ავსტრიის გაზეთ „ექსპრესში“ (Express) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ექვსი მილიონი დანაშაული გერმანიაში: რომელი ქვეყნებიდან არის ყველაზე მეტი ეჭვმიტანილი? ალჟირიდან და საქართველოდან“, რომელშიც განხილულია გერმანიაში მომხდარი დანაშაულებებში ეჭვმიტანილ ადამიანთა ეროვნულობა და მიგრანტთა გეოგრაფია. „2023 წელს გერმანიაში თითქმის 6 მილიონი დანაშაული იქნა დარეგისტრირებული. ეჭვმიტანილთა 40% გერმანიის მოქალაქეებს არ წარმოადგენენ, ისინი მიგრანტები არიან“, - ნათქვამია მასალაში, რომელშიც საქართველოც არის მოხსენიებული.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
გასულ წელს გერმანიაში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 5,5%-ით გაიზარდა და თითქმის ექვსი მილიონი შეადგინა. სულ ფედერალურ პოლიციაში 5,94 მილიონი განცხადება დაფიქსირდა სამართალდარღვევის თაობაზე, რასაც სტატისტიკა ადასტურებს. ეჭვმიტანილთა 34%-ს გერმანული პასპორტები არ აქვთ, მაგრამ მათ არალეგალურ მიგრანტებსაც დავამატებთ, მაშინ რაოდენობა 41%-მდე მიაღწევს. გერმანიის ზოგიერთ მხარეში უცხოელთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევბის რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია. ყოველ 100 დანაშაულის ჩამდენში ყველაზე მეტი ალჟირელია“, - იტყობინება გერმანიის საკვირაო გაზეთი „ველტ ამ ზონდაგი“ (“Welt am Sonntag”).
ალჟირს საქართველო და ტუნისი მოჰყვებიან...
მთლიანობაში, სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს დანაშაულის ჩადენაში 11 043 ალჟირელია ეჭვმიტანილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2022 წლის დეკემბრისათვის გერმანიაში 24 385 ალჟირელი მიგრანტი იმყოფებოდა, მაშინ ყოველ 100 დანაშაულიდან 45 ალჟირელმა ჩაიდინა..
ალჟირელებს ქართველები მოჰყვებიან (44,7 ეჭვმიტანილი), ტუნისელები (19,8), შემდეგ ავღანელები (16,2), ალბანელები (14), მაროკოელები (13,8), ლიბანელები (12), სირიელები (11,8), ეგვიპტელები (11,5), ნიგერიელები (11,4) და ირანელები (11).
დანაშაულის დაბალი დონე უკრაინელთა შორის
როგორც ცნობილია, გერმანიაში ამჟამად 1,132 მილიონი უკრაინელია რეგისტრირებული ლტოლვილის სტატუსით, რომლებმაც რუსეთის აგრესიის შემდეგ უცხოეთს, მათ შორის გერმანიას მიაშურეს. უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობა პერმანენტულად იზრდება - შარშან ამ დროს მათი რაოდენობა 1,045 მილიონი იყო.
საინტერესოა, რომ უკრაინელებს შორის დანაშაულის დონე საოცრად დაბალია - 9,3%, რაც პრინციპში, ადვილად შეიძლება აიხსნას: „ლტოლვილებს შორის დიდი რაოდენობით ქალი, ბავშვი და მოხუცია - გენდერული სპეციფიკა და მცირე ასაკი კრიმინალურ აქტიურობას ხელს არ უწყობს“, - ამბობს ჰოლგერ მიუნჰი, გერმანიის სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური სამმართველოს უფროსი.
ავსტრია: კრიმინოგენური სიტუაცია
ავსტრიაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც საყურადღებოა: ამას წინათ ცნობილი გახდა, რომ 2023 წელს მომხდარ დანაშაულში ეჭვმიტანილთა 45% არაავსტრიელია. 2023 წელს 150 ათასი მიგრანტი ქვეყანაში არალეგალურად იყო შესული, რაც, თავისთავად, დანაშაულის დონეს ზრდის. კრიმინალებს შორის ლიდერის პოზიციებს იკავებენ გერმანელები, რუმინელები და სერბები. „კლასიკურ ლტოლვილებს“ შორის, გერმანიის ანალოგიურად, დანაშაულში ეჭვმიტანილების რაოდენობა მცირეა.