საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. დღეს, ირაკლი ალასანიამ მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე ბატიაშვილი თანამშრომლებს წარუდგინა. მას დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. მან მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე ჩაანაცვლა.
ალექსანდრე ბატიაშვილი კურირებას გაუწევს ფინანსების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო ტექნიკურ საკითხთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს. ასევე, მის საკურაციო სფეროში ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი იქნება.
„მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ალექსანდრე ბატიაშვილის კანდიდატურაზე. მან წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იყო ძალიან კარგი მენეჯერი, უწესიერესი ადამიანი. მას ვენდობოდით წარსულში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მან მართლაც შესძლო შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან ეფექტური და სწრაფი რეფორმები განეხორციელებინა. ძალიან გაგვიხარდა, რომ ერთობლივად სწორედ ლექსო შევარჩიეთ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას და გამართოს ის სტრუქტურები, რომლებიც ჩვენ ჯარს სრულად, ყველაფრით უზრუნველყოფს, რაც მას ამოცანის შესასრულებლად სჭირდება. ჩვენი პრიორიტეტები კვლავ განათლება, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა რჩება. აქედან გამომდინარე, ლექსო ძალიან დიდი შენაძენია თავდაცვის სამინისტროსთვის“ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ალექსანდრე ბატიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ასევე, უშიშროების სამინისტროში იყო კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი. შემდეგ, უშიშროების სამინისტროს კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
2003-2004 წლებში უშიშროების სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2004 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი იყო. მოგვიანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე, გავლილი აქვს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების კურსები.
დღესვე, ირაკლი ალასანიამ თანამშრომლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი ვახტნაგ კაპანაძე წარუდგინა. გენერალმა კაპანაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლკოვნიკ ძნელაძეს. მან ასევე აღნიშნა, რომ გენერალურ შტაბში მხოლოდ მცირედი გადაადგილებები განხორციელდება, ხოლო დასახულ გეგმებში ცვლილებები არ მომხდარა და დასახული მიზნების განხორციელების ეტაპი იწყება.