„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია. ბიუროს გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი, ალტერნატიულ კანონპროექტებთან ერთად, განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის სხდომა 12 აპრილს გაიმართება. აღნიშნული კანონის წყალობით დამალული მილიონების ისტორია საჯარო ხდება.
ხშირ შემთხვევაში ის დაფინანსება, რომლის გამჭვირვალობაზეც ხელისუფლება საუბრობს, დაკავშირებულია პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების დაფინანსებასთან, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არის თვისობრივად გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც რესურსულად ძლიერი და ექსტრემიზმით გამორჩეული ორგანიზაციებია, 2012 წლიდან, მაქსიმუმ, 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ.
„მთლიანი თანხა, რაც ნაჩვენები იყო, ოღონდ დეტალების გარეშე, 85 მილიონ 400 ათასი ლარი იყო, ეს არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმ ამდენი ხარჯი აქვს გაწეული შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ჩვენ არანაირი ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრიობის და კონკრეტული წყაროების თაობაზე არ გვაქვს.
აქედან დეტალური ინფორმაცია მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით გვაქვს, ანუ 15 მილიონ 400 ათას ლართან დაკავშირებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მილიონზე მეტიდან, მინიმუმ, 70 მილიონი მათ აქვთ დახარჯული ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალე, არავითარი ინფორმაცია არ აქვს მთავრობასაც კი ამასთან დაკავშირებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისთავად ეს ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, სიცრუეა, რომ არასამთავროების საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა და ასახულია ფინანსთა სამინისტროში და სწორია, რომ ფინანსთა სამინისტროში, უკეთეს შემთხვევაში, ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 18%“. მისი განცხადებით, მცდარია, თითქოს რადიკალური ოპოზიცია და NGO-ს სექტორი სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის უფლებებს იცავენ. შესაბამისად, ქართველიშვილის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აუცილებლად იქნება მიღებული.
„სიცრუეა, რომ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის რუსული. სწორია, რომ გაუმჭვირვალობა და ცენზურა არის რუსული, უკრაინული და მოლდოვური. სიცრუეა, რომ რადიკალური ოპოზიცია და ენჯეო სექტორი სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის უფლებების სადარაჯოზე დგანან. სწორია, რომ სოციალურ მედიაში „ქარდებთან“ ბრძოლისა და ცენზურის დაწესების ინიციატორები და შემსრულებლები რადიკალური ოპოზიციისა და მათი ენჯეო სექტორის წარმომადგენლები არიან“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
კანონი, რომელიც მოქმედებს ევროპულ ქვეყნებში და მათ შორის აშშ-ში, საქართველოში „რუსულ კანონად“ შერაცხეს. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საპროტესტო აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ჯერ ქუჩაში და შემდეგ არჩევნებზე უნდა დასრულდეს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, უნდა გამოქვეყნდეს იმ ქვეყნებში მოქმედი კანონი, რომელი ქვეყნების მაგალითი მოაქვს ოპოზიციას. კერძოდ, ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისის სამოქალაქო საზოგადეობა არის თუ არა გრანტებზე იმდენად დამოკიდებული, რამდენადაც საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება, რაც მეეჭვება.
„ამდენად, ეს განსხვავებული გამწარება, ვიდრე იქ იყო, შეიძლება ნაწილობრივ ამითაც იყოს განპირობებული. არის კიდევ მეორე მომენტი - ვინ მოქმედებს ამ ხერხით - არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს ხერხია ჩამოყალიბებული ხერხი, რომელსაც აქვს თავისი კონცეფცია. ხშირად გვიხსენებია შარპის ხავერდოვანი რევოლუციების ტექნოლოგიები, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა სწორედ მედიას და ა-ო-ებს, რაც ჩვენ კარგად ვიცით.
2003 წელს მაგ ტექნოლოგიით მოხდა რევოლუცია საქართველოში. ასე რომ, ტექნოლოგიების სახითაც არსებობს. ისმის საკითხი, ვინ იყენებს ამ ტექნოლოგიებს? - სავარაუდოა, რომ დასავლეთის ქვეყნებში, ძირითადად, ამ ტექნოლოგიებს იყენებს რუსეთი და შესაბამისად, ეს კანონი სწორედ შარპის მაგვარ ტექნოლოგიებს ბლოკავს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ შარპის ტექნილოგიები შეიძლება გამოიყენოს დღევანდელი საქართველოს მიმართ, ორი ძირითადი წყაროა - ერთი მხრივ უდავოდ რუსეთი შეიძლება დასახელდეს, რომელსაც ინტერესი აქვს საქართველოში მყოფი ხელისუფლების მიმართ და მეორე, დასავლეთის ქვეყნები, რომლებსაც, ასევე, შეიძლება, პრეტენზიები ჰქონდეთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
„შარპის ტექნოლოგიაც ხელისუფლების შეცვლის ტექნოლოგია არის. ჩვენს სუვერენიტეტს დასავლეთი შებღალავს თუ ჩრდილოეთი, ორივე შემთხვევაში დაზარალებული ვიქნებით. ამიტომ, ორივეს გაძლებისთვის საჭირო არის ანალოგიური ტიპის კანონი. ტყუილად არ არის დასავლეთის ქვეყნებში ეს კანონი, იქ რუსულ საფრთხეს ებრძვიან, ძირითადად. ჩვენ, როგორც პატარა და შედარებით უძლურ ქვეყანას, საფრთხეების რიცხვი უფრო დიდი გვაქვს. ასე რომ, ინტერესები შეიძლება ბევრი იყოს, აღარ ვლაპარაკობ აზიის ქვეყნებზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.