"გული მტკივა, რომ ეს ულევი სითბო, სიხარული, ბედნიერება დარდმა და ჯავრმა ჩაანაცვლა! რატომ? რისთვის?"
"იმედია, უფალი ფეხმძიმე ანას არ გაწირავს და ამ ტკივილს მას ის პატარა მოუშუშებს, რომელსაც იმედით და რწმენით შენატრიან!"
წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხებოდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატია ათასობით ადამიანმა წაიკითხა და "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე უმრავლესობამ ბრალდებული კახა გულორდავა გაამართლა.
შეგახსენებთ, კახა გულორდავამ ფეხმძიმე მეუღლის გაუპატიურების მცდელობისთვის თავის მეჯვარეს, პოლიციელ გოგა ანჩაბაძეს ყური მოაჭრა, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, ფეხები დაუჩეჩქვა და სასტიკად სცემა. ამის შემდეგ პოლიციელი თავის მანქანაში ჩასვა და დედიშობილა იმ ადგილას გადმოაგდო მანქანიდან, სადაც ანჩაბაძემ მისი ცოლის გაუპატიურება სცადა. შემდეგ გულორდავა პოლიციაში გამოცხადდა.
მკითხველის თხოვნით, ჩვენ შევეცადეთ იმ თვითმხილველებთან გასაუბრებას, რომლებიც ამ ფაქტს შეესწრენ. ფაქტის თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცის განწირულ ხმაზე გაცვივდნენ ქუჩაში, დასახიჩრებული შველას ითხოვდა.
მირანდა ნოდია, თვითმხილველი: "დღის 12 საათი იყო, კორპუსის ეზოში ვიყავით, როცა კაცის განწირული ხმა მოგვესმა, შველას ითხოვდა. საშინელი სურათი დაგვხვდა: დედიშობილა მამაკაცი დასისხლიანებული ეგდო და ყვიროდა, მიშველეთ, ტაქსი გამოიძახეთო. ხალხმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამ ადგილას გოგონას გაუპატიურების მცდელობის ფაქტს შეესწრო, მაშინვე ამოიცნო ის კაცი, - ეგ არის, ის უნამუსოო. თავიდან ახლოს არავინ გაეკარა, ღირსიაო. ყური მოჭრილი ჰქონდა და სისხლი სდიოდა, ისედაც სულ სისხლში იყო მოსვრილი. ჩვენმა მეზობელმა მეორე სართულიდან ლაბადა გადმოაგდო და ბიჭებმა მიაფარეს. იქვე ეყარა მისი ტანსაცმელი. ბოლოს, მაინც გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
იმ დღეს, ჩვენმა მეზობლებმა ამ მხეცს გოგო რომ გამოჰგლიჯეს ხელიდან, მე შინ არ ვიყავი. იმ ადგილას, სადაც გოგო შეიყვანა, მეზობლებმა დაინახეს, როგორ გიჟივით შევარდა მანქანა... ყვირილზე ჩვენი მეზობელი ქალი გამოვარდა და იქით გაიქცა, დაინახა, როგორ ძალადობდა და სცემდა ის კაცი გოგონას. ამასობაში სხვებიც მიცვენილან და ხელიდან გამოუგლეჯიათ საწყალი. თურმე ის კაცი მაინც თავხედობდა, უშვერად იგინებოდა და გოგოს წართმევას ცდილობდა..."
კახა გულორდავა ზუგდიდის სასამართლომ გაათავისუფლა და გირაოდ 2.000-ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა ამით არ დასრულებულა საქმე. მას ადამიანის სხეულის განზრახ დაზიანება ედება ბრალად. მისი ადვოკატი ჯიტა გულუა კი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. აცხადებს, რომ გულორდავამ დანაშაული აფექტში ჩაიდინა, ის ოჯახის ღირსებას იცავდა.
მართალია, გოგა ანჩაბაძე დაზარალებულად ცნო პროკურატურამ, მაგრამ საქმე მასზეც აღიძრა გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით. ჩვენი ინფორმაციით, ანჩაბაძე უკვე დააკავეს.
დაშავებული პოლიციელის ოჯახის წევრები თავს არიდებენ ჟურნალისტებთან საუბარს. როგორც შევიტყვეთ, ანჩაბაძეს ადვოკატი უკვე აუყვანეს. ალბათ, საქმის დეტალების გაცნობის შემდეგ მისი ადვოკატი მომხდარზე კომენტარს გააკეთებს...
კახა გულორდავა და გოგა ანჩაბაძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ანჩაბაძის მამიდა კახა გულორდავას კარის მეზობელია. როგორც ადვოკატმა ჯიტა გულუამ გვითხრა,
მომხდარს იმდენად განიცდის ანჩაბაძის მამიდის ოჯახი, რომ სახლის გაყიდვა და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლაც კი დაუპირებიათ, მაგრამ გულორდავებს უთქვამთ, თქვენ რა შუაში ხართო.
მათ შორის ნორმალური ურთიერთობაა.
აი, რას წერს "ფეისბუკში" კახა გულორდავას სიდედრი რუსუდან ლომაია:
"კახა გულორდავამ ვაჟკაცურად დაიცვა თავისი ოჯახის სიწმინდე და ღირსება! გოგა ანჩაბაძეს, პატრულის თანამშრომლის ფორმას ამოფარებულ მანიაკს, ეყო სინდისი, საავადმყოფოში მიყვანისას ეთქვა: ,,ღმერთო, ასეთი რა დავაშავეო", უცებვე პატიოსანი თანამშრომლის ნიღაბი მოირგო...
ჩემს შვილს, ანას, რომელსაც არასწორი ნაბიჯი არასოდეს გადაუდგამს და სიძეს, კახას, რომლისთვისაც მირონი ყველაზე მაღლა დგას, ძმობისა და მეგობრობისთვის ალალი გული მოუკლა საკუთარმა მეჯვარემ. ანას თვალებში სიხარულის სხივი ჩაქრა, ასეთი დეპრესიის მერე ანას დედობასა და მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ანა თბილისში წავიყვანეთ. ის მკურნალობს. მინდა, ანასა და კახას ოჯახის სახელით მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი!
სასამართლოდან გათავისუფლებულმა კახამ, რომელსაც დანა პირს ვერ უხსნიდა, ანა ხელში აიტაცა და ასე ატატებული დაჰყავდა! მათ გულის ტკენას, მათი სიყვარულის შებღალვას ღმერთი არავის აპატიებს!
...გული მტკივა, რომ ეს ულევი სითბო, სიხარული, ბედნიერება დარდმა და ჯავრმა ჩაანაცვლა! რატომ? რისთვის? მჯერა, ღვთის წყალობით ანას ახალ ოჯახში, სადაც მხოლოდ სიყვარული და სიკეთე სუფევს, სიმშვიდე დაისადგურებს. მადლობას ვუხდი სასულიერო პირებს, ჩვენს მამებს, რომლებიც ლოცულობენ ჩემს შვილებზე, მათ სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე! კახა და ანა ძალიან ეკლესიურები არიან, დღეს მათ გულში დიდი ტკივილია... იმედია, უფალი ანას არ გაწირავს და ამ ტკივილს მას ის პატარა მოუშუშებს, რომელსაც იმედით და რწმენით შენატრიან!"