სამების მიწისქვეშა კომპლექსი წყლით ივსება

სამების მიწისქვეშა კომპლექსი წყლით ივსება

სანდო წყაროს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მიწისქვეშა კომპლექსში არსებული ტაძრების აღსადგენად სამშენებლო სამუშაოები  დაიწყო. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, წმინდა სამების საკათედრო ტაძარს ვესტუმრეთ. მართლაც, ტაძრის ეზოში სამშენებლო სამუშაოები დაჩქარებულ ტემპებში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, მუშებს რამდენიმე კარავი გაშლილი აქვთ სამების ეზოში და ქვაფენილის დემონტაჟს ახორციელებენ. ტაძრის მთავარ შესასვლელთან ქვაფენილები, თითქმის, უკვე აყრილია.

 

როგორც მშენებლობის ხელმძღვანელთან, თემურ გეჯაძესთან  საუბრისას შევიტყვეთ, უკვე რამდენიმე წელია, ტაძრის მიწისქვეშა ნაწილში წყალი ჩადის და სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი, მთლიანად ტაძრის მიწისქვეშა ნაწილის რეაბილიტაცია.

 

მიწისქვეშა კომპლექსის კედლები დაბზარულია, ჭერი - ალაგ-ალაგ ჩამონგრეული, დარბაზებში კი წყალი გუბდება. ქვაფენილის აყრის პარალელურად, მიწისქვეშა ტაძრის აღდგენითი სამუშაოებიც უკვე დაწყებულია, აქ, თითქმის ყველა დარბაზში, უზარმაზარ ხარაჩოებს წააწყდებით.

 

როგორც მოგეხსენებათ, სამების საკათედრო ტაძარი ძირითადად ორი - მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისგან შედგება. კომპლექსის მიწისქვეშა ნაწილში ოთხი ტაძარი ფუნქციონირებს: წმიდა ნიკოლოზის, ყოველთა წმიდათა, თორმეტი მოციქულის და წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი.

 

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც აუცილებელი  გახდა ტაძრის კურთხევიდან 6 წელიწადში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და ამჯერად რომელი ფირმა აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს. 

 

როგორც კათედრალის ეზოში მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელმა, თემურ გეჯაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოდ, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისას გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული. სწორედ ამ შეცდომებმა გამოიწვია ტაძრის დაზიანება და დღეისათვის აბსოლუტურად ხელახალ მშენებლობას საჭიროებს მიწისქვეშა ტაძრები.

 

თემურ გეჯაძე: როგორც ჩანს, თავის დროზე სამების საკათედრო ტაძრის ამ კონკრეტული ნაწილის შეკეთებისას გარკვეული შეცდომები დაუშვეს. შეცდომების შესახებ, ალბათ, იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ, ვინც თავის დროზე აწარმოა ტაძრის მშენებლობა. ფაქტია, რომ დაზიანდა მიწისქვეშა დარბაზის კედლები და ამჟამად მიწისქვეშა კომპლექსი სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ამჯერად, მშენებლობის დაწყებამდე ყველა ნიუანსი დეტალურად შევისწავლეთ და მხოლოდ შემდეგ დავიწყეთ ფილების დემონტაჟი. სამუშაოებს ახორციელებს ქართულ-გერმანული სამშენებლო კომპანია köln lls. მშენებლობის დასრულების შემდეგ, იგივე პრობლემები აღარ განმეორდება. ფინანსების შესახებ ვერაფერს გეტყვით. მე, პირადად, “სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდთან” ვთანამშრომლობ. იმ ადამიანების შესახებ, ვინც ადრე დააპროექტა კათედრალის მშენებლობა, არაფერი ვიცი. ზოგჯერ, სამების მთავარი არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი აკვირდება მიმდინარე სამუშაოებს”.

 

ჩვენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მთავარ არქტიტექტორს, არჩილ  მინდიაშვილს დავუკავშირდით, რათა უშუალოდ მისგან გაეგო, რა შეცდომებია დაშვებული ტაძრის მშენებლობისას.

 

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მიწისქვეშა კომპლექსის დაზიანება? რატომ არ ჩატარდა თავდაპირველად სამშენებლო სამუშაოები ხარისხიანად?

- ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ნამდვილად არ მაქვს. ვარაუდის დონეზე თუ დავიწყებთ საუბარს, ალბათ, მიწისქვეშა დარბაზებში წყლის ჩასვლის მიზეზი უხარისხო სამშენებლო მასალები გახდა, რომელიც საიზოლაციოდ გამოიყენებოდა. ასევე, შეიძლება, მშენებლობის სისწრაფემაც გარკვეული როლი ითამაშა.

 

სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლს არავინ ამოწმებდა? ვინ იყო პასუხისმგებელი საიზოლაციო სამუშაოებისთის მასალების მოწოდებაზე?

- სამუშაოებს მაშინ რამდენიმე კომპანია ერთდროულად აწარმოებდა. ზუსტად არ მახსოვს, რომელ მათგანს ევალებოდა კონკრეტულად ამ სამუშაოებისთვის მასალების მოწოდება. მასალები მე ნამდვილად არ შემომქონდა, ამ საკითხს სხვები კურირებდნენ. როცა მასალებს ვამოწმებდი, სერთიფიკატები ყველა მათგანს მოყვებოდა. ერთი შეხედვით, ვერ მიხვდები, რამდენად გამოსადეგია მასალა მშნებელობისთვის. თანაც, ვიმეორებ, არ არის გამორიცხული, ამ ყველაფრის მიზეზი მშენებლობის სწრაფი ტემპით შესრულებაც გახდა.

 

მოგეხსენებათ, ჩვენ საკმაოდ დიდხანს გვქონდა მშენებლობა გაჩერებული უსახსრობის გამო. თითქმის 5 წელი, ვერ ვაგრძელდებდით დაწყებულ საქმეს. შემდეგ “ქართუ ჯგუფმა” სპონსორობა გაგვიწია და როგორც კი საკმარისი თანხები გამოჩნდა, მშენებლობის დასრულება დავაჩქარეთ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ მუშაობის ხარისხზე ამან იმოქმედა. ამაზე საუბარს, ალბათ, დღეს აზრი არ აქვს. ფაქტია, ყველაფერი იცვლება, კეთდება სრული რეაბილიტაცია. იმ კომპანიამ, ვინც ახლა სამუშაოებს აწარმოებს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დაზიანებული ნაწილების შეკეთებას, ჯობია, გამოიცვალოს ყველა დეტალი და მთლიანად აღდგეს. ამჯერად, იმედი მაქვს, რომ ყველა სამუშაო ხარისხიანად ჩატარდება. მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაიღონ თანხები ტაძრის აღსადგენად.

 

თქვენ თუ ხართ ჩართული სარეაბილიტაციო სამუშაოებში?

- სამების საკათედრი ტაძარი ჩემი პირმშოა, ამიტომ მხოლოდ შორიდან ვაკვირდები, როგორ მიმდინარეობს მშენებლობა. დეტალებში ჩართული არ ვარ, არც არავის უთხოვია ჩემთვის დახმარება.

 

ირაკლი ანდრიაძის განცხადებით, რომელიც “წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამშენებლო ფონდის” და საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ამ ეტაპისათვის ყველა იმ ადამიანის შეკრება ხდება, ვინც ადრე ჩართული იყო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში.

 

ირაკლი ანდრიაძე, 1995-2004 წლებში “წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამშენებლო ფონდის” ხელმძღვანელი: უახლოეს მომავალში, ტაძრის მშენებლობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი შევიკრიბებით და დეტალურად ვისაუბრებთ ყველა შეცდომაზე, რაც მშენებლობისას დაუშვეს - სამმართველოს უფროსი, მთავარი ინჟინერი და ა.შ. მანამდე კი, თქვენი გაზეთის მეშვეობით, მხოლოდ იმას ვეტყვი საზოგადოებას, რომ ჩვენი შეცდომა ნაკლებად არის ის, რა შედეგიც მივიღეთ მიწისქვეშა კომპლექსში. თავდაპირველად, სულ სხვა გეგმა გვქონდა ტაძრის ამ ნაწილთან დაკავშირებით, მაგრამ იქ ისეთი რამ მოხდა, რაზეც, ჯერჯერობით, არ ვისაუბრებ.

 

მცირე ინფორმაცია მაინც თუ შეგიძლიათ ამ ეტაპისთვის გაამხილოთ, ვინ შეცვალა ტაძრის მშენებლობის მთავარი გეგმა და რა იყო გეგმის შეცვლის მიზეზი?

- ტაძრის მშენებლობისას, გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ჩვენი გეგმა არ მოიწონა. ამ საქმეში სულ სხვა ამბებია, რისი გახმაურებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. თუ რა მოხდა მაშინ, დეტალურად ამას ჩემგან საზოგადოება, უახლოეს მომავალში შეიტყობს. 

 

ამჟამად თუ ხართ ჩართული სარეაბილიტაციო სამუშაოებში ან თუ გთხოვათ ვინმემ დაშვებული შეცდომების გამოსწორება

- ჩემი ინფორმაციით, ძველი ჯგუფის არცერთი წარმომადგენელი არ არის ამ მშენებლობაში ჩართული. ვერც იმ კომპანიის შესახებ გავარკვიე, ვინ აწარმოებს ამჟამად სამუშაოებს. ჩვენ ეს ტაძარი 2004 წელს ჩავაბარეთ. მას შემდეგ არცერთ სამუშაო პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია.

 

როგორც აღმოჩნდა, არც საპატრიარქო და არც ხუროთმოძღვრების ცენტრი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით.