„სწორედ არჩევნების სიახლოვემ შეაჩერა ოპოზიციური პარტიების რადიკალური ნაბიჯები, რისი ცალსახა ილუსტრაციაც იყო სააკაშვილის განაცხადი, გვქონდეს პროტესტი, ოღონდ დესტაბილიზაციის გარეშეო“, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge- სთან საუბარში.
ოპოზიცია და არასამთავრობოები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ხელისუფლებამ უკვე მეორედ იჩქარა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდელ პერიოდში ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ღირდა თუ არა ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის შემოტანა და უცხოეთიდან შემოტანილი მტრული დაფინანსების გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ მთელ ცივილიზებულ სამყაროში აპირებენ აღნიშნული კანონის მიღებას?
- შესაძლოა, რაღაც თვალსაზრისით მართლაც იჩქარეს ამ კანონის მიღება, მაგრამ არჩევნების კუთხით რომ შევხედოთ მოვლენებს, სწორედ არჩევნების სიახლოვემ შეაჩერა ოპოზიციური პარტიების რადიკალური ნაბიჯები, რისი ცალსახა ილუსტრაციაც იყო სააკაშვილის განაცხადი, „გვქონდეს პროტესტი, ოღონდ დესტაბილიზაციის გარეშე“. ეს გარკვეული სიფრთხილე თითქმის ყველა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ჩანს. მართალია, განცხადებების დონეზე იძახიან, „არ გვინდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, მაგრამ „არ გვინდა მთავრობაო, ამას არ ამბობენ“.
სანდოა სააკაშვილის ნათქვამი, თითქოს იგი დესტაბილიზაციის წინააღმდეგია? როგორ შეიძლება სააკაშვილს არ აწყობდეს რევოლუციური სცენარი და დესტაბილიზაცია?
- პოლიტიკაში იშვიათად უნდა დავეყრდნოთ ნდობას, მაგრამ ლოგიკის გამო მე დიდი ხანია, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი, ვაკვირდები, რომ არაა შედეგიანი რევოლუციური სცენარები. ამიტომ მეც ვვარაუდობდი, რომ რაღაც ეტაპზე ოპოზიციონრებს უნდა დაუდგეთ ეს მომენტი, უარი თქვან რევოლუციურ სცენარზე და ეცადონ გარდატეხა შეიტანონ პროცესებში სწორედ ჩვეულებრივი საარჩევნო მეთოდებით. ისინი ამ გზით შეეცდებიან ხელისუფლებასთან მიახლოებას. რაღაც ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბრძოლის ამ ეტაპზე მათ უფრო ეძვირფასებათ, გამოიყენონ არჩევნების მექანიზმი. ეს საბაბი, ანუ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ხელისუფლებას რომ მიეცა ოპოზიციისთვის არჩევნების შემდეგ, სავარაუდოა, უფრო ხშირი იქნებოდა დესტაბილიზაციისკენ მოწოდება, რომ არ შეიძლება ამ ხელისუფლების დატოვება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ხელისუფლება გადავაგდოთ. არჩევნების სიახლოვემ ეს რადიკალიზაცია დაატორმუზა ფაქტის დონეზე. ამაზე ჰქონდათ თუ არა გათვლა ამ კანონის ინიციატორებს, ეს არ ვიცი. მათ ხშირად გადაუდგამთ ნაბიჯი, რომელიც მათვე უშლიდა ხელს. გამორიცხული არც ახლაა, დაუფიქრებლობით მცდარი ნაბიჯი გადადგან. ფაქტია, არჩევნებამდე კანონის შემოტანამ შეაკავა პროცესების იმ კალაპოტში გადასვლა, რომელიც შეიძლება უფრო მძიმე ყოფილიყო მთლიანად ქვეყნისთვის.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საჭიროება შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ აუცილებელია ე.წ. შავი ფულის გათეთრების გამოვლენა. ჩვენს სახელმწიფოს, სამართალდამცავ ორგანოებს ვალდებულება აქვთ, შავი ფულის გათეთრების ნებისმიერი საკითხი გამოიკვლიონ. დღემდე პასუხი არ გვაქვს, რაში დაიხარჯა 70 მილიონზე მეტი თანხა და რაში მოიხმარა შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს თანხა- რევოლუციურ სცენარში? ეს სქემა არ უნდა გამოაშკარავდეს?
- ალბათ, ცალკეულმა სახელმწიფოებმა იმიტომ გადაწყვიტეს ამ კანონის მიღება, რომ ნახეს კანონის მოქმედება გაცილებით ადრე შეტანილ „ფარას“ შემთხვევაში, სადაც მთელი მსოფლიოსთვის ცხადი გახდა ის, რაც ამა თუ იმ შემთხვევაში დაფარული იყო. ჩვენც კი ბევრი რამ ქართველი პოლიტიკოსების ხარჯების შესახებ გავიგეთ სწორედ ამერიკული დოკუმენტიდან.
მათ შორის, შევიტყვეთ ისიც, სააკაშვილის ოჯახი რამხელა თანხებს ხარჯავდა საქართველოსთვის იმიჯის გასატეხად.
- დიახ, ეს ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის ოჯახთან მიმართებით, ანალოგიურად, ალბათ, სხვა ქვეყნებმაც მოიპოვეს სხვადასხვა გასაჯაროებული ინფორმაცია ამერიკული დოკუმენტების მეშვეოებით და ყველას ჭკუაში დაუჯდა ასეთი რამის გაკეთება. ჩვენთან ხშირად ისმის კრიტიკა, ხომ შეიძლებოდა ამ ინფორმაციის მოპოვება, ამ ინფორმაციის საჯაროობა, რის პირობასაც ქმნის ასეთი კანონი, ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მიუხედავად იმისა, მოსწონს ვინმეს თუ არა. დავუშვათ, სპეცსამსახურებმა შეძლეს გარკვეული ინფორმაციის მოპოვება-გასაჯაროება, მაგრამ ყოველთვის არის ხოლმე ეჭვი, სპეციალურად ხომ არ არის შემოგდებული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია. რაც შეეხება „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, ამ კანონის მიმართ ასეთი ეჭვები ნაკლებადაა, რადგან აღნიშნული კანონი ყველა ინფორმაციას დაუბრკოლებლად საჯაროდ ხდის. ფაქტობრივად, გარკვეული ტიპის საინფორმაციო ომის ინსტრუმენტზეა საუბარი ამ კანონის სახით, აქ ვგულისხმობ როგორც შიდა პოლიტიკურ პარტიებს შორის ომს, ისე საგარეო ომსაც ამა თუ იმ ქვეყნის გავლენის წინააღმდეგ.
გამჭვირვალობის შესახებ კანონს ნაცსექტა და არასამთავრობოები იმიტომაც იწუნებენ, თითქოს ამით ხდება სამოქალაქო სექტორის დაკნინება. სინამდვილეში, რა უფრო აკნინებს სამოქალაქო სექტორს, ის ხომ არა, რომ საკუთარი ფინანსური გამჭვირვალობის სურვილი ნაკლებად აქვთ, სამაგიეროდ, საჯარო მოხელეებს უთვლიან, მათ მიერ გახარჯულ თანხებს და ამ თანხების მიზნობრიობაზე საუბრობენ. სხვების ფინანსებში იჭრებიან, მაგრამ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება არ სურთ.
- მეეჭვება, სამოქალაქო სექტორს ძალიან აწუხებდეს დაკნინების თემა, რადგან ყველამ ვიცით, რომ მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტი არ აქვთ. ეს თავადაც ძალიან კარგად იცის სამოქალაქო სექტორმა. რამდენჯერმე ჩატარდა ამ ტიპის გამოკვლევა, პარტიების რეიტინგების გვერდით სამოქალაქო სექტორის რეიტინგებზეც იყო საუბარი, მაგრამ ეს რეიტინგი ძალიან ჩამორჩებოდა პარტიების რეიტინგს. მეორე მხრივ, რა მოტივით შეიძლება თქვან უარი ამ კანონზე?! ერთ-ერთი მოტივია, თითქოს ხდება მედიისა და არასამთავრობო სექტორის შევიწროება. ცხადია, ამ შემთხვევაში, ისინიც პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი.
ლომჯარიას განცხადების შესახებ რას იტყვით, რომ ერთ კაცსაც ვერ გამოიყვანენ აქციაზე. რეალურად, ერთი კაცის გამოყვანის თავიც თუ არ აქვთ, როგორ უნდა განმეორდეს 7- 9 მარტის მოვლენები?
- მარტის მოვლენების განმეორებას არ მოველი თუნდაც იმიტომ, რომ საეჭვოა, სააკაშვილს და ოპოზიციას უნდოდეს 7- 9 მარტის განმეორება, რადგან ნახეს, რომ ის სცენარი დიდად არაფრის მომცემი არ იყო.