კონსერვატულ ფლანგზე ახალი დაპირისიპირება იწება

კონსერვატულ ფლანგზე ახალი დაპირისიპირება იწება

„არა „ოცნების“ ფეოდალურ რეჟიმს“, - შაბათს, 13 აპრილს, 14:00 საათზე „კონსერვატული მოძრაობა-ალტ ინფო“ „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „კონსერვატული მოძრაობა-ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გაუუქმა. რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად პარტიის დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა სახელდება.

„კონსერვატული მოძრაობა-ალტ ინფოს“ რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მომართვის საფუძველზე დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის პარტიის წესდება იყო არასრულყოფილი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხარვეზების გამოსწორება მოითხოვა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება.

„ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ არ იყოს შესაბამისი შემთხვევა დასაშვები, მაშინ კანონმდებლობა არც გაითვალისწინებდა. იქ იყო მამხილებლის განცხადება, შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი და ამ მიმართვის შემდეგ რეესტრმა განიხილა, ნახა, რომ ნამდვილად აღნიშნული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება, ამიტომ მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და პარტიამ დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.

„არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამას ჩვენი მხრიდან არ აქვს, როგორც მოგახსენეთ, იყო მომართვა, აღმოჩენილი იყო ხარვეზი და გაუქმდა რეგისტრაცია. რაც შეეხება, ჩამოშორდა თუ არა ეს პარტია პოლიტიკურ პროცესებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუ მათ სურვილი აქვთ, რომ პოლიტიკაში აქტიურები იყვნენ და კვლავ დარეგისტრირდნენ როგორც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია, კანონმდებლობის სრული დაცვით.

მათთვის, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის არავის შეუშლია ხელი არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და როგორც იცით, საკმაოდ ბევრი პარტიაა რეგისტრირებული. თუ პოლიტიკური პარტია უშვებს შეცდომას, მის გამოსწორებაზეც თავად უნდა იზრუნოს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია იქნება“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პარტია „ალტ ინფოს“ გაუქმების შესახებ და ამის შემდეგ აპარატის მოსაზრებებს საზოგადოებას გააცნობენ.

„მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მაშ ასე, ოფიციალური ინფორმაციით პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომა დასახელდა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, პარტიის გაუქმების მიზეზად ორი ვერსია სახელდება - აშშ-ის მოთხოვნა და მეორე ვერსიით პარტიის დაშლის მიზეზი არის ის, რომ კონსერვატულ ფლანგზე შემოვიდა ორი პოლიტიკური სუბიექტი „ხალხის ძალა“ და „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, რომლებიც ასოცირდებიან მმართველ ძალასთან. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ „ალტ ინფოს“ ამომრჩეველი გახდეს ამ ორი პოლიტიკური სუბიექტის ამომრჩეველი.

„კონსერვატული მოძრაობის“ გენერალური მდივანი შოთა მარტინენკო აცხადებს, რომ ანტიკორუფციული და საჯარო რეესტრი ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდელად ვერ გადაწყვეტდა, მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როცა ვითარება არც ისე მარტივი იყო. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა ზედა ეშელონებში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით.

„მიზეზი გასაგებია - ისინი ხედავენ ჩვენს აქტივობას, ხედავენ რამხელა მხარდაჭერა გავქვს. ჩვენს შეხვედრებზე, რომელიც სახელდახელოდ ეწყობა რეგიონებში, უფრო მეტი ხალხი მოდის, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილთან რეგიონებში. ამიტომ რეალობა არის შემდეგი - ხელისუფლების კვლევებით იკვეთება, რომ ჩვენი ეშინიათ, ძალიან დიდი პროცენტი არის ჩვენსკენ და შესაბამისად, ეს დიდი პროცენტი მათ ეკარგებათ და აქვთ შიში იმისა, რომ მათი მდგრადობა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანად შეირყეს და დაკარგონ მართვის სადავეები. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ საერთოდ არ მიგვიშვან არჩევნებამდე“, - აცხადებს მარტინენკო.

რაც შეეხება კონკურენციას, როგორც მარტინენკო აცხადებს, „ხალხის ძალას“ და „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ არანაირი შანსი არ აქვთ იმისა, რომ მიახლოებული შედეგი დადონ.

„დარწმინებული ვარ, რომ არსად არავინ არ განიხილავს ამას. ერთადერთი, რაც ამ პარტიებმა შეიძლება მოახერხონ, ეს არის „ოცნებას“ წაართვან გარკვეული ხმები, იმიტომ, რომ ორივე ასოცირდება „ოცნებასთან“ და თან არც ერთს არ აქვს ბარიერის გადალახვის შანსი. ამიტომ, არ მგონია, ამ ორივე პარტიას სერიოზულ პერსპექტივად განიხილავდეს ვინმე „ოცნების“ გარდა. „ოცნების“ რომელიმე სატელიტის რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ფიზიკურად ახლა არ ჩანს. გარდა ამისა, ჩვენი განეიტრალება არ არის ასე მარტივი საქმე. მილიონი გზა არის იმისთვის, რომ ჩვენ ბრძოლა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შოთა მარტინენკომ.

„კონსერვატული მოძრაობის“ წევრი ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ დაანონსებული აქციის მთავარი ამოცანა არის აჩვენონ ხელისუფლებას, რომ არ გაჩერდებიან, რომ ამ ფლანგზე არის ხალხი, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას.

„უბრალოდ, რაღაცა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, რომელიც პოლიტიკური დირექტივით იყო ნაკარნახევი, რეალური პოლიტიკური ძალის გაჩერება არის შეუძლებელი და მაგის დემოსტრაციისთვის არის საჭირო ეს აქცია. რაც შეეხება ვერიებს, შეიძლება სხვადასხვა ვერსია გავრცელდეს, მაგრამ ამ სიტუაციაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მშრალი ფაქტები, რომლებიც ბევრად უფრო მეტ რამეზე მეტყველებს.

ბანალური ფაქტია, რომ საჯარო რეესტრმა ჩვენი პარტია დაარეგისტრირა. თუ რამე შეცდომა იყო, რატომ გაგვატარა რეესტრში? ორი წელიწადზე მეტია ვფუნქციონირებთ როგორც პარტია და ჯარიმებსაც გვიწერდნენ. როდესაც 50 ათასი ხელმოწერა ჩავაბარეთ, უკვე პარტიული ნომერი უნდა მოეცათ და შანსი არ ჰქონდათ, რომ დავებლოკეთ, რადგან იმდენი ხელმოწერა მივიტანეთ, ვერ მოხერხდა მაგათი გაბათილება, უბრალოდ, ადმინისტრაციული ბრძანება გაიცა პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. ეს აჩვენებს მარტივ რაღაცას - იმდენად დიდი პრობლემაა კონსერვატული ფლნაგის მონაწილოება, რომ ასეთ ბანანის რესპუბლიკის მეთოდებზე გადავიდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ მახარაძემ.