„ოპოზიციად წოდებულმა კრიმინალებმა ცხრა წლის განმავლობაში სისხლი ღვარეს და დღესაც ცდილობენ ქაოსის გამოწვევას, ეს პრობლემა უნდა მოხსნას არჩევნებმა“

„ოპოზიციად წოდებულმა კრიმინალებმა ცხრა წლის განმავლობაში სისხლი ღვარეს და დღესაც ცდილობენ ქაოსის გამოწვევას, ეს პრობლემა უნდა მოხსნას არჩევნებმა“

შემოდგომაზე „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადით შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენას და პარლამენტის დაკომპლექტებასთან ერთად ახალ პრეზიდენტსაც აირჩევს, რითაც წარსულს ჩაბარდება „ოცნებისთვის“ არაკომფორტული პრეზიდენტების ხანა, მათ შორის, ზურაბიშვილის ჩათვლით. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც პარლამენტის, საკრებულოების და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებით იქნება დაკომპლექტებული. პრეზიდენტის არჩევნები ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებიდან 45 დღეში უნდა დაინიშნოს.

რა მოცემულობით მივდივართ 2024 წლის არჩევნებზე და რამდენად რთულია არჩევნებამდელი პერიოდის გავლა ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის?

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ არანაირი პრობლემა არჩევნებს არ ექმნება. ერთადერთი პრობლემა, რომელიც დღეს ანტიქართულობას გამოხატავს, ეს არის ოპოზიციად წოდებული კრიმინალები, რომლებმაც ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში სისხლი ღვარეს და დღესაც ცდილობენ ქაოსის განმეორებას.

„ეს ყველაზე დიდი პრობლემა უნდა მოხსნას არჩევნებმა და ამ კრიმინალებისგან უნდა გათავისუფლდეს ქვეყანა. ეგენი აღარ უნდა ქმნიდნენ ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეს. გადატრიალება იყო და 2003 წელს მაგათ მოახდინეს, იმის შემდეგ მუდმივად გადატრიალების რეჟიმში გვაცხოვრებენ, რადგან ვერ მოდიან ხელისუფლებაში. ველოდები, რომ ამომრჩეველი დიდი ენთუზიაზმით მივა არჩევნებზე, მით უმეტეს, თუ ხელისუფლებამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი და ისეთი კანონები მიიღო, რომლებიც ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღეს შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღესდღეობით სიტუაცია ქვეყანაში არეულია, პოლიტიკური კრიზისია, პოლარიზაციაა. ამდენად, საერთოდ გაურკვეველია, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა. უფრო მოსალოდნელია, ამომრჩევლები დაბალი აქტივობით მივიდნენ არჩევნებზე. შეიძლება ისეთი რამეც მოხდეს, პარლამენტი ავირჩიოთ, მაგრამ ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რადგან ვერავინ შექმნას უმრავლესობა, მათ შორის, მმართველმა პარტიამაც კი.

„სიტუაცია კრიტიკულია. საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა მარტივი არ არის. საპარლამენტო რესპუბლიკაში ხშირია საპარლამენტო კრიზისები. ბელგიაში 3-ჯერ თუ 4-ჯერ აირჩიეს პარლამენტი და დღესაც ბელგიის სამეფოს დროებითი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ასევე მოხდა იტალიაშიც, სადაც ერთ წელიწადში სამი პარლამენტი აირჩიეს. საქართველოშიც წინასაარჩევნოდ რთული ვითარებაა. კორუფციულმა სქემებმა და ნეპოტიზმმა საყრდენი გამოაცალა მმართველ პოლიტიკურ ძალას. ვერ გეტყვით, ირაკლი კობახიძე რას შეცვლის, რადგან არც სამართლიანობა აღმდგარა, ძველი საქმეებიც თაროზეა შემოდებული, პროკურატურა მაჩანჩალა ორგანოდ იქცა და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ასეთივე საშინელება დაფიქსირდა ჯანდაცვის სამინისტროშიც. ამ მოცემულობით მივდივართ წინასაარჩევნო პერიოდში. ასეთ რთულ დროში ზოგიერთები კიდევ აგვისტოს ომის გამოძიებაზე ლაპარაკობენ. ახალი რა უნდა გამოიძიონ? ისედაც გასაგებია, ეს ომი როგორც დაიწყო. ამაზე უფრო ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, რადგან ქვეყანაში გაქანებული პოლიტიკური კრიზისია, პოლარიზაციის მაღალი დონეა. როცა ქვეყანა დაწყნარდება, სტაბილური განვითარების დონეზე გადავა, მაშინ შესაძლებელია ამ ომის გამოძიება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მანვე გაიხსენა, რომ თავადაც იყო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ლაფანყურის ე.წ. სპეცოპერაციას იძიებდა, მაგრამ ეს ხდებოდა 2012 წელს, როცა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი დაემხო და საქართველოში დაიწყო სტაბილიზაციის პერიოდი, პოლიტიკური თავისუფლება, ეკონომიკური ინდიკატორი გაიზარდა, საქართველო პლურალისტური გზით მიდიოდა, რამაც ხელი შეუწყო ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციას. თუმცა პანდემიამ ეს ყველაფერი უკან დასწია.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, ახლანდელი არჩევნებისკენ რთულად მივდივართ, ვინაიდან ბევრ ადამიანს არ მიუწევს გული არჩევნებზე და სადღაც 60%-ს აღწევს ასეთ ნიჰილისტთა რაოდენობა. ამ ფონზე გასაკვირი არცაა, კიდევ უფრო გაიზარდოს არჩევნებზე წასვლის სურვილის არმქონე ადამიანების პროცენტული რიცხვი.

„ვერ ვიტყვი, რომ ხალხი არ მივა არჩევნებზე, მაგრამ ნიჰილისტური ტენდენცია შეიძლება გაჩნდეს. ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის, ყველა ევროპულ ქვეყანაში ამომრჩეველთა დაახლოებით 30% მიდის არჩევნებზე, მეტი ისედაც არ მიდის. დემოკრატიას ეს ხარვეზი ახლავს. თუ შეგიძლია არ მიხვიდე არჩევნებზე, არც მიხვალ, რადგან თავისუფალი ხარ არჩევანში“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბრისას.