვისებაა. ფართი დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ, საბურთალოს რაიონში, თბილისის მერიის ახალი შენობის გვერდით მდებარეობს.

 

ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“ 1988 წლის 19 ოქტომბერს დაფუძნდა. მასში ძირითადად ის ადამიანები გაწევრიანდნენ, რომლებიც სააკაძის მოედანზე, მერიის უკან მდებარე თაბუკაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. საბჭოთა პერიოდში აქ ძირითადად კერძო სახლები იყო. ამხანაგობის დაფუძნების  შემდეგ, რომელსაც 110 დამფუძნებელი წევრი ყავდა, იმ ტერიტორიაზე, სადაც კერძო სახლები აიღეს, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გადაწყდა. შეიქმნა და ქალაქის იმჟამინდელი მმართველი ინსტიტუტების მიერ დამტკიცდა შესაბამისი პროექტიც.

 

თუმცა 1990-იანი წლების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფონის გამო მშენებლობის გაგრძელება  ვეღარ მოხერხდა.

 

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როდესაც ქვეყანა სამშენებლო ბუმმა მოიცვა, 2004 წელს მშენებლობა თაბუკაშვილის ქუჩაზეც განახლდა. მას შემდეგ, რაც ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს წევრებმა მათი კუთვნილი  10535 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და რომელზეც მიწის სოლიდური  სამუშაოები იყო შესრულებული სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტს“ გადასცეს. იმ პირობით, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დასრულების შემდეგ  მათი კუთვნილი ფართის შესაბამის ბინას გადასცემდა. პირობის თანახმად  „ცენტრ-პოინტს“  აშენებული ბინები 3 წელიწადში უნდა ჩაებარებინა.

 

იური გორგაძე, ამხანაგობათაბუკაშვილი 88- ერთ-ერთი დამფუძნებელი: „ცენტრ-პოინტს“ 110 ოჯახისათვის უფასოდ  უნდა აეშენებინა ბინები მინიმუმ იმდენი კვადრატული, რამდენი მიწაც გადავეცით. მაგრამ კომპანიამ 2006 წელს გამოგვიცხადა, 7250კვ.მეტრს გვიშენებს და როგორც გინდათ ისე იმყოფინეთო. მიზეზად ის დაგვისახელა, რომ თურმე, ჩვენი ამხანაგობის თავმჯდომარემ „ცენტრს-პოინტს“ 7250კვ.მეტრზე დაუდო ხელშეკრულება“.

 

ბადრი მანჯავიძე, ამხანაგობა თაბუკაშვილი 88- ერთ-ერთი დამფუძნებელი: „ადგილობრივი დამფუძნებელ 110 ოჯახიდან ბინით ამჟამად დაკმაყოფილებულია 5-6 კაცი: თავმჯდომარე, გამგეობის რამდენიმე წევრი - ის ხალხი ვინც  ერთპიროვნულად განკარგავს ამხანაგობის  მთელ ქონებას. ასევე მათი ადვოკატები. ვინაიდან ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ მისაღები ფართები გაგვინახევრდა და ისიც სარდაფებში მოგვცეს… არაფერს არ გვაძლევენ“..

 

თავმჯდომარის, ზურაბ თაბუკაშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც  გამგეობის ისეთივე დამფუძნებელი წევრია, როგორც სხვები. (ამხანაგობის „თაბუკაშვილი 88“-ის სახელთან მისი გვარის დამთხვევა შემთხვევითობაა.) ამხანაგობის შიგნით უთანხმოება მოყვა. 40-მა წევრმა, რომლებიც ადრე თაბუკაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს ამ  ინფორმაციის გახმიანების შემდეგ თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადა და სასამართლოს მიმართა. მაგრამ ვერაფერს გახდნენ. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, „ამის მიზეზი ისაა, რომ  „ცენტრ-პოინტს“ ძლიერი მფარველები ჰყავს“.

 

დაპირისპირება ამხანაგობის თავმჯდომარესა და მის დამფუძნებელ წევრებს შორის ამით არ დასრულებულა. ზურაბ თაბუკაშვილმა წესდების დარღვევის მოტივით, თითქოს ისინი ხელს უშლიდნენ ამხანაგობას მიზნის განხორციელებაში, 2006 წლის 12 აპრილის კრების დადგენილებით, ამხანაგობიდან ყოველგვარი პირობისა და კონპენსაციის გარეშე გარიცხა ის წევრები, ვისი საკუთრებაც იყო მიწა და სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა. მათ შორის ბადრი მანჯავიძეც.

 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სოფიო მაჭავარიანმა გადაწყვეტილება არა დამფუძნებელი წევრების, არამედ მოწვეული თავმჯდომარის სასარგებლოდ გამოიტანა და დამფუძნებლების, მათ შორის ბადრი მანჯავიძის, გარიცხვა ამხანაგობიდან კანონიერად ცნო.

 

იმის მიუხედავად, რომ საქმეში იდო დოკუმენტები, რომელიც ადასტურებდა როგორც ბადრი მანჯავიძის მცდელობას, ხელი შეეწყო მშენებლობის დაუბრკოლებლად და კანონიერად წარმართვისთვის, ასევე საბუთები, რომ ფართის ნაწილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა მანჯავიძის საკუთრება იყო.

 

დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მშენებლობის დაწყების მიზნით თაბუკაშვილის ქუჩაზე 1991 წელს დაანგირეს ბადრი მანჯავიძის კუთვნილი სახლი. რის სანაცვლოდაც მას ასაშენებელ კორპუსში 3 ოთახიანი ბინა და სახელოსნო უნდა მიეღო. მათი აშენებისთვის მანჯავიძემ ამხანაგობის ანგარიშზე 1989-1990 წლებში დამატებით 31 000 საბჭოთა მანეთი შეიტანა.

 

ამას გარდა, ბადრი მანჯავიძე 2000 წლამდე ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში.

 

თუმცა, მოსამართლე სოფო მაჭავარიანმა მიიჩნია, რომ ბადრი მანჯავიძე ხელს უშლიდა და აბრკოლებდა ამხანაგობის მიზნის მიღწევას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში საჩივრებისა და განცხადებების წარდგენით.

 

ბადრი მანჯავიძე: „იმის გამო, რომ ხმა ამოვიღე დარღვევებზე, რომელსაც ამხანაგობის თავმჯდომარე სჩადიოდა, მოხდა უპრეცედენტო რამ - ამხანაგობის გამგეობამ 2006 წელს გამრიცხა ამხანაგობიდან. თანაც ისე, რომ ამის შესახებ არც კი მაცნობა და მოგვიანებით შემთხვევით შევიტყვე. გამგეობის ამ გადაწყვეტილებით ვკარგავდი ჩემს უფლებას უსასყიდლოდ ასაშენებელ ბინასა და  არასაცხოვრებელ ფართზე. ბუნებრივია გამგეობის და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გავასაჩივრე.

 

2011 წლის 13 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ნატალია ნაზღაიძემ, ნათია გუჯაბიძემ და თეა სოხაშვილმა გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გააუქმეს ამხანაგობის გამგეობის 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება გამგეობიდან ჩემი გარიცხვის თაობაზე. ასევე, გაუქმდა მოსამართლე მაჭავარიანის ვერდიქტიც“.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამხანაგობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს მისი სახელით ან მის წინააღმდეგ ისეთი გარიგების დადება, ან სხვა არამართლზომიერი ქმედება, რაც ზიანს აყენებს ამხანაგობას.

 

სააპელაციო სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია ისიც, რომ მანჯავიძის მიერ წარმოებული სასამართლო დავა და მიმართვა ადმინისტრაციული ორგანოებისადმი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ამხანაგობის საზიანო ან არამართლზომიერ ქმედებად.

 

მანჯავიძე ამბობს, რომ ამხანაგობის ინტერესების წინააღმდეგ მისი ახლანდელი თავმჯდომარე მოქმედებს და სწორედ ის დებს არამართლზომიერ გარიგებებს. მანჯავიძის განცხადებით, ასეთი არაერთი ფაქტის მოტანა შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთ ეპიზოდზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომელიც ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ წევრებთან შეუთანხმებლად „თაბუკაშვილი 88“-ის საკუთრებაში მყოფი მიწის ფართობის ნაწილის და მასზე არსებული ნაგებობების ჯერ გამიჯვნას, შემდეგ კი გასხვისებას ეხება.

 

ბადრი მანჯავიძე: „ჩვენს თანასაკუთრებაში არსებული 10535 კვადრატულის მიწისა და მშენებარე კორპუსის ნაწილი 2010 წლის 30 დეკემბერს ჩვენგან ფარულად გამიჯნეს. 24 იანვარს კი, ჩვენგანვე ფარულად მიყიდეს შპს „თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციებს“,  სულ რაღაც ორ მილიონ ლარად. ამ ფასად გაყიდეს 1700კვ.მ მიწა და მასზე უკვე თითქმის აშენებული №1 და №2 ბლოკებით დაახლოებით 700კვ.მ ფართის კარკასული ნაგებობებით. ეს ყველაფერი მოხდა 7-კაციანი გამგეობის გადაწყვეტილებით და ჩვენი თანხმობის გარეშე“.

 

იური გორგაძე: „რაც მთავარია ჩვენი ინფორმაციით, კომპანია „დექსუსმა“,  რომელმაც „ცენტრ-პოინტის“ მართვა შარშან გადაიბარა, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს თავმჯდომარეს, ზურაბ თაბუკაშვილს ეს ქონება ერთ დღეში გადააფორმებინა შპს „თანამედროვე  ფასეულობათა ინვესტიციებზე“. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს კომპანია „ცენტრ-პოინტის“ შვილობილ შპს-ს“.

 

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციების (საიდენტიფიკაციო კოდი 201946056) 100%-იანი წლის მფლობელია შპს ცენტრ პოინტ სიტი/ყოფილი გამომცემლობა ”ნაპირი”, ხოლო მისი ხელმძღვანელია ივანე ცაგურია.

 

საგულისხმოა, რომ ივანე ცაგურია „დექსუსის“ დამფუძნებელთა შორისაა გიორგი ქანანაშვილთან და ირაკლი კილაურიძესთან ერთად. მანამდე ისინი „რედიქსში“, GRDC-სა და „ბანკ რესპუბლიკაში“ მუშაობდნენ.

 

ბადრი მანჯავიძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციებით ინგრევა მითი თითქოს  დექსუსი“ „ცენტრ-პოინტის“ მთელ ქონებას დამოუკიდებლად  განკარგავს.

 

ამხანაგობის გამგეობის ოქმში, რომელიც თავმჯდომარეს უფლებას აძლევს „თაბუკაშვილი 88“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 1700 კვ.მ. მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად ჯერ გამიჯნოს შემდეგ კი, გაასხვისოს”, რატომღაც მითითებულია ის კომპანიაც, რომელზეც უნდა მოხდეს მიწის ფართის და მასზე არსებული ნაგებობების გასხვისება. ესაა შპს „თანამედროვე  ფასეულობათა ინვესტიციები“.

 

2010 წლის 30 დეკემბრის კრებას, რომელზეც ეს  მშენებარე პირველი და მეორე ბლოკის  ფართის გასხვისების გადაწყვეტილება ოქმის თანახმად გამგეობის 8 წევრი ესწრებოდა. გადაწყვეტილებას ხმა მისცა ამხანაგობის იურისტმა თინათინ კობერიძემაც, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით უკვე ფლობს ბინას მშენებარე კორპუსში.

 

ბადრი მანჯავიძე: ”აღსანიშნავია, რომ გამგეობის კრებას არ დასწრებია ამხანაგობა  „თაბუკაშვილი 88“-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ლომსაძე,  რომელიც  11 წელია ამ თანადებობაზე იყო  არჩეული. მას არც კი გაგებინეს ამ კრების შესახებ. არსებობს ინფორმაცია, რომ მას სწორედ ამ გასხვისებულ  პირველ ბლოკში უნდა მიეღო  კუთვნილი ბინა. მას ამიტომაც არ გააგებინეს კრების ამბავი.

 

ამხანაგობის ადგილობრივ მცხოვრებ წევრთა უმრავლესობისთვის გამგეობის   გადაწყვეტილება პირველი და მეორე ბლოკების გასხვისების შესახებ სიურპრიზი აღმოჩნდა.

 

მანჯავიძე და გორგაძე ამ გარიგების კიდევ რამდენიმე საეჭვო დეტალზე მიუთითებენ. საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია, რომ შპს „თანამედროვე  ფასეულობათა ინვესტიციებმა“ „თაბუკაშვილი 88“-სგან შეიძინა 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული №1 და №2 ნაგებობებით (მიწის საკადასტრო კოდი №01.10.13.015.95). თუმცა არ არის მითითებული ამ ნაგებობების ფართი.

 

თუმცა, საჯარო რეესტრშივეა დაცული ინფორმაცია, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს მიერ (მიწის საკადასტრო კოდი № 01.10.13.015.021) მითითებულია, რომ პირველი ბლოკის საერთო ფართობია 8433,2 კვ.მ, ხოლო მეორე ბლოკის საერთო ფართობია 2684,77 კვ.მ.

 

აქვე მითითებულია, რომ იმ 2011 წლის 24 იანვარს შპს „თანამედროვე  ფასეულობათა ინვესტიციებზე“ გაყიდული ფართიდან და ნაგებობებიდან ერთი ნაწილი, კერძოდ პირველი ბლოკი დატვირთულია იპოთეკით „თი-ბი-სი ბანკის“ მარჯანიშვილის ფილიალში.

 

მანჯავიძის და გორგაძის ინფორმაციით, იპოთეკის ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამხანაგობის თავმჯდომარემ ბანკისგან 3 მილიონი დოლარი მიიღო. რა თქმა უნდა - ინვესტორთან  ერთად. ამიტომ, მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ მხოლოდ პირველი კი არა, მასთან ერთად მეორე ბლოკის სულ რაღაც 2 მილიონ ლარად გაყიდვა. თანაც, ამ თანხაში შედის ქონების   გაყიდვის შედეგად წარმოშობილი ყველა საგადასახადო ვალდებულება.

 

საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციით, იპოთეკის ვალდებულება  შპს „თანამედროვე  ფასეულობათა ინვესტიციებზე“ გადავიდა.

 

ბადრი მანჯავიძე: „ჩუმად გაასხვისეს ჩვენი კუთვნილი ფართი, თანაც საბაზრო ფასებზე 3-4ჯერ  იაფად. თანაც ეს ქონება ისევ „ცენტრ-პოინტის“ ხელში აღმოჩნდა. არსებობს რეალური საშიშროება, რომ ჩვენ, სააკაძის მოედანზე მცხოვრებნი, დავრჩეთ უბინაოდ. მივმართეთ განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს  ხელმძღვანელს და ქალაქის მერს, სადაც დაწვრილებითაა ყველაფერი აღწერილი. ველოდებით პასუხს.

 

მერს იმიტომ მივმართეთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მერიის მიმდებარედ და, საერთოდაც, ჩვენ გვინდა, რომ მერიამ  ჩვენი უფლებები დაიცვას.

 

ჩვენი ამხანაგობის თავმჯდომარე „ცენტრ-პოინტის“ უფროსობას შეეკრა და ადგილობრივი მაცხოვრებლების 110 ოჯახი 66-ზე, ჩვენთვის მოსაცემი ფართი კი 11 000 კვადრატული მეტრიდან 7000 კვადრატულ მეტრზე დაიყვანა. სანაცვლოდ, ჩვენი ამხანაგობის თავმჯდომარეს სატივეზე, გუდაურსა და ბათუმში აუშენეს ბინები“.

 

ამხანაგობის ადგილობრივი წევრები ფიქრობენ, რომ იმ ინფორმაციების შემდეგაც კი, რომელზეც სტატიაში ვისაუბრეთ, მათ სამართლის პოვნა ისევ გაუჭირდებათ. ბადრი მანჯავიძის განცხადებით, „თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი ფართის ნაწილის გამიჯვნისა და გასხვისების ისტორია ადასტურებს. რომ „ცენტრ-პოინტის“ მმართველობაში სინამდვილეში ახალი კომპანია სულაც არ მოსულა და „დექსუსი” ”ცენტრ პოინტისთვის” მხოლოდ ახალი მეხამრიდია, რათა გაჭირვებული და მოტყუებული ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუონ და ბინების ჩაბარების ვადები რამდენიმე წლით კიდევ ერთხელ, ამჯერად „დექსუსის“ სახელით გადაავადონ“.

 

პრესაგე.ტვ თვალს მიადევნებს პროცესების განვითარებას და თემას კიდევ  დაუბრუნდება.