გასაყიდი მანქანების ღირებულება საგრძნობლად შემცირდა. იმპორტიორების ნაწილი პრობლემების წინაშეა, ნაწილი კი ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ქვეყნის შიდა ბაზარზე, სავარაუდოდ, სიტუაცია არ შეიცვლება, მაგრამ შესაძლოა გამოცოცხლდეს რეექსპორტი, რაც ვითარებას დააბალანსებს.
მეორადი ავტომობილების იმპორტიორები ამბობენ, რომ გასულ წელს დიდი რაოდენობით შესყიდული ავტომობილების გაყიდვა ბოლო რამდენიმე თვეა გართულდა. ჭარბ მიწოდებას მოთხოვნა ვერ ეწევა, რის გამოც კომპანიებს სარეალიზაციო ფასის შემცირება უწევთ.
„კავკასუს ავტოიმპორტის“ კომერციული დირექტორი ალექსანდრე ვეკუა ამბობს, რომ ამ მიზეზით ქვეყანაში ავტომობილების იმპორტის ტემპი შენელდა, ხოლო ფასების კლება გასულ წელთან შედარებით 15-20%-ია.
„იმპორტი შემცირებულია, რეექსპორტს რაც შეეხება, 2%-იანი ზრდაა. შარშან ამ დროს იყო საავტომობილო დეფიციტი, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა, ამან კი ბიძგი მისცა ავტოიმპორტიორებს, რომ უფრო მეტი ავტომობილის იმპორტი განეხორციელებინათ. თუმცა თვითონ რეექსპორტის ტენდენცია დიდად არ გაზრდილა, შესაბამისად, მივიღეთ ჭარბი მიწოდება, რამაც გამოიწვია ავტობაზრობების გადავსება და ფასების კლება. ავტო ბაზრობებზე დღეს ფასი 15-20%-ით არის დაკლებული და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი გამოწვევაა“, - განაცხადა ვეკუამ.
მიუხედავად ავტობიზნესში არსებული შედარებით რთული ვითარებისა, ზოგიერთი გამოცდილი დილერი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.
ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვილი დარწმუნებულია, რომ მანქანის ფასი ზაფხულიდან გაიზრდება.
მიმდინარე თვეები მეტად არასტაბილურია როგორც ფასების, ისე მომხმარებლის კუთხით, მაგრამ ზაფხულის დადგომასთან ერთად, სიტუაცია გაუმჯობესდება და ფასი სტაბილურად მოიმატებს.
„ახლა საკმაოდ არასტაბილური მდგომარეობაა, ბაზარიც არასტაბილური იყო იანვარ-თებერვალში და ეს თითქმის ყოველთვის ასეა. ამინდის გამოსვლასთან ერთად უკვე ველოდებით მოთხოვნის გაზრდას, რასაც ავტომატურად მოჰყვება ფასის მატება ავტომობილებზე. ეს იმით აიხსნება, რომ ყაზახეთსა და ყირგიზეთში, უფრო მეტად გაზაფხულ-ზაფხულზე გაჰყავთ მანქანები, რადგან იქ საკმაოდ მკაცრი ჰავაა და მარტი-აპრილშიც კი შეიძლება თოვლი იყოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზაფხულზე იქმნება მანქანების ე.წ. დეფიციტი, მოთხოვნა კი კვლავ დიდია, რაც ასევე იწვევს ფასის ზრდას“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის წარმომადგენელმა.
ჯერჯერობით კი ვითარება არასახარბიელოა, შესაბამისად, ავტოიმპორტიორები ვერ აუდიან მიმდინარე ხარჯების დაფარვას. სწორედ ამიტომ ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა „ბიაისითიმ“ ტარიფები შეამცირა და ამით გარკვეულწილად შეღავათი გაუწია ბიზნესპარტნიორებს.
საკონტეინერო ტერმინალის გადაწყვეტილებით, კონტეინერის დაცლის ტარიფი თითოეულ მანქანაზე - 60 დოლარიდან 40 დოლარამდე, ხოლო მანქანის პარკირების ტარიფი 30 დოლარიდან 10 დოლარამდე შემცირდა.
„მეორადი ავტომობილების ბიზნესის წინაშე მდგარი ამჟამინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის 15 აპრილიდან გამოვაცხადეთ ჩვენი მომსახურების ტარიფების შემცირება ავტომანქანების სტრიპინგზე და შენახვაზე. კერძოდ: კონტეინერის დაცლის ტარიფი შემცირდა 40 დოლარამდე თითოეულ მანქანაზე (ადრე გამოცხადებული 60 დოლარიის ნაცვლად), რომელიც მოიცავს სრულ მომსახურებას, როგორც მანქანის მიწოდებას ასევე ევაკუატორზე დატვირთვას. მანქანის პარკირების ტარიფი შემცირდა 10 დოლარამდე თითოეულ მანქანაზე დღეში (ადრე გამოცხადებული 30 დოლარის ნაცვლად) პარკირების მე-4 დღიდან (გახსნის დღე და მომდევნო ორი დღე უფასო პარკირება) მომხმარებლის მიერ მანქანის გაყვანამდე“, - აღნიშნულია „ბიაისითის“ განცხადებაში.
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება შეამსუბუქებს ბიზნესების საოპერაციო ხარჯებს.
„საქსტატის“ მონაცემებით 2024 წლის იანვარ-თებერვალში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 258.1 მლნ აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 36%-იანი კლება იყო. რაც შეეხება რეექსპორტს, ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტის სახით 262.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით მსუბუქი ავტომობილები გავიდა, რაც თითქმის 11%-იანი ზრდაა. განახლებული ინფორმაცია სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებით „საქსტატმა“ 2024 წლის 19 აპრილს უნდა გამოაქვეყნოს.