ენერგეტიკის სწრაფი განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ინვესტიციების განხორციელების ტემპი დამაკმაყოფილებელი არ არის. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და ერთ-ერთია ტარიფი, რომლის მეშვეობით ინვესტორმა დაბანდებული კაპიტალი უნდა ამოიღოს. ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირდა, შეთავაზებული ტარიფი კი ინტერესს მაინცდამიანც არ აჩენს. მეორე მხრივ კი, გაზრდილი ტარიფით ახალი ობიექტების ოპერირება ენერგობაზარზე რყევას გამოიწვევს.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერის არსებული მექანიზმი ქმედითია, თუმცა მთავრობა მზადაა სხვა მექანიზმებიც განიხილოს. იგი ფიქრობს, რომ ენერგოპროექტების ხელშეწყობა ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდება.
„მხარდაჭერაზე მუდმივი დიალოგი გვაქვს კერძო სექტორთან. ბოლო დღეებში არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები კერძო სექტორთან შევაჯერეთ იმისთვის, რომ უფრო ქმედითი იყოს ჩვენი მხარდაჭერა და რეალურად განხორციელებული პროექტები მივიღოთ დროში უფრო სწრაფად. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში ვაცნობთ სახელმწიფო ხედვას და ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართ. ინვესტორებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი“,- განაცხადა დავითაშვილმა.
განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისების შედეგად, საქართველოში 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ნორმატიული ბაზის შემუშავება, რომელიც მთავრობას ენერგეტიკის სექტორისთვის ფიქსირებული ტარიფის შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს.
„ეკონომიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება. მთავრობის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. დღეისთვის უკვე არის დადგენილი კონკრეტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. ეს მთავრობას აძლევს საშუალებას, მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით, ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების განხორციელება ფიქსირებული ტარიფით, რომელიც განისაზღვრება კონკურენტუნარიან გარემოში აუქციონის შედეგად.
მიდგომა ძალიან მოგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ნორმატიული ბაზის შემუშავება ამ მიზნით. მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხის მომზადებისთვის“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ენერგეტიკის სფეროში მომუშავე და საკითხში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ის ფასები, რომელიც დღესაა, ვერც ერთი სერიოზული ჰესის მშენებლობას ვერ დააკმაყოფილებს. „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფასები არნახულადაა გაზრდილი.
„ეს, პირველი რიგში, გამოიწვია ინფლაციამ, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ხელფასებზე. მეორე, ის, რომ ერთი მხრივ ეკონომიკისთვის კარგია, როცა დოლარი ჩამოვიდა 3.30-დან 2.65-ზე, მაგრამ ჩვენ დოლარის კონტრაქტები გვაქვს მშენებლობებზე. გარდა ამისა, ნავთობი ახლაც ძვირდება, ენერგორესურსები ძვირდება და მე მიმაჩნია, რომ ფასები, რომელიც დღეს არის, ვერც ერთი სერიოზული ჰესის მშენებლობას ვერ დააკმაყოფილებს.
განსაკუთრებით ფასი, რომელიც ბოლო აუქციონზე დაფიქსირდა, კატასტროფაა. რეალისტური ფასი დღეს უნდა იყოს 7-8 ცენტი, თუმცა ისიც მესმის, რომ ეს თანხაც ჰაერიდან არ მოდის. ჩვენ გაცილებით ნაკლებს ვიხდით, ჩვენთან ახლა ენერგეტიკული რესურსის ფასს აბალანსებს ენგური. 7-8 ცენტი თბოელექტროსადგურების წარმოებულ ენერგიაზე ადეკვატურია“, - განაცხადა ტრაპაიძემ.
გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმებიან ენერგეტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ თანხა რეალობას უნდა მოერგოს და ოპტიმალური ტარიფი იქნას შეთავაზებული, რომ ინვესტორიც დაინტერედეს და ქვეყანამაც მიიღოს მოგება. ენერგეტიკოს რევაზ არველაძის განცხადებით, ენერგოსექტორში მშენებლობა გაძვირებულია და ფიქსირებული ტარიფი ზუსტად უნდა იყოს მორგებული დღევანდელ ფასებთან.
„საკმაოდ ძვირდება ყველაფერი განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით. ძირითადად, მხედველობაში მაქვს ჰიდროელექტოსადგურები. 2000 დოლარს გადასცდა 1 კილოვატი სიმძლავრის მშენებლობის ფასი. გარდა ამისა, სადაც წყალი მოდის იქვე ხომ არ არის ქვესადგური? უნდა აშენდეს ხაზი, რომლითაც მოხდება მიერთება რომელიმე სადგურზე. მარეგულირებელი კომისიის დადგენილებით მიერთების საფასური საკმაოდ დიდია. მაგალითად, 15 მგვტ-იანი სადგურის აშენებაში სადღაც 8 მლნ ლარამდეა გადასახდელი მიერთების საფასურში. საბოლოოდ, ყველაფერი ეს საკმაოდ დიდი ხარჯი გამოდის“, - განაცხადა არველაძემ.
რეალობა კი ისაა, რომ ელექტროენერგიის მოხმარების მიმართულებით ზრდის ტენდენციებია და ეს მომავალ წლებშიც გაგრძელდება. პირველადი შეფასებით, 2023-დან 2026 წლამდე 13%-ით კიდევ გაიზრდება. 2015-2023 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ჯამურად 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე კი 549 მგვტ-ით გაიზარდა.