საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი უკვე გაჭრილია. ისტორიული პროექტი დასასრულს უახლოვდება. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა სრულად დასრულებულია. პარალელურად, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე 7 730 მ-ზეა გაჭრილი.
გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას.
ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში – ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობას და ერთი ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი ხუთკილომეტრიანი ახალი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის შემდეგ აღნიშნა, რომ პროექტი უმნიშვნელოვანესია საინჟინრო თვალსაზრისით.
„სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული გვირაბის საბურღი დანადგარით კლდოვან ქანებში გამოიჭრა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გრძელი, 9-კილომეტრიანი და 15 მეტრის დიამეტრის სატრანსპორტო გვირაბი. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე 7 730 მ-ზეა გაჭრილი.
ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს – დაუღალავი შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგს. უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს გზა არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი ფიზიკური კავშირი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის. ახალი გზით ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ახალი გზა მნიშვნელოვნად, 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს.
„აღსანიშნავია, რომ გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით TBM-ით გაიჭრა. ასე რომ, დღეს გვირაბის გაჭრასთან ერთად ახალი ტექნოლოგიის წარმატებასაც აღვნიშნავთ. ახალი, 23 კმ-იანი გზა, რომელიც მოიცავს ხუთ გვირაბს მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ პროექტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პირობასთან ერთად, ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების სტანდარტსაც. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დაჭირდება, ანუ 45 წუთით შემცირდება მგზავრობის დრო“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე შეფასებით, პროექტს ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.
„ქვეშეთი-კობის პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ის აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებსა და დაბებს შორის, ამდენად მას ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.
პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა ყოველწლიურად, თვეების განმავლობაში, საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო, თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა უზრუნველყოფს ამ სოფლების კავშირს ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებთან და რეგიონებთან წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
აღსანიშნავია, რომ ახალი გზა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, არამედ სტიმულს მისცემს რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. სწორედ ამიტომ ეს პროექტი ჩვენი ხელისუფლების მიზნის - ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების დასტურია“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და, გვირაბის მშენებლობის ნაწილში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-25 წლებში დასრულდება.