საქართველოს 1 ლიტრი საწვავის იმპორტი 50 თეთრით გაუძვირდა. საცალო ქსელში ფასები მაღლა დაიძრა. მიზეზი მხოლოდ რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვა არ არის, ნავთობპროდუქტების ღირებულებამ საერთაშორისო ბაზრებზეც საგრძნობლად მოიმატა. პერსპექტივა არც ერთი მიმართულებით სახარბიელო არ არის.
„სენტა ოილის“ დამფუძნებელ ზაალ იაკობიძის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც, პირველი მარტიდან საწვავის ექსპორტი 6 თვით აიკრძალა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის გაზრდაც დაერთო, რამაც შესასყიდი ფასის მატება გამოიწვია.
როგორც „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ამბობს, გაძვირებული საწვავის ნაწილი ჯერ კიდევ გზაშია და ადგილობრივ ბაზარზე ერთ კვირაში მისი ფასი დაახლოებით 10-15 თეთრით კიდევ მოიმატებს.
რაც შეეხება ალტერნატიულ ბაზრებს, როგორც ზაალ იაკობიძე განმარტავს, ახლა მთავარი იმპორტიორი ბულგარეთია.
„მას შემდეგ, რაც რუსეთმა საწვავის ექსპორტი აკრძალა, ამას დაემატა ისიც, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა (თან აქ ფასების ფორმულაც განსხვავებულია) და, ბუნებრივია, შესასყიდი ფასი გაიზარდა. რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ საწვავის ღირებულება, მინიმუმ, 150 დოლარით გაიზარდა, ანუ 1 ლიტრი ბენზინის იმპორტი 50 თეთრით გაძვირდა.
ადგილობრივ ბაზარზე ეტაპობრივად უკვე აისახა, 5-10-თეთრიანი მატება გვქონდა, თუმცა გაძვირებული საწვავის ნაწილი ჯერ კიდევ გზაშია და ერთ კვირაში კიდევ მოიმატებს, შეიძლება 10-15 თეთრით გაძვირდეს.
რაც შეეხება ბაზრებს, ამ ეტაპზე რუსეთი ბულგარეთმა ჩაანაცვლა, ასევე შემოდის საბერძნეთიდან და ბელარუსიდან“, - განაცხადა „ბიპიენთან“ იაკობიძემ.
გარდა იმისა, რომ რუსეთიდან იაფი საწვავის ექსპორტი შეწყდა, პრობლემებია გლობალურ ბაზრებზეც. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ ნავთობის გაძვირება უკვე გამოიწვია და არც პერსპექტივაა სახარბიელო. ეს კი პირდაპირ გავლენას ახდენს იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირშიც სწორედ იმას აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავის გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას უკავშირდება.
როგორც კავშირის თავმჯდომარემ „ბიზნეს მედიას“ განუცხადა, მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტები გაძვირდა და მოგვიანებით კი ექსპორტი ისევ აიკრძალა, საქართველო სხვა ბაზრებზე, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებზე გადაერთო. ვახტანგ იობაშვილის თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება გავლენას ადგილობრივ ბაზარზე ნამდვილად ახდენს. გაგრძელდება თუ არა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირების ტენდენცია მომავალშიც, ამის პროგნოზი დღესდღეობით რთულია.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის მხრიდან საწვავზე დაწესებული მორიგი ემბარგო საქართველოში გაძვირებას არ გამოიწვევდა. რუსეთი ბოლო პერიოდში საწვავს ისეთ დაბალ ფასად აღარ გვაძლევდა, როგორც ეს შარშან იყო და ფაქტობრივად, გათანაბრებული იყო ფასები ევროპულთან. შესაბამისად, ქართველმა ნავთობიმპორტიორებმა ევროპული საწვავი მოიმარაგეს და ამ ხნის განმავლობაში ფასები ჩვენთან სტაბილური იყო.
სულ ვამბობდი, რომ თუკი გლობალურ სანავთობო ბაზარზე ფასები გაიზრდებოდა და ნავთობი გაძვირდებოდა, ამას ბუნებრივია, საქართველოზე გავლენა ექნებოდა. ეს პროცესი დაიწყო და ჩვენც ვნახეთ ბოლო დღეებში საქართველოში საწვავის 3-4-თეთრიანი გაძვირება. ბაზარი ისეთია, წინასწარ გათვლებს ვერ გააკეთებ, თუმცა თუკი ფასების ზრდა გაგრძელდება, ეს ჩვენზეც აისახება“, - განაცხადა იობაშვილმა.
ამასთან, საქართველოს საცალო ქსელში საწვავმა გაძვირება დაიწყო და ბოლო ერთ კვირაში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში 5-7 თეთრით მოიმატა. რაც შეეხება არაბრენდირებულ აგს-ებს, იქ ფასის ზრდა უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარებს და 1 ლიტრი ბენზინი თითქმის 20 თეთრით არის გაძვირებული.