საქართველო ათწლეულის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით მსოფლის საუკეთესო სამეულშია

საქართველო ათწლეულის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით მსოფლის საუკეთესო სამეულშია

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა (2029 წლის ჩათვლით). საქართველო დეკადური, ანუ ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში.

მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით 2023 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელმა ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებლის 41 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2029 წლისთვის 51 პროცენტს გადააჭარბებს. შედარებისთვის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის - ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 2029 წელს 42 პროცენტი, ხოლო მოლდოვის - 39 პროცენტი იქნება.

ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა - 5,7 პროცენტს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,2 პროცენტს მიაღწევს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეეხება მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის 5 კანდიდატ ქვეყანას და შედარებით მაღალ მაჩვენებელს შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს.

„სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური პროგნოზი ცალსახად მეტყველებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულობაზე. ამასთან, ჩვენი პროგნოზი კიდევ უფრო მეტად ოპტიმისტურია და ვფიქრობთ, რომ სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზს წლის განმავლობაში, ზრდის მიმართულებით კიდევ გადახედავენ“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

აღმოჩნდა, საქართველო ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. სავალუტო ფონდის პროგნოზს აფასებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუაც.

„ეს ძალიან კარგი შედეგია და ადასტურებს იმას, რომ უსაფუძვლო იყო ნარატივი იმის შესახებ, თითქოს, მიმდინარე წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროს ეკონომიკური ვარდნის კომპენსირება იყო და ამ ეფექტით იყო გამოწვეული. აღმოჩნდა, რომ საქართველო ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 2019 წელთან შედარებით“, - განაცხადა დუნდუამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიტიური პროგნოზი რამდენიმე ასპექტით იმსახურებს ყურადღებას, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მზარდ პოტენციალს. ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, საქართველოს წინსვლისთვის საკმაოდ სოლიდური ფაქტორები არსებობს, ახლა მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობიანი გარემო.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო შეფასებით, საქართველო დეკადური (ათწლიანი) ეკონომიკური ზრდის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა. კერძოდ, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით: ა) მშპ-ის რეალური ზრდის ტემპით 2-3-ე ადგილი გაიყო ინდოეთთან (საშუალო წლიური ზრდა = +5.3%); ბ) მიმდინარე ფასებში მშპ-ის ზრდის ტემპით, ვალუტის მყიდველობითი უნარიანობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2029 წელს გადააჭარბებს 35.6 ათას დოლარს, ნაცვლად ამჟამინდელი 23.2 ათასი აშშ დოლარისა; გ) უცვლელ (მუდმივ) ფასებში მშპ-ის ზრდის ტემპით. - აღნიშნული მაჩვენებელი გაიზრდება14.0 ათას დოლარამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 8.2 ათასი აშშ დოლარისა. უკვე ათწლეულის ბოლოს (2030 წელს) საქართველო მყარად დაიმკვიდრებს ადგილს მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის. აღნიშნული პარამეტრები, გარდა იმისა, რომ საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციის მატარებელი არიან, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე მაკროეკონომიკური და მონეტარული ასპექტით. კერძოდ: ჯერ ერთი, ამგვარი გრძელვადიანი და მით უფრო, პოზიტიური პროგნოზი, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია, ჯერ არ გაუკეთებია. ამით ეს ორგანიზაცია ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს;

მეორე - საქართველოს მოხვედრა ეკონომიკური ზრდით ლიდერ სახელმწიფოებში მით უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის კოვიდპანდემიით გამოწვეული ვარდნა ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს 1.5-ჯერ აღემატებოდა. რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით მოხერხდა ვარდნის არა თუ შეჩერება, არამედ დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა და ამჟამად საქართველოს სამამულო პროდუქტი (მშპ) პანდემიანდელს თითქმის 1.3-ჯერ აღემატება. ეს კი განსაკუთრებით დასაფასებელია მაღალი საერთაშორისო რისკების, გამოწვევებისა და კონიუნქტურის ხშირი და უსისტემო ცვლილების პირობებში;

მესამე - სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებლები გულისხმობენ საქართველოში დაბალ ინფლაციას და მეტ-ნაკლებად სტაბილურ გაცვლით კურსს, რაც პოზიტიური ნიშანია უცხოელი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებისა და ინვესტორებისათვის ჩვენს ქვეყანასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად. ეს კი უკვე თავისთავად მნიშვნელოვანი მულტიპლიკაციური ეფექტის მატარებელია ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის საგრძნობი ამაღლებისთვის. სავალუტო ფონდიდან წამოსული ინფორმაცია ადასტურებს, რომ საქართველოს წინსვლისთვის საკმაოდ სოლიდური და მზარდი კუმულატიური მუხტის მატარებელი ფაქტორები არსებობენ. ახლა მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობიანი გარემო და სამოქალაქო კონსენსუსი მისი უალტერნატივობის შესახებ“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ლაზი ამდენ ხანს იტანჯა ფაშინიანმა, იქ დამსმელების დავალება რომ გაემჟღავნებინა. ეტყობა ცაიტნოტშია, თორემ არც ახლა არის მაინცდამაინც შესაფერი პირობები. საინტერესოა, საქართველოს იმედზე მიდის ყველა მეზობლის წინააღმდეგ? სიფრთხილეა საჭირო, ჩვენც არ გაგვხვიოს შარში. მაგათ, აფხაზეთში რაც გაგვიკეთეს იმისათვის ბოდიში მოიხადეს?
6 თვის უკან