სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ანტიკორუფციული კავშირი ახალ პროექტს სთავაზობს მსხვილ სავაჭრო ცენტრებს და იქ მომუშავე მეწარმეებს... ამ თემაზე 'ქრონიკა' საქართველოს ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარეს გიორგი ბურჯანაძეს ესაუბრა:
- 'ქრონიკისთვის' ცნობილი გახდა, რომ თქვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა დაგაფინანსეს. როდის ამოქმედდებით და რას მოიცავს ეს პროექტი?
- ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობით, საქართველოს ანტიკორუფციულმა კავშირმა ახლახან მიიღო შესაძლებლობა, განახორციელოს დიდი და საინტერესო პროექტი სამეწარმეო მიზნით, რაც ითვალისწინებს მეწარმეებისთვის საბუღალტრო მომსახურებას მნიშვნელოვნად მინიმალურ ფასად.
- რამდენია ამ პროექტის ბიუჯეტი და რატომ მაინცდამაინც სამეწარმეო სფერო?
- პროექტი იქნება ერთწლიანი და მოიცავს 200 000 დოლარს. რატომ სამეწარმეო სფერო? მოგახსენებთ, რომ, მაგალითად, 'ლილო მოლში' მომუშავე თითოეული მეწარმე საბუღალტრო მომსახურებისთვის ადმინისტრაციას უხდის მინიმუმ 50 ლარს და მაქსიმუმ 150 ლარს. ლილოს ბაზრობაზე, მუშაობს დაახლოებით 3 000 მეწარმე. წარმოიდგინეთ, 3 000 მეწარმე რომ გადაიხდის ამხელა ფულად მოსაკრებელს, რა თანხებზეა აქ საუბარი... ჩვენმა ანტიკორუფციულმა კავშირმა გადავწყვიტეთ მეწარმისთვის ასეთი დიდი ხარჯისა და ტვირთის მოხსნის მიზნით, შეგვეთავაზებინა შეღავათიანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი მომსახურება.
- რას გულისხმობთ?
- 'ლილო მოლის' ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისთვის მოვამზადეთ წერილი, სადაც შეთავაზებულია იქ მომუშავე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საბუღალტრო მომსახურების სამსახური. კერძოდ, მინიმალური - 10 ლარისა და მაქსიმალური - 20 ლარის ოდენობის პაკეტი, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მეწარმეს სახელმწიფოსთან გაასწოროს ყველა აღებული ვალდებულება მინიმალურ ფასად. სხვათა შორის, მნიშვნელობა არ ექნება მეწარმეს 100 ლარის ოდენობის სასაქონლო ბრუნვა აქვს თუ 40 000 ათასის, ყველასთვის 10-20 ლარით იქნება განსაზღვრული გადასახადი.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი, 'ლილო მოლის' ხელმძღვანელობა იძულებულს ხდის მეწარმეს, მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ შეთავაზებულ ბუღალტერთან დადოს ხელშეკრულება.
- ეგ როგორ?
- ჩვენს ორგანიზაციას, წლებია ესაუბრებიან ლილოში მომუშავე პირები იმ ზეწოლის ფაქტების შესახებ, რომელსაც ლილოს ბაზრობის დირექცია წლების მანძილზე ახორციელებს მათზე. დირექცია მეწარმეებს ესაუბრება პირდაპირ შანტაჟის ენით, რაც ყოვლად მიუღებელია. აი, მაგალითად, მოდის მეწარმე ჩვენთან და გვეუბნება, რომ განათლებით არის ბუღალტერი. მას თავად შეუძლია გაკეთოს საბუღალტრო საქმე, რაც შეღავათი იქნება მისი ოჯახისთვის, მაგრამ ლილოს ბაზრობის წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ მან აუცილებლად უნდა გადაუხადოს 120 ლარი საბუღალტრო მომსახურებაში მათ მიერვე შერჩეულ და მიყვანილ ბუღალტერს. მეწარმის პრინციპული უარის თქმის შემთხვევაში, 120 ლარს არ გადაახდევინებენ, მაგრამ აუცილებლად გადაახდევინებენ 30 ლარს.
- ეს 30 ლარი რის საფასურია?
- აგიხსნით. არის ორი მომენტი. ერთი - იძულებითი ხელშეკრულება ბაზრობის დირექციის ბუღალტერთან, რომელიც მოგემსახურება და იხდი მათ მიერ დაკანონებულ 'სტავკას' და მეორე ვარიანტი - უარს ამბობ, არ მოგემსახურება, ანუ, კითხვისნიშნიანი მომსახურების ფორმა, მაგრამ 30 ლარს მაინც უხდი ხელმძღვანელობას(!).
- მარტივად რომ ვთქვათ, კორუფციის კლასიკური მაგალითია...
- წარმოიდგინეთ, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით, 400 000 ლარზეა ლაპარაკი... სადაზღვევო ბე, ანუ ადგილი, აუდიტი და ბუღალტერია - აი, ის სფეროები, რაშიც ყველა ბაზრობის დირექცია აკეთებს ფულს!
- დაზღვევა ახსენეთ, ესეც იძულებითია?
- 'ლილო მოლის' ხელმძღვანელობა მეწარმეებს აიძულებს, გადაიხადონ ყოველთვიური სადაზღვევო გადასახადი, რომელიც, წესით, ითვალისწინებს მათი ქონების დაზღვევას. მაგრამ, რეალურად არ აზღვევს. მოხდა ფაქტი, დაიწვა ოცამდე მაღაზია და მეწარმეებიც, შესაბამისად დაზარალდნენ. ისინი კეთილსინდისიერი გადამხდელები იყვნენ, მაგრამ სრული კომპენსაცია ლილოს ბაზრობისა და სადაზღვევო ფირმის მიერ დღემდე გადახდილი არ არის(!). სხვათა შორის, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენმა ანტიკორუფციულმა კავშირმა ახსნა-განმარტება მოვთხოვეთ ბაზრობის დირექციას, რაზეც მივიღეთ გასაოცარი პასუხი: ჩვენ რომ მთლიანად გადავუხადოთ დაზარალებულ მეწარმეებს კომპენსაცია, ხვალ და ზეგ დანარჩენი მეწარმეები სულ გადაწვავენ აქაურობასო.
- გიორგი, არის თუ არა დღევანდელ კანონმდებლობაში ჩადებული მეწარმისთვის თავდაცვითი მექანიზმი, როგორ გადაირჩინოს ინდმეწარმემ თავი გაურკვეველი პაკეტებისა და ხელშეკრულებებისგან?
- საქართველოში, მეწარმე, დღევანდელი კანონმდებლობით, აბსოლუტურად დაუცველია. მოგებული მხოლოდ ცალი მხარეა, ანუ ადმინისტრაცია, რომელიც აშკარად ჩაგრავს მეწარმეს და მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვითა და მოგებით არის დაინტერესებული. გარკვეული ზეწოლისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო, მეწარმეები იძულებულები არიან ხელი მოაწერონ იმ ხელშეკრულებებს, რასაც ადმინისტრაცია სთავაზობს და ბოლოს, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მხოლოდ მაშინღა იკითხონ, რაზე აქვთ ხელი მოწერილი... ვერც გაამტყუნებ, მათ ხომ პირდაპირ და ღიად ემუქრებიან: თუ ჩვენთან არ გააფორმებთ ხელშეკრულებას, პრობლემები შეგექმნებათო...
- რასაც თქვენ გვიყვებით, ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, აგინთებენ მწვანეს და მოგცემენ იმის საშუალებას, რომ თვენი საზღვარგარეთელი პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელდება? წინააღმდეგობას ხომ არ ელოდებით ბაზრობების დირექციების მხრიდან?
- რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გვექნება და პრობლემებსაც შეგვიქმნიან. ჩვენ უკვე გათვლილი გვაქვს ყველაფერი. ვიცით, რომ პირველ რიგში, დაცვის მხრიდან გვექნება პრობლემა, მეორე, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ დირექტორი ადგილზე არ აღმოჩნდება და ხელს მის მაგივრად არავინ მოგვიწერს... და ასე შემდეგ. ყველა ბაზრობის ადმინისტრაციას ვთხოვთ, გახსნან კარები თავიანთი ნებით, რათა დავეხმაროთ მეწარმეებს, გადაიხადონ ჩვენი პროექტის საშუალებით სხვადასხვა მომსახურებაში მინიმალური თანხები და ამოისუნთქონ, გაითავისუფლონ თავი კაბალური, იძულებითი წესით, 'შეწერილი' გადასახადებიდან. რაც მაგათ ფული აკეთეს, ღმერთმა შეარგოთ! გვაცალონ კარგი და სამართლიანი საქმის კეთება!
'ქრონიკა' არაერთგზის ეცადა, კომენტარისთვის 'ლილო მოლის' ხელმძღვანელობას დაკავშირებოდა, მაგრამ უშედეგოდ. იმედს ვიტოვებთ, რომ პასუხები მრავალ შეკითხვაზე გაუცემელი არ დარჩება.