პანდემიის შემდგომმა მაღალინფლაციურმა გარემომ გლობალურად ხელფასების ზრდა გამოიწვია და არც რეგიონის ქვეყნებია გამონაკლისი. საქართველო მეზობელ ქვეყნებს, საშუალო ანაზღაურების მიხედვით, გაუტოლდა და ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდეც. თუმცა ერთია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები და მეორეა არსებული რეალობა და მედიანური ხელფასი.
2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი (ეროვნულ ვალუტაში) საქართველოში - 64.5%-ით, სომხეთში - 47.8%-ით, ხოლო ყაზახეთში 93.1%-ით გაიზარდა. ამასთან, აშშ დოლარში ხელფასების ზრდის კიდევ უფრო მაღალი ტემპი დაფიქსირდა საქართველოსა და სომხეთში, რადგან ამ პერიოდში ქართული ლარი და სომხური დრამი აშშ დოლარის მიმართ მნიშვნელოვნად გამყარდა. ყაზახეთის ეროვნული ვალუტა (ტენგე), ლარისა და დრამისგან განსხვავებით, გაუფასურდა და შესაბამისად, ხელფასები აშშ დოლარში უფრო ნაკლებად გაიზარდა (თუმცა, ყაზახეთში ხელფასის დონე სომხეთსა და საქართველოზე მაღალია).
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საშუალო ხელფასი ქვეყანაში 2000 ლარს აჭარბებს. 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.
თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი მედიანურთან საკმაოდ განსხვავებულია. ცდომილება რომ ძალიან დიდია, ამაზე ეკონომისტები პირდაპირ საუბრობენ. ერთადერთი გამოსავალია მეთოდოლოგიის შეცვლა ან სწორება მედიანურ ხელფასზე, რომელიც რეალობასთან მეტ-ნაკლებად ახლოსაა. როგორც ცნობილია, ტოპ-მენეჯერების ხელფასი საქართველოში 10 000 ლარის ფარგლებშია, ზოგ შემთხვევაში, მეტიც. ასეთ ფონზე საშუალო ხელფასით მანიპულირება შრომის ბაზარზე დიდ უხერხულობას ქმნის. მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიზერული შემოსავლის გამო, იძულებულნი არიან ქვეყანა დატოვონ.
როგორც აღმოჩნდა, საშუალო ხელფასის სიდიდეზე გავლენა მიგრაციამაც მოახდინა. კერძოდ, დაბალანაზრაურებადი მოქალაქეების გადინებამ. ცხადია, მათი ერთიანი სახელფასო სისტემიდან მათი ამოვარდნა საბოლოოდ საშუალო ხელფასის მაჩვენებლებზე აისახება.
სწორედ მედიანური ხელფასზე აკეთებს აქცენტს სტატისტიკოსი გივი მომცელიძე, რომლის შეფასებითაც, საშუალო ხელფასის სტანდარტის გადახედვა აუცილებელია. გარდა ამისა, შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალია მინიმალური სახელფასო ზღვარის განსაზღვრა, რაც სტატისტიკურ მონაცემებშიც მეტ სიცხადეს შეიტანს.
„საშუალო ხელფასის მონაცემები დღევანდელ მეთოდიკაში ჯდება, მაგრამ ცალკე პრობლემაა, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს მისი გაანგარიშება და არ შეგვყავდეს მოსახლეობა შეცდომაში. ვიღაცებს, ძალიან ცოტა ადამიანს, ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვს იმ დროს, როცა დაახლოებით 1,4 მილიონი დასაქმებული ბევრად ნაკლებ ხელფასს იღებს.
მედიანური ხელფასია საინტერესო, რომელიც საშუალო მაჩვენებელს საკმაოდ დაშორებულია და ამაზე ბევრი შეიძლება ვიდავოთ. სწორედ მედიანურ ხელფასს მოკრძალებულად, წელიწადში ერთხელ აქვეყნებს სტატისტიკის სამსახური და მისი მაჩვენებლები საშუალო ხელფასის სტატისტიკას აცდენილია. რეალურად 1100 ლარზე მეტი არ არის და გამოდის, რომ საშუალო მაჩვენებლის ნახევარია.
ახლა როგორც ითვლიან საშუალო ხელფასს, ეს მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. მილიონზე მეტ დასაქმებულ ადამიანს ეუბნებიან, რომ ქვეყანაში საშუალო ანაზღაურება 2000 ლარია, როცა დიდი უმეტესობა 1000 ლარსაც ვერ იღებს თვეში. ასე რომ იყოს, ადამიანები ქვეყნიდან არ გაიქცეოდნენ, თვეში 1500 ლარის შემთხვევაშიც დარჩებოდნენ საქართველოში, მაგრამ ეს შემოსავალიც არ აქვთ. მინიმალური ხელფასის სტანდარტი მცირედით მაინც შეცვლიდა მოცემულობას, ვრფიქრობ, დროულად უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით ნაბიჯები“, - აღნიშნა მომცელიძემ.
არსებულ პრობლემებზე ხშირად უწევთ საუბარი საკანონმდებლო ორგანოში. საარჩევნო წელს სიღარიბის და ხელფასების თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა უპასუხა კითხვას, თუ რას აკეთებს მმართველი გუნდი პრობლემების გადასაჭრელად.
„უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი ხელფასები, იძულებითი მიგრაცია – ეს მემკვიდრეობით მიღებული პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც ვცდილობთ და საკმაოდ წარმატებითაც გამოგვდის. უმუშევრობა განახევრებულია, სიღარიბე განახევრებულია, ბავშვთა დახმარებისათვის 600 მილიონია გამოყოფილი, მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ პერიოდში ნული ლარი იყო. სოციალური ბიუჯეტი დღეს 5,6 მილიარდი ლარის ოდენობით გვაქვს, ხოლო „ნაცმოძრაობის“ დროს ის იყო 1,5 მილიარდი ლარის ოდენობით. ეს არის ის პროგრესი და რეალური რიცხვები, რომელთაც ხაზს ვუსვამთ. დიახ, თავს ვიწონებთ, რომ პრობლემებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვერევით და, როგორც ჩვენმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ ქვეყანაში სიღარიბე გაუტოლდეს ნულს “, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.