„რამდენიმე არჩევნებმა გვაჩვენა, რომ „გორბის“ კვლევები ემთხვეოდა საარჩევნო შედეგებს - სხვაობა იყო პლიუს/მინუს 3 პროცენტი - ოპოზიციის ასეთი დაბალი შედეგები არ არის კარგი იმ მხრივ, რომ ჩვენ არ გვყავს კონსტრუქციული, ოპოზიციური ძალები“, - ასე შეაფასა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში, გია აბაშიძემ For.ge-სთან საუბარში საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 60.4% აქვს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა. კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - ალოკაციის შემდეგ პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 60.4%; „ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 12.6%; „ლელო“ - 4.7%... როგორ ფიქრობთ, რამდენად ასახავს აღნიშნული კვლევა იმ განწყობას, რაც დღეს ამომრჩეველშია?
- რამდენიმე არჩევნებმა გვაჩვენა, რომ „გორბის“ კვლევები ემთხვეოდა საარჩევნო შედეგებს - სხვაობა იყო პლიუს/მინუს 3 პროცენტი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ორგანიზაცია კეთილსინდისიერად ასრულებს თავის ფუნქციას და განსხვავდება „ედისონ რისერჩისა“ და „ენდიაის“ კვლევებისგან, სადაც სხვაობა 15 პროცენტზე მეტია.
ერთი მხრივ, ეს კარგია „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ მეორე მხრივ, არ არის კარგი დემოკრატიისთვის, რადგან პოლიტიკაში უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია და ოპოზიციის ასეთი დაბალი შედეგები არ არის კარგი იმ მხრივ, რომ ჩვენ არ გვყავს კონსტრუქციული, ოპოზიციური ძალები. ყველა მომართულია დესტრუქციაზე, ომის წაქეზებაზე, კანონიერი ხელისუფლების დამხობაზე და ა.შ. შესაბამისად, ხალხის რეაქციაც ადეკვატურია, როდესაც ამხელა პროცენტს აძლევენ მმართველ პარტიას.
წინა არჩევნებმა, როდესაც ნულოვანი ბარიერი იყო, გვანახა, რომ ვერ მოხდა ოპოზიციური პარტიების გაძლიერება და გამსხვილება, პირიქით - მათ გააძლიერეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა და მიზეზებიც არის პირდაპირი. სააკაშვილის არაადეკვატური განცხადებები, ტრაგი-კომიკური ფიგურა ლევან ხაბეიშვილი და სხვები, რომლებიც ისეთ ბრიყვულ და არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებენ, რომ არ ტოვებენ სერიოზულობის შთაბეჭდილებას, შედეგები გვაქვს ის, რაც გვაქვს.
ალბათ, არჩევნებამდე ეს მაჩვენებლები დარჩება, შეიძლება რამდენიმე პროცენტი შეეცვალოს ამ პოლიტიკურ სუბიექტებს. ვნახოთ, როგორი იქნება შემდგომი განვითარება. მთავარია, ქვეყანაში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების კურსი შენარჩუნდეს და არ მოხდეს პროცესების აყირავება დესტრუქციული-რადიკალური ძალების მიერ.
ამ კვლევის თანახმად, „სტრატეგია აღმაშენებელს“-„ნაციონალურ მოძრაობას“ 12.6% აქვს. ვიცით, რომ „ნაც-მოძრაობა“ სახელდებოდა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად. როგორც ფიქრობთ, იქონია თუ არა დიდი გავლენა, თუნდაც, ნიკა მელიას გამოყოფამ და რამდენად აქვს შანსი „სტრატეგია აღმაშენებელს“ გახდეს ერთადერთი, უმსხვილესი ოპოზიციური პარტია?
- ვიცით, რომ გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე ტექნიკურად და იურიდიულად, მოიაზრებიან „ნაცმოძრაობის“ პარტიულ სიაში. რადგან ოქტომბრის არჩევნებში ბლოკები არ იქნება, შესაბამისად, ის, ვისაც აწყობს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, უნდა დაფიქრდეს, გაერთიანდეს თუ არა „ნაცმოძრაობასთან“, მაგრამ აქ პრობლემურია ისიც, რომ ძალიან ამბიციური ოპოზიციონერი ლიდერები გვყავს. ყველას სურს, თავისი პარტია, ე.წ. კანტორა ჰქონდეს, თუმცა, თავადაც ხომ ხედავენ, რომ მათი რეიტინგები ბარიერს ქვემოთ არის?! - შესაბამისად, უნდა მიიღონ გარკვეული ზომები.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის ასეთ მკვეთრ დაცემას, აქ არის ისევ კეზერაშვილი-ხაბეიშვილი-მერაბიშვილის ფაქტორი, ნიკა მელიას პარტიიდან, ფაქტობრივად, გაძევება ძალიან უხეში ფორმებით. ბუნებრივია, ნიკა მელიას აქვს გარკვეული მხარდაჭერა საქართველოს მასშტაბით და ვნახეთ სხვადასხვა საკრებულოებიდან „ნაცმოძრაობის“ წევრების გამოსვლით, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ წევრები ერთეულები ხომ არ არიან, მათ ჰყავთ ოჯახის წევრები, თანამოაზრეები და ახლობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნიკა მელიას ძალიან უსამართლოდ მოექცნენ.
ასევე, ლევან ხაბეიშვილის სერიოზულობაზე საერთოდ არ შეიძლება ლაპარაკი, „კომედი შოუს“ ფიგურად იქცა მისი ნებისმიერი განცხადებით და სუპერპოპულისტური ქმედებებით. ის, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ძალიან მკვეთრად დაეცა, გვახსოვს ბოლოს 20-22% ჰქონდა და ახლა თითქმის 10% დააკლდა, ძალიან ბევრ მიზეზს უკავშირდება. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გაურკვევლობა არსებობს ელექტორატისთვის, მაგალითად, რით განსხვავდება ხაზარაძის „ლელო“ „ნაცმოძრაობისგან“. გარკვეული განსხვავება შეიძლება ჰქონდეს „ევროპულ საქართველოს“, რომელსაც 4%-ზე მეტი აქვს და რაღაც რესურსები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ სხვა პარტიებს - გახარიას პარტია, „გირჩი,“ „დროა“ და ა.შ. ნულოვანი შანსი აქვთ. ვისაც ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს ოპოზიციაში, ის არის ყველაზე მყვირალა და აგრესიული. სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან და იციან, დარჩებიან პარლამენტს მიღმა არჩევნების შემდეგ.
ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, რამდენად არის შესაძლებელი იმ პარტიებმა, რომლებმაც 5%-ზე ნაკლები მიიღეს, შექმნან ერთგვარი კოალიცია და გაერთიანდნენ?
- კოალიცია და ბლოკი ტექნიკურ-იურიდიულად ვერ იქნება, ერთი კონკრეტული პარტიის სია უნდა გამსხვილდეს და მასში ჩაეწერონ სხვა პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ როგორ გგონიათ, არ იქნება იქ დაპირისპირება, ვის რა ნომერი ერგო და ა.შ? თუ პრაგმატულად არ იფიქრეს, მაშინ რჩებიან პარლამენტს მიღმა. შესაძლოა, ვინმეს არ უნდა „ნაცმოძრაობის“ სიაში ჩაწერა, მაგრამ იმ პარტიას, რომელსაც შედარებით მეტი რეიტინგი აქვს, ვთქვათ, მესამე ადგილზეა, იმის გამსხვილება რომ მოხდეს სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ, ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია. სხვანაირად, გამარჯვების შანსი არის ის, რაც კვლევამ აჩვენა.