კობა სუბელიანს მორიგი გარღვევა ამოუტივტივეს. ამჯერად საუბარია 30 მილიონ ლარზე. თუმცა, მინისტრის ბედი უკვე გადაწვეტილია და მას გელა ბეჟუაშვილის კვალს გაუყენებენ, ოღონდ ცოტა სხვა მიმართულებით.
“ქართული დასი” ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 30 მილიონის ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, აღნიშნულ უწყებაში მთელი რიგი ფინასური დარღვევები გამოავლინეს.
კერძოდ, “ქართული დასის” ინფორმაციით, ამ დრომდე კომპენსაციის მიღებას 1 500 დევნილი კვლავ ელოდება, რომელთათვისაც გადასაცემი თანხის ოდენობა 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ასევე, დევნილთა დახმარების ფონდიდან სუბიექტური შერჩევით, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების გარეშე დაკმაყოფილებულია მხოლოდ 42.8%, რომლის ჯამური თანხაც 799 425 ლარია, საშუალოდ კაცზე 350 ლარი, აქედან კი საბანკო და საფოსტო მომსახურების ხარჯები 237 300 ლარს შეადგენს.
პარტიის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ დევნილებისთვის საწვავი შეშით უზრუნველსაყოფად 2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაწეული 520 300 ლარის ხარჯვის დოკუმენტებში არ ფიქსირდება დევნილებისთვის გადაცემული საწვავი შეშის ოდენობა და ღირებულება. არასრულყოფილი ინვეტარიზაციის გამო კი, სამინისტროს სისტემაში არის აღურიცხავი და გაუშიფრავი ვალდებულებები და სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას 4 მილიონამდე ლარის კრედიტორული დავალიანების შესახებ.
ამას გარდა, ბაღათურიას პარტიის ინფორმაციით, სამინისტროს ბალანსზე 27 ავტომობილი ირიციხება, საიდანაც ცენტრალურ აპარატზე 21 ავტომობილი მოდის. სამინისტროს ტრანსპორტირების ხარჯმა კი, 541 500 ლარი შეადგინა, ხოლო აპარატისთვის გამოყოფილ ტრანსპორტის შენახვას 369 300 ლარი მოხმარდა, აქედან 259 700 საწვავ-საპოხ მასალებს და რემონტს, სხვა ხარჯებს კი - 109 600 ლარი.
დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციული და სხვა სამუშაობის შესყიდვებზე დახარჯულია 1 197 300 ლარი, თუმცა, ჩატარებულ სამუშაოებზე, ბაღათურიას ინფორმაციით, არ არსებობს ხარისხისა და კონტროლის მიღება-ჩაბარების აქტი, რის შედეგადაც დარღვეულია “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი.
“ქართულ დასში” ხაზგასმით აცხადებენ, რომ 30 მილიონამდე ლარი სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ ან არამიზნობრივად არის დახარჯული, ან სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ არის მიტაცებული.
ამ დარღვევების გამო, ჯონდი ბაღათურია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს ანტიკრიზისულ საბჭოზე იბარებს და მისგან ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვს. იმ შემთხვევაში კი, თუ სუბელიანი ანტიკრიზისულ საბჭოზე არ მივა, “ქართული დასი” მის ხელთ არსებული მასალების გენერალური პროკურატურისტვის გადაცემას აპირებს.
თუმცა, როგორც ჩანს, სუბელიანის ქმედებები უკვე მმართველ პარტიასაც ყელში ამოუვიდა. მით უმეტეს, რომ დევნილთა მინისტრმა შავი საქმე უკვე შეუსრულა და თბილისიდან დევნილები განდევნა და მისი ჩანაცვლების დროც დადგა. გელა ბეჟუაშვილის შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, შესაძლოა, კობა სუბელიანიც გაუშვან. თუმცა, სუბელიანი ბეჟუაშვილის მსგავსად კვალიფიკაციას არა ამერიკაში, არამედ - თურქეთში აიმაღლებს. მის შემცვლელად კი კოდორის ხეობაში დისლოცირებული შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი, სოსო ქარჩაიძე მოიაზრება.
კობა სუბელიანის გადაყენებასთან და მის სასწავლებლად გაშვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. პრემიერის აპარატში კი ამ თემაზე საუბარი არ სურთ.
პრესის მტკიცებით, სუბელიანის თანამდებობიდან გათავისუფლება უკვე გადაწყვეტილია და ეს მას შემდეგ გახმაურდება, რაც პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე სიტყვით წარსდგება. საკანონმდებლო ორგანოში სააკაშვილის მისვლა კი მომავალ კვირასა არის დაგეგმილი.
“უკვე ერთი თვეა სუბელიანის გადაყენებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კულუარული საუბრები. უფრო მეტიც, ამბობდნენ, რომ მას ახალ წლამდე მოხსნიდნენ თანამდებობიდან, თუმცა ის დღემდე საკუთარ პოსტზე რჩება.
რაც შეეხება სოსო ქარჩაიძეს, სულ არ გამიკვირდება, რომ სუბელიანის ადგილას სწორედ ის ვიხილო. ქარჩაიძე არის ის პიროვნება, რომელმაც კოდორის ხეობა ტყვიის გასროლის გარეშე დატოვა თავის დანაყოფთან ერთად. ქარჩაიძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ზემო აფხაზეთში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური იყო.
“ისეთი ადამიანი კი, რომელიც მერაბიშვილის თუ სააკაშვილის ბრძანებებს უსიტყვოდ ემორჩილება და ლოიალურია ამ მთავრობისადმი, გამორიცხული არ არის, რომ მინისტრადაც ვიხილოთ. თანაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ხომ ბოლო პერიოდში სადამსჯელო ღონისძიებების გამტარებელ უწყებად იქცა, ის თავისუფლად შეიძლება შსს-ს განშტოებად ჩაითვალოს”, - აცხადებს დეპუტატი გია ცაგარეშვილი.