პრეზიდენტის დემარში და „სოლიდარობა“ მესამე სექტორს - ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატებთან გასაუბრებაზე სალომე ზურაბიშვილის წამომადგენელი დემონსტრაციულად არ მივიდა. ამ ფორმით პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორის მიმართ მხარდჭერა გამოხატა. ზურაბიშვილთან ერთად კომისიის სხდომას ბოიკოტი რამდენიმე არასამთავრობომაც გამოუცხადა.
პრეზიდენტის წარმომადგენლის გადაწყვეტილება საბოტაჟად შეაფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. პარლამენტში პირველად იმართება საკონკურსო კომისიის მოსმენა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს, კონსტიტუციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს, პრაქტიკულად, ბოიკოტი გამოუცხადა.
პრეზიდენტის დემარშის მიუხედავად, კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს მწვანე შუქი აუნთო და სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა.
„ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, უკვე გადასულია ოპოზიციაში, მაგრამ ღამურასავით არის - არც იქ მიიღეს, არც აქ ჩერდება და რეალურად რამდენიმე თვე დარჩა და რასაც ეუბნებიან პატრონები, იმას ლაპარაკობს. სამწუხაროდ, არავის უკვირს უკვე ზურაბიშვილის ბოიკოტი საკუთარი ქვეყნის მიმართ.
პრაქტიკულად, ფორმალურმა, მაგრამ მაინც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბოიკოტი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და კონსტიტუციას, საკუთარ სახელმწიფო ინსტიტუტებს და გამოდის და ამბობს, რომ თურმე საქართველო შავი ხვრელებით არის სავსე, საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს...“ - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას დემარშს და საბოტაჟს უწოდებს.
„კომისიაში არიან პროფესორები, სამართლის და სხვა სფეროების დოქტორები, იმ ხალხმა რატომ არ დატოვეს? კანონის კითხვა არ იციან? სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა იციან კანონის კითხვა და სხვამ არ იცის?“ - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ეს ცესკოს წინააღმდეგ „უპასუხისმგებლობა და საბოტაჟია“.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ქცევებით ყურადღების მიქცევას ცდილობს. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მისი ქცევები მაინც დასავლეთის საამებლად არის გამიზნული, ვიდრე ოპოზიციაში რაიმე ადგილის დასამკვიდრებლად.
„მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილი ცდილობს დასავლეთისთვის უფრო იყოს მნიშვნელოვანი, ვიდრე ქართველებისთვის. ამიტომ მეჩვენება, რომ ნაწილობრივ, რადგან ის სხვა აუდიტორიაზე ზრუნავს, ამიტომ არის ხოლმე მისი ესა თუ ის სვლა გაუგებარი და ძნელია მიხვედრა რას ისახავს მიზნად. შეიძლება რაიმე კონკრეტულ მიზანს არ ისახავს და თვითონ არ არის კარგად ჩამოყალიბებული, რა უნდა. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის ყველა ფლანგზე რაღაცას ცდილობს. სადაც რა გამოუვა, იმას დასჯერდება. ზურაბიშვილის მხრიდან ვხედავთ ოპოზიციის მისამართით რაღაცა ინიციატივებს, მაგრამ მერე ბოლომდე არ მიდის. არა მგონია, რომ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ტახტზე ყოფნა სურდეს. ვხედავთ გვარამია და მელია გაერთიანდნენ, მათ შორისაც კი, რომლებიც ერთი გემოვნების, საერთო ხედვების პოლიტიკოსები არიან, დავა მიდის იმაზე, ვინ არის ლიდერი. ჩვენს ოპოზიციაში ორ კაცს შორის ვერ ხდება შეთანხმება და რადიკალურად სხვა გაგების და გემოვნების პრეზიდენტის პოლიტიკური ლიდერობა ვის რაში სჭირდება. ამიტომ არის მისი რაღაცა ინიციატივები და ქცევა გაუგებარი. რა უნდა, ვის რას უმტკიცებს, ვერავინ ვერ იგებს“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ლიდერობის ამბიციები ოპოზიციაში იმდენს აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის ადგილი იქ აღარ არის, მით უმეტეს მას თავად ოპოზიციაშიც ბოლომდე არ ენდობიან. ზურაბიშვილი გზაკვალარეული დადის და მისი ქცევების ახსნა ოპოზიციაშიც უჭირთ.
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია გაღმა-გამოღმელების დავალებებს ასრულებს. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოში „გლობალური ომის“ პარტიის წარმომადგენლებმა მარცხი განიცადეს და ახლა უნდათ, რომ ამ არჩევნებზე როგორმე გულის წადილი შეისრულონ. ამიტომ ზურაბიშვილი ერთ-ერთი მათი მთავრი დასაყრდენია, რომლის მეშვეობითაც ხან რა საბოტაჟს აწყობენ და ხან რას.
„ამ ხალხს უკვე დიდი ხანია მიზნად აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გააკეთებინონ ის, რაც თავად სურთ. ვერ ინელებენ იმას, რომ ჩვენი მთავრობა მოქმედებს მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. მათ იმედი აქვთ, რომ ზურაბიშვილი კონკრეტულ სიტუაციაში იმოქმედებს ისე, როგორც მათ სურთ. ამ ხალხს უნდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ცესკო მათი დარტყმის მთავარი ობიექტია, რადგან უნდათ, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ. შესაბამისად, ყველა მათი აგენტი უნდა გააქტიურდეს. ამას აკეთებს ქალბატონი პრეზიდენტიც. თუმცა ოპოზიციაშიც კი ის არავის სჭირდება. მას ხალხში არა აქვს არანაირი რეიტინგი და არავის არაფრად უნდა. მისი ტყუილად აკიდება ოპოზიციასაც არ სურს, მით უმეტეს იმხელა ამბიციები აქვს, რომ რიგით პოლიტიკოსობას არ დასჯერდება. ამიტომ ხან იქით ცდილობს რაღაცას და ხან აქეთ, იქნებ, ამ პრეზიდენტობის სტატუსიდან რამე ხეირი ნახოს. ვხედავთ ოპოზიციას მედროშეობასაც კი სთავაზობს, მაგრამ ათონელის სასახლეში ხალხი მხოლოდ სასეირნოდ დადის. მას არანაირი რესურსი და გავლენა არა აქვს საზოგადოებაზე, რომ მის სიტყვას ფასი ჰქონდეს“, - ამბობს გვენეტაძე.