„ხელისუფლებამ იცის, რომ აქციები იქნება, თუმცა ვა-ბანკზე მიდის“ - 15 აპრილს მასშტაბური აქციაა დაანონსებული

„ხელისუფლებამ იცის, რომ აქციები იქნება, თუმცა ვა-ბანკზე მიდის“ - 15 აპრილს მასშტაბური აქციაა დაანონსებული

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ორშაბათს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს. როგორც 9 აპრილს ჩატარებული „თავისუფლების მარშის“ შემდეგ გახდა ცნობილი, ამის პარალელურად, მიმდინარე წელს პირველი, დიდი მასშტაბის საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ სწორედ 15 აპრილს გაიმართება. ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული აქცია იმავე მასშტაბის უნდა იყოს, რაც 2023 წლის მარტში ვიხილეთ. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ძალების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯველად უნდა დაზოგოს.

როგორც ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამ დროისთვის, წელს მიმდინარე საპროტესტო აქციები იმავე მასშტაბის არაა, რაც გასულ წელს იყო. მისივე შეფასებით, საეჭვოა 15 აპრილს ისეთი მაშტაბის აქცია გაიმართოს, რომელიც მმართველ პოლიტიკურ ძალას აიძულებს კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

„არ მგონია, რომ ხელისუფლების გეგმები შეიცვალოს. 9 აპრილს გამართული აქცია შთამბეჭდავი იყო, არ მეგონა თუკი ამდენ მხარდამჭერს მოაგროვებდნენ. ბოლო დროს საპროტესტო აქციები ხალხს ვერ კრებს, მაგრამ ის დღე მაინც არ იყო ტიპური, რადგან 9 აპრილი იყო. ამდენად, რომელი მოტივი აღმოჩნდებოდა გადამწყვეტი, ძნელი სათქმელია.

9 აპრილის მოვლენამ აჩვენა, რომ შეიძლება მასშტაბური აქციაც მოეწყოს, ეს გამორიცხული არ არის, თუმცა, მოეწყობა თუ არა იმ მასშტაბის აქცია, რომელიც კანონის მიღების გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, რთული სათქმელია. თანაც, შარშანდელი აქცია უფრო დაუნდობელი იყო, მაგალითად, პოლიციელების მიმართ და ამ აქციის გაგრძელების შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლე შეიძლებოდა აღმოჩენილიყო საფრთხის ქვეშ. წლევანდელი საპროტესტო აქცია ამ ტიპის არ არის, რომ ვინმეს საფრთხეს უქმნიდეს. იგივე შედეგი, - „ქართულმა ოცნებამ“ უკან წაიღოს ეს კანონპროექტი, - მეეჭვება მოხდეს.

გასულ წელს, საქართველოში მყოფი ევროპელი დიპლომატები დამწკრივდნენ და საჯაროდ შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს. წელს, დიპლომატიური კორპუსი მეტ-ნაკლებად დისტანციას იჭერს ამ პროცესებისგან. ხოლო, დიპლომატიური კორპუსი ასახავს მათი სახელმწიფოების პოზიციებს. ამდენად, დასავლეთის დამოკიდებულებაც ისეთი მძაფრი არ არის, როგორიც გასულ წელს იყო. ამ ფაქტორმაც შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს. არ არის გამორიცხული, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან ჰქონდეს რაიმე ტიპის სამუშაო ჩატარებული და ამიტომ არის ეს რეაქცია შედარებით სუსტი“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს და ამის პარალელურად, ერთგვარი მზადება მოხდეს საპარლამენტო არჩევნებისთვის. მისი თქმით, ამ სტრატეგიით მეტი შანსი არსებობს, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა შეიცვალოს.

„ვფიქრობ, პროტესტი აუცილებლად იქნება, უფრო მასშტაბური, ვიდრე 9 აპრილს იყო. 9 აპრილს პარლამენტში საქმიანობა არ მიდიოდა და აქციას, ბუნებრივია, ისეთი მაშტაბი ვერ ექნებოდა. 15 აპრილს, ალბათ, იქნება ძლიერი აქცია, ხალხის რაოდენობის მხრივ.

ხელისუფლებამ იცის, რომ აქციები იქნება, თუმცა ვა-ბანკზე მიდის. მას პარლამენტში უმრავლესობა აქვს და, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ კანონს ყველა შემთხვევაში მიიღებს.

აქციები უნდა გაგრძელდეს, თუმცა ოპოზიცია უნდა შეეცადოს ეს პროტესტი გადაზარდოს წინასაარჩევნო პროტესტში. თუ იგივე სცენარი გამეორდება, რაც შარშან იყო, ხელისუფლება უკან არ დაიხევს. იგივე სცენარის გამეორებით ოპოზიცია დაკარგავს პროტესტის მუხტს არჩევნების დროს. პროტესტი უნდა იყოს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც გასული წლის მარტში. ეს არის გზა იმისთვის, რომ ქვეყანამ უფრო რეალური და ნორმალური ვითარება შექმნას, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დაასრულოს ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში.

თუ ყველა რესურსი ამ კანონს შეალიეს, მაშინ შემოდგომაზე ხელისუფლებას ხელ-ფეხი ექნება გახსნილი, როგორც უნდა ისე იმუშაოს, იმოქმედოს და არჩევნები ისე ჩაატაროს, როგორც მას უნდა. თუ ხელისუფლება კანონს მაინც მიიღებს, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მშვიდობიანი ფორმით. აღარ ექნება მნიშვნელობა რამდენი ადამიანი შეიკრიბება. მთავარია, ეს პროტესტი საინფორმაციო დანიშნულების იყოს ოპოზიციის მხრიდან. ეს არის ყველაზე ოპტიმალური გზა იმისთვის, რომ არჩევნებში ერთპარტიულობა დავამარცხოთ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.

აქვე შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს, 18 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ასეული მოქალაქე შეიკრიბა, რომელთაც პარლამენტის მიმართულებით გამართეს მსვლელობა, ლოზუნგით „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. პარლამენტთან მისვლისას კი აქციის მონაწილეთა რაოდენობა უკვე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და მისი მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

 

 

amo ბ-ნო ვახტანგ, მოსახლეობის უმრავლესობას ცხადია არ მოსწონს ერთპარტიულობა, მაგრამ რატომ მიაბით ეს საკითხი გამჭირვალეობის კანონის მიღებას? რატომ არ გვიხსით მოსახლეობას ამ კანონის უარყოფით გვერდით მოვლენებს (თუ ასეთი გააჩნია საერთოდ), იმიტომ ხომ არა, რომ თქვენც გეხებათ რაღაც ფორმით ეს კანონი? სუსტ ქვეყანას ეს კანონი აუცილებლად უნდა გააჩნდეს!
7 თვის უკან
amo ბ-ნო ვახტანგ, საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოს თამარ კიკნაძის აზრით, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ მიიღებს არჩევნების დროს შემოსული შავი ფულის მასას ვინ როგორ გამოიყენებს არავინ იცის. ისე არ მოხდეს, რომ ამ გზით ერთპარტიულბასთან ერთად ქვეყანაც არ დასრულდეს.
7 თვის უკან