გაიღვიძა თუ არა ევროპამ და ამის დასტურია თუ არა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გადაწყვიტილება თავად ევროპარლამენტში?!
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ კრამონების და კუბილიუსების დრო მთავრდება და რამდენიც არ უნდა გვიქნიონ თითი მკვლელი ნაცების ლობისტებმა ევროპიდან, მათი მარცხი გარდაუვალია.
„თუკი მთელი განვლილი წლები ევროპაც საქართველოს მსგავსად მორჩილად მიჰყვებოდა „უფროსი პარტნიორის“ მითითებებს, დღეს სულ სხვა სიტუაციაა და ამას ვეღარ მალავენ. უკრაინის ომმა ამ ყოფას წერტილი დაუსვა. დღეს ყველაზე მეტად სწორედ ევროკავშირის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, ან უნდა დაიბრუნონ დამოუკიდებლობა და არ შეეწირონ სხვა ქვეყნების ინტერესებს, ან არადა, ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ევროკავშირი დიდხანს ვერ გაუძლებს საკუთარი მოქალაქეების პროტესტს და დაიშლება“, -აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.
მიუხედავად იმისა, რომ გაღვიძებულმა ევროპამ სათავისოდ „გამჭვირვალობის კანონი“ უნდა გამოაცხოს, საქართველოსთვის მსგავსი კანონის მიღებას ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები კვლავაც ბლოკავენ. ვიოლა ფონ კრამონი, რასა იუნკევიჩე, ჟოზეფ ბორელი და სხვები ამ კანონს საქართველოსთვის ვერ „იმეტებენ“.
ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდიც არ იხევს უკან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ ევროპარლამენტარებს „გათავხედებული ოდიოზური პოლიტიკოსები“ უწოდა, რომლებმაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ რუსულად მოიხსენიეს და საქართველოს დებიძინიზაცია უსურვეს. კობახიძემ კონკრეტულად რასა იუნკევიჩე ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილ ტიპაჟად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანები არ უნდა წარმოადგენდნენ დღევანდელ ევროკავშირს და რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება, მით ნაკლებად მოვისმენთ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს.
რით აიხსნება ის ფაქტი, რომ თავად ევროპარლამენტში უფრო ფხიზლად უყურებენ პროცესებს და სათავისოდ ღებულობენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს რუსეთის წინააღმდეგ? მართლაც გამოფხიზლდა თუ არა ევროპა?
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს უჭირს იმის თქმა, ნამდვილად გაიღვიძა თუ არა ევროპამ. მისი აზრით, ოპტიმისტური ფრაზა - „ევროპამ გაიღვიძა“ ბევრი მიზეზით შეიძლება აიხსნას. ეს მიზეზები უკრაინის კონფლიქტის ფონზე გახდა აქტუალური. უკრაინის კონფლიქტს თუ ჩავთვლით ერთ-ერთ ბერკეტად ევროპის გამოღვიძების, მაშინ სავარაუდოა, რომ უკრაინის კონფლიქტის ჩაქრობასთან ერთად ჩაქრება თვითონ ის, რასაც ევროპის გამოღვიძებას უძახიან ამ ფრაზის ავტორები. სიტყვა „გაღვიძება“ უკეთესი იქნებოდა იმ შემთხვევაში, ზოგადად, მიღებული რომ ყოფილიყო ამგვარი გადაწყვეტილება და არ ყოფილიყო მიბმული რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაზე.
„დღევანდელ დღეს რასაც ვუყურებთ, ეს კონკრეტულ სიტუაციაზე მიბმული პროცესია, რომელიც სიტუაციის ჩავლისთანავე შეიძლება დაიკარგოს. ის ფაქტი, რომ უკრაინის ფაქტორით გამოღვიძებული ევროპა კრამონის, რასა იუნკევიჩეს და ბორელის პირით მოგვიწოდებს, ქართველებმა არ მივიღოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ნამდვილად ორმაგი სტანდარტია. მიჭირს იმის ახსნა, რატომ გვიკრძალავენ ჩვენ ამ კანონის მიღებას მაშინ, როცა თავად ღებულობენ. ორმაგი სტანდარტები უცხო არასდროს ყოფილა ევროპისთვის, ორმაგ სტანდარტს აზრი მაშინ აქვს, თუკი მას რაღაც შედეგი მოაქვს. ამ შემთხვევაში, მიჭირს იმის მიხვედრა, რა შედეგი მოაქვს ევროპისთვის „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ აკრძალვას საქართველოსთვის. თუკი ევროპა მიიჩნევს, რომ რუსული საფრთხის წინააღმდეგ მობილიზაცია უნდა მოახდინოს, საქართველოსთვის ამ კანონის აკრძალვის შემდეგ რუსული საფრთხე შეიძლება გაიზარდოს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ აგრესიული ხასიათი რუსეთმა სწორედ საქართველოსთან მიმართებით გამოავლინა და იმ პერიოდში სწორედაც ის იყო სასაყვედურო ევროპასთან, რომ ევროპას რეაქცია არ ჰქონდა 2008 წლის აგრესიაზე. დღეს კი ევროპა აქეთ გვსაყვედურობს, რუსეთისკენ შენ რატომ მიდიხარო მაშინ, როცა, ფაქტობრივად, თვითონ მწვანე შუქი აუნთო რუსეთს საქართველოზე თავდასხმის დროს.
გაიღვიძა თუ არა ევროპამ, ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ, საერთოდ, კანონის უზენაესობა და გამჭვირვალობის პრინციპი ევროპაში სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ადრე დამკვიდრდა. თუკი ადრე ბიუროკრატია, ლობისტური საქმიანობა ხელს უშლიდა ევროპას, ახლა ამ ბოლო წინააღმდეგობასაც ძლევენ ევროპელები.
„სხვათა შორის, ოფშორებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიღებული გადაწყვეტილებით ევროპელებს მეტი გამჭვირვალობის მიღწევა სურთ. ფაქტობრივად, ოფშორებმა დაკარგეს მიმზიდველობა და ეს სწორედ ევროპული დამოკიდებულების, ანუ გამჭვირვალობაზე ორიენტაციის დამსახურებაა. ეს პრინციპი სხვადასხვა ინტენსივობით და მასშტაბურობით მთელ მსოფლიოს გადაეცა და საქართველოც ამ მხრივ ვერ იქნება გამონაკლისი“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ ჩვენთან საუბრისას.
მისივე შეფასებით, აუცილებელია გამჭვირვალე იყოს აბსოლუტურად ყველანაირი ფინანსები-ვერტიკალურადაც და ჰორიზონტალურადაც, ეს ეხება ფინანსურ ნაკადებს, როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნით. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტულნი განსხვავებული აზრის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როგორშიც აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება 1991 წლის შემოდგომიდან მოყოლებული სახელმწიფო გადატრიალების პერიოდში.