ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შემდეგ, გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს. ანალიტკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ამის ალბათობა გაიზარდა. სააკაშვილის შეწყალების შესახებ კითხვაზე, ზურაბიშვილის ორაზროვანი პასუხების მიუხედავად, ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუკი პრეზიდენტს დასავლეთიდან ამის დაკვეთა ექნება, ის ამ ნაბიჯს გადადგამს.
ზურაბიშვილის გადაწყვეტილება უკვე მოიწონეს ოპოზიციაში და მეტიც - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენაც მოუწოდა. მათი აზრით, სააკაშვილის შეწყალება იქნება ზურაბიშვილისთვის ნამდვილი ტესტი, საბოლოოდ გათავისუფლდა თუ არა მმართველი გუნდის გავლენისგან.
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მიდვანი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს ერთადერთი კრიმინალი დარჩა შესაწყალებლად - მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ამის გაკეთება.
„პრეზიდენტს დარჩა ერთადერთი კრიმინალი შესაწყალებლად - მიხეილ სააკაშვილი. სადაც ამდენი იკადრა ზურაბიშვილმა და საკუთარ ღირსებას გადააბიჯა, რატომ არ შეიწყალებს ყველაზე დიდ დამნაშავეს? ოღონდ, ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს? ახლა, გაზაფხულზე თუ არჩევნების პიკში, შემოდგომაზე? როგორც ყველა დანარჩენში, აქაც მწარე მარცხს განიცდიან. არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია ქართველი ხალხისგან - მშვიდობის, სტაბილურობის და ჭეშმარიტი ევროპული გზის სასარგებლოდ“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ანალტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, არ არის გამორიცხული, წინასაარჩვენოდ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებაც მიიღოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისი ორაზროვანი განცადებები ბადებს ეჭვს, რომ ის რაღაცა მომენტს ელოდება, რითაც ამ შეწყალებას გაამართლებს.
„არ არის გამორიცხული, თუკი ზურაბიშვილს პროცესების რადიკალიზებისთვის მოსთხოვენ, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. გრიგორიადისისგან განსხვავებით სააკაშვილის წიანაღმდეგ სხვა მიმდინარე საქმეებიც არსებობს, ამიტომ მისი უკან შებრუნება კვლავ შესაძლებელია. თუმცა ხანმოკლე ეფექტისთვის და რაღაცა კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს. რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭებას, მადლობა ღმერთს, რომ ეს მხოლოდ ზურაბიშვილზე არ არის დამოკიდებული. სანამ მასთან ხელმოსაწერად მივა ეს მოთხოვნა, მანამდე იუსტიციის სამინისტროს და სუს-ის ფილტრი უნდა გაიაროს. შესაბამისად, ამ მხრივ უფრო პრობლემები აქვთ და მოქალაქეობის მინიჭება და მისი პოლიტიკაში ოფიციალური ფორმით ჩართვა ვერ მოხდება. შემკვეთებს სააკაშვილის გათავისუფლება ან საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ოფიციალურად დაბრუნება ასე ადვილად არ გამოუვათ“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, თუკი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას ზურაბიშვილი მიიღებს, მაშინ ნაცოპოზიცია თავის პატრონებთან ერთად, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის ემზადება.
„ყველაფერი იმისკენ მიდის და ყველა უნისონში ამ მიმართულებით მოქმედებს, ისევე, როგორც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რაღაც სამარცხვინო ანგარიშები იწერება, ვითომ და ცესკოს გაუმჭვირვალობაზე, ხელისუფლების ინტერესების სამსახურზე და ა.შ. ეს ყველაფერი მიდის იქით, რომ ეს ხალხი აპირებს არჩევნების არალეგიტიმურად გამოცახდებას. ამიტომ პორცესები რომ გააცოცხლონ და ეს ჩაძირული ოპოზიცია ხალხის ყურადღების ცენტრში მოექცეს, არ არის გამორიცხული სააკაშვილი შეიწყალოს. ოპოზიცია ვერ ერთიანდება, ყველას ლიდერობა უნდა, ამიტომ ამბიციების გამო, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. გავიხსენოთ „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული ე.წ. კვლევა, სადაც „ოცნებას“ რეალური რეიტინგი 31%-მდე გაუნახევრეს და „ბარიერი გადაალახინეს“ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალს“ და გახარიას პარტიას. მიუხედავად ამისა, კოალიციური მთავრობა ამ გაყალბებული მონაცემებითაც ვერ იქმნება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილისგან ვადის გასვლამდე ძალიან ბევრი უმსგავსო საქციელი იქნება, მან უკვე სინდისი დაკარგა. ამ ყველაფრის მიუხედავად, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ხელისუფლებაში კვლავ „ოცნება“ მოვა“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუკი ამის აუცილებლობას დასავლეთში დაინახავენ. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ აქ პროცესები ასევე გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.
„ამ წელს მსოფლიოში ძალიან დიდი და სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი, ამიტომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან პრინციპული იქნება. დასავლეთიდან რა სახის ზეწოლა და წნეხი მოდის „ოცნებაზე“ კარგად ვხედავთ, ამიტომ თუკი საჭიროდ ჩათვლიან, რომ არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია, მას ზურაბიშვილი შეიწყალებს. პრეზიენტის ნაბიჯები არ არის შიდა პოლიტიკისთვის გათვლილი.
მისი ყველა ქმედება, ძირითადად, დაკავშირებულია დასავლურ პოლიტიკურ ინტერესებზე და იმაზე, თუ მათ რა შეიძლება მოეწონოთ. ამიტომაც მიიღო გვარმიას, რურუს, ოქრუაშვილის, უგულავას და ახლა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება. ამიტომ არაფერი არ არის გამორიცხული. თუმცა პარადოქსი ისაა, რომ ამ ხნის განმავლობაში დასავლეთმა ჩვენი შიდა პოლიტიკის რეალური სურათი ვერა და ვერ დაინახა. ვერ გააანალიზეს ვერაფრით, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდება, ეს პოლიტიკურ ველს კიდევ უფრო პოლარიზებულს გახდის და ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ეს „ქართულ ოცნებას“ ეხმარება. როგორც კი „ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთმანეთის პირისპირ დარჩებიან, ის ამომრჩეველიც კი, რომელიც ჩამოუყალიბებელია, ხმას მმართველ გუნდს მისცემს. ამიტომ მე არ მგონია, რომ მისი თავისუფლება ოპოზიციას რამეში დაეხმარება, პირიქით, საკაშვილის შეწყალება მათ ინტერესებს კიდევ უფრო დააზიანებს“, - ამბობს საყვარელიძე.