მერაბიშვილის

მერაბიშვილის "მარჯვენა ხელი", ამირან მესხელი ლიკვიდირებულია?

"ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 24 ნოემბერს გარდაცვლილი იპოვეს ქალაქ ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე დანელია. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. როგორც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, ამ დროისთვის არ განიხილება მკვლელობის ვერსია და გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ალექსანდრე დანელია 2008 წელს სამეგრელოში, სოფელ ხურჩაში განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ის კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, რომან შამათავას მოადგილედ მუშაობდა. უსაფრთხოების ექსპერტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" უმაღლესი პირებისთვის მოწმეთა "გასაღება" პრობლემას არასდროს წარმოადგენდა, რის გამოც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დანელია თავიდან მოიშორეს", - წერს გაზეთი "ალია"სტატიაში სათაურით მერაბიშვილის "მარჯვენა ხელი", ამირან მესხელი ლიკვიდირებულია?.

"სიკვდილის ესკადრონები", რომელიც ამუშავებული ჰყავდათ "ნაციონალებს", თავიდან იშორებდნენ ყველა იმ მოწმეს, რომელიც ინფორმაციას ფლობდა. ბუნებრივია, ეს საქმე უნდა იქნას გამოძიებული. თუკი "ნაციონალების" "სიკვდილის ესკადრონების" მუშაობას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ დანელია თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ვინაიდან ფლობდა საჭირო ინფორმაციას. საინტერესოა ისიც, თავი მოიკლა თუ უბრალოდ, ასე შეფუთეს საქმე. ვერავის დავადებ ხელს, ხელაღებით და გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, ვიდრე გამოძიება არ დაადგენს, რა მოხდა, თუმცა მიმაჩნია, რომ გამოძიება ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

"მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია და კიდევ უფრო დიდი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამირან მესხელი არის ლიკვიდირებული. მესხელზე არანაირი ინფორმაცია არ სმენია არავის. არავინ იცის, სად ან როგორ არის. სახელდებიან სხვა პიროვნებები, მაგალითად, დათა ახალაია, ადეიშვილი, თოფურიძე, ქარდავა და მათზე პერიოდულად ვრცელდება ინფორმაციები, ამირან მესხელის შესახებ კი ვერსიის დონეზეც არანაირი ინფორმაცია არ არის. ამირან მესხელზე 2012 წლის არჩევნებიდან არავინ საუბრობს. როგორც მე ვიცი, ის ბელორუსში იყო ჩასული, ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი არის ლიკვიდირებული, ვინაიდან მას ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდა. მან იცოდა ისეთი რაღაცები, რომლის გათვალისწინებითაც ცხადი იყო, რომ მას ცოცხალს არავინ დატოვებდა. შესაძლოა, ამირან მესხელი რუსეთის სპეცსამსახურებმა "გააგორეს", რომლებიც კავშირში იყვნენ ვანო მერაბიშვილთან და თვითონ მესხელთან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"მე პირადად შევხვდი მესხელს, როდესაც "მოდულში" მომიყვანეს. მან მომიწყო მაშინ დაკითხვა. იმდენად დებილი იყო ეს ადამიანი და იმდენად გონებაჩლუნგი, რომ კაცმა, ფაქტობრივად, აქეთ მომცა აღიარებითი ჩვენება. მესხელმა თავისი პირით აღიარა, რომ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა კავშირი ბელორუსის სპეცსამსახურებთან და ასევე, რუსეთის სპეცსამსახურებთან. თავისი პირით აღიარა ეს ყველაფერი. საუბარი იყო ჩემს ორ მოხსენებაზე, რომლიდანაც ერთში პირდაპირ მეწერა, რომ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან ბელორუს შეიმანის მეშვეობით. შეიმანის მეშვეობით ვანო მერაბიშვილი გადიოდა კრემლის უმაღლეს პირებთან. იმ დაკითხვის დროს მესხელს ვკითხე, ამ მოხსენებაში რამე არასწორად წერია-მეთქი? და იცით, იმ დებილმა რა მიპასუხა? ყველაფერი სწორად რომ წერია, მაგიტომ ხარ ახლა ჩვენთან და მითხარი წყარო, ვინც ეს ინფორმაციები მოგაწოდაო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ, საქართველოში ზუსტად როდის შეიქმნა "სიკვდილის ესკადრონები". სხვათა შორის, "სიკვდილის ესკადრონების" უკან იდგა ამირან მესხელი. ამირან მესხელი ახორციელებდა "სიკვდილის ესკადრონების" ჯგუფის შექმნას. ამ საკითხზე დოკუმენტები არსებობს და არ გეგონოთ, მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას გაწვდით. ეს ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ სააკაშვილის დროს, მაგრამ ახლა ერთ საინტერესო ფაქტს მიაქციეთ ყურადღება. ეს "სიკვდილის ესკადრონები" ახლა გადასულები არიან იატაკქვეშეთში. ერთ ექსკლუზიურ ინფორმაციასაც გეტყვით. დანამდვილებით ვიცი, რომ იარაღის სამალავები, რომელიც თბილისში, თელავსა და ზუგდიდში იქნა აღმოჩენილი, სწორედ "სიკვდილის ესკადრონების" ასამოქმედებლად იყო განკუთვნილი, იმ დროისთვის, როცა ძალაუფლება აღარ ექნებოდათ. "სიკვდილის ესკადრონებს" ახლა ჰყავთ არასახელისუფლებო ბოსები დიდი ფინანსური რესურსით და მათ მითითებებს ასრულებენ", - დასძენს ვახტანგ მაისაია.