რა არის ნეპოტიზმი? - ახლობლების, ნათესავებისა და მეგობრების თავშესაყარი. ეს ისე, უხეშად რომ ავხსნათ, თუმცა მას პროტექციონიზმადაც ნათლავენ, რაც მხოლოდ ნათესავებს არ ეხებათ! ზოგი კლანურ მმართველობადაც ნათლავს, ზოგიც - რეკომენდაციადაც... ჰოდა, დღეს, არც მეტი, არც - ნაკლები, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ოლიმპიური ჩემპიონის ზურა, იგივე ავთო ზვიადაურის რეკომენდაციით დაწინაურებულებზე მოგიყვებით:
1. ზაზა მებაღიშვილი - ზვიადაურის დისშვილის სიმამრი, “ენერგო დისტრიბუციის” ხელმძღვანელი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მას მერე დააბრუნეს, რაც ბატონი ზურა დეპუტატი გახდა.
2. ბადრი ჭინჭარაული - ზვიადაურის დისშვილი, ანუ ზაზა მებაღიშვილის საკუთარი სიძე მოადგილედ ჰყავს “ენერგო დისტრიბუციაში”.
3. გია ქორეულაშვილი - ზვიადაურის მეზობელი და მისი უახლოესი მეგობარი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
4. დათო ფოცხვერიშვილი - ზვიადაურის ბავშვობის მეგობარი და მეზობელი, დეპუტატის ბიუროს უფროსი.
5. ბერდია ზვიადაური - დეპუტატის ძმა, ახმეტაში მშენებარე ჰესის მენეჯერი. ამბობენ, რომ ეს მშენებარე ობიექტი ახმეტის ყოფილი გამგებლის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა მაისურაძის საკუთრებაა, თუმცა შესანიღბად თურქებზეა გაფორმებული...
6. ბექა ბაიდაური - ზვიადაურის უახლოესი მეგობარი, ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის გამგებლად არდანიშვნასაც, როგორც ხმა დადის, გადააყოლა ზვიადაურმა საკრებულოს თავმჯდომარე, “რესპუბლიკელი” ზაქარია ქინქლაძე...
7. ზვიადაურმა ბექა ბაიდაურს ანდო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსის, ყოფილი “ნაციონალის”, ირაკლი უჯირაულის ბედი.
8. ირაკლი უჯირაულის დეიდაშვილი, ფიქრია (ოლია) ხოხობაშვილი კულტურის სამსახურის უფროსია ახმეტის მუნიციპალიტეტში.
9. ფიქრია ხოხობაშვილის მეუღლე, ზურაბ ქაფიანიძე საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარეა.
10. ფრაქციის თავმჯდომარის, ზურაბ ქაფიანიძის შვილს კი, არჩევნების დროს ახმეტის “ქართულ ოცნებაში” ლოჯისტიკა ებარა...
ეს „გაყიდული“ ფრაქციები და საკრებულო, როგორც ახმეტაში ხუმრობენ, ერთმანეთთან დოლ-გარმონივითაა შეხმატკბილებული, ანუ საკრებულო და ზვიადაური...
სხვათა შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის კულუარებში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში, ზურაბ ზვიადაურის მითითებით, საკრებულოში ვალერი დედაბრიშვილისათვის ფრაქციის შექმნა იგეგმება. ეს ის დედაბრიშვილია, ახმეტის საკრებულოში ერთი წლის წინ “ნაციონალების” ფრაქციას რომ ხელმძღვანელობდა და ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე დაეშალა...
მოკლედ, ეს მათი არასრული ჩამონათვალია, ვინც უშუალოდ ზვიადაურის რეკომენდაციით დაწინაურდა. ახმეტაში ყველა აღიარებს, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” დიდი ხანია, აღარ არსებობს და ამ რაიონის მეპატრონე დეპუტატია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” სახეებზე დადებითადაა ორიენტირებული...
ჩემმა რესპონდენტმა ზვიადაურის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზად საინტერესო ვერსია გამანდო:
- ზვიადაურისა და ღარიბაშვილის ურთიერთობა დიდი ხანია, დაიძაბა. ცნობილია, რომ არც პარლამენტის თავმჯდომარე სწყალობს ზურას და, მგონი, არც პარლამენტში თვლიან დეპუტატის მანდატის ღირსეულ მატარებლად.
ახმეტა დიდი ხანია, აღარ ენდობა ზვიადაურს, ის თავის ძველ “ნაციონალ” მეგობრებთანაა შეკრული და მხოლოდ მათ დაწინაურებაზე ფიქრობს. გასაოცარია, მაგრამ მისი ყველა ქმედება “ნაციონალების” ინტერესებშია. გგონიათ, სხვადასხვა პარტიის წევრები არიან ეგ და პეტრე ცისკარიშვილი, ან ბაქრაძის შტაბის უფროსი შაქრო ტერტერაშვილი და ერთმანეთს აღარ უსმენენ? - არ დაიჯეროთ.
მთელი მუნიციპალიტეტი “ნაცებით” გადაავსებინა ბექა ბაიდაურს, ამისთანა რა ვალი აქვს გასასტუმრებელი იმ პარტიასთან, რომ ვერ ამოვიდა მისი ვალიდან?
სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენმა უმრავლესობამ პარტია დავტოვეთ, აზრი არ აქვს ჩვენს პარტიაში დარჩენას. მაქვს ინფორმაცია, რომ იანვარში “ოცნების” აქტივისტთა დარჩენილი ნაწილიც დატოვებს პარტიას და მიზეზი მხოლოდ ავთო, იგივე ზურა ზვიადაური იქნება, რომელიც ღარიბაშვილის გაპრემიერების მერე, კარგ გუნებაზე აღარაა...
ამ ზაფხულს, პანკისის ხეობაში ზვიადაურის ძმის და ქისტების “დაჯახებამ” ღარიბაშვილი ბევრ რამეზე დააფიქრა და, მგონი, სწორი დასკვნაც გამოიტანა!
- მთხოვეთ, რომ თქვენი ვინაობა არ დავასახელო. ხომ არ გეშინიათ?
- არ ვიცი, ეს შიშია თუ არა, მაგრამ ამ ეტაპზე ჯობია, ფრთხილად ვიყო, თუმცა გპირდებით, ახალი წლის მერე იმაზე მეტს გეტყვით, ვიდრე დღეს გითხარით და მაშინ შეგეძლებათ, ჩემი ვინაობაც საჯარო გახადოთ!
P.S. რომ არ ვიცოდე ჩემი რესპონდენტის დიდი ღვაწლი და დამსახურება ხელისუფლების შეცვლის პროცესში, ალბათ, დავფიქრდებოდი, მისი ნათქვამის გასაჯაროება ღირდა თუ არა... რაც შეეხება ზურა ზვიადაურს, “ქართული სიტყვა” მას ტრიბუნას სიამოვნებით დაუთმობს...