ბრძოლა წესების გარეშე - Facebook-ზე „ქართული ოცნების“ საინფორმაციო ბანერები მასიურად იბლოკება

ბრძოლა წესების გარეშე - Facebook-ზე „ქართული ოცნების“ საინფორმაციო ბანერები მასიურად იბლოკება

დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ინიცირებისათვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი წარედგინება. ბიურო მას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს. კანონპროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით არის რეგისტრირებული. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად „ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართება. ოპოზიციის და ა-ო წევრები აცხადებენ, რომ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ხელისუფლებას რუსულ კანონს არ მიაღებინებენ.

რაში მდგომარეობს კანონის რუსულობა ამის შესახებ ოპოზიცას და ა-ო პასუხი არ აქვთ. სინამდვილეში ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის განმავლობაში კი, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნონ, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტი ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომლის შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა. „გამჭვირვალობის კანონი“ არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს, მეცნიერს, სტუდენტს, ემიგრანტს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ იურიდიულ პირებს. სწორედ რადიკალების მიერ მოყვანილი ცრუ ფაქტების საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ საინფორმაციო ბანერებზე, რომლებიც ოპოზიციასთან დაკავშირებული არასამთავრობოების ჩარევით სოციალურ ქსელში იბლოკება.

როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ, სტილი ზუსტად იგივეა - როგორც „ნაცმოძრაობის“ დროს ვერაფერს უხერხებდნენ სიმართლეს და ერთადერთი გადაწყვეტა იყო საინფორმაციო საშუალების ჩახშობა, ზუსტად იგივე მეთოდი გამოიყენეს ახლაც. მათივე თქმით, როგორც ჩანს, მთელი ძალისხმევა არა პასუხის გაცემისკენ, არამედ ინფორმაციის წაშლისკენ მიმართეს. მმართველი გუნდის წევრებმა სოციალურ ქსელში დაბლოკვის შემდეგ, ახალი ქარდები განათავსეს. ქარდებზე წერია, რომ გამჭვირვალობა ევროპულია, ცენზურა კი რუსულია.

„აბა, ამასაც თუ დაბლოკავენ ამ მარგინალების, მდიდარი „ენჯეოშნიკების“ და ზოგადად უსამშობლოების მიერ დაქირავებულები!!! სიმართლეს მაინც მივაწვდენთ და მივიტანთ ხალხამდე!!!“, - წერს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედია საშუალებების ოფიციალურ გვერდებზე დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. Facebook-ზე საინფორმაციო ბანერების გაქრობა უკავშირდება რადიკალებისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო „ფაქტჩეკერში“.

შეგახსენებთ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე დეზინფორმაციული კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციებს, თითქოს „გამჭვირვალობის კანონი“ არის რუსული, რომლითაც საქართველო ამკვიდრებს იმავე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს. ასევე, მათი მტკიცებით კანონი მიმართულია საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს. რადიკალების მტკიცებით, მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ქვეყანას რუსეთის პირისპირ დატოვებს.

არსებული ინფორმაციით, Facebook-ზე გამჭვირვალობის შესახებ საინფორმაციო ბანერების დაბლოკვა, მსჯავრდადებული სააკაშვილის აქტიურ მხარდამჭერ ნიკოლოზ ბოლქვაძეს უკავშირდება, რომელიც Meta-ს სათავო ოფისში მუშაობს. ბოლქვაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის სოციალური მედიის მენეჯერად. დღემდე მსჯავრდადებული სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერია.

გამჭვირვალობის შესახებ საინფორმაციო ბანერების დაბლოკვაში არიან ჩართულები რადიკალები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებიც, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო FACT CHECK-ში. FACT CHECK-ი აწვდის ცრუ ინფორმაციას Meta-ს, რაც თავადაც დაადასტურეს. FACT CHECK-ის პროექტს ახორციელებს, ერთ-ერთი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასი“, რომლის წევრებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და იდეოლოგები არიან. მათი ნაწილი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელიცაა. არსებული ინფორმაციით კამპანიის უკან დგას სერგი კაპანაძე, ნოდარ ხარშილაძე, თინა ბურჯალიანი, შოთა უტიაშვილი, ელენე ხოშტარია და თამარ კინწურაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილე, ალექსანდრე კრევო ასათიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად ვეღარ გამოიყენებს.

„ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად ვეღარ გამოიყენებს. „ქართული ოცნება“ არის დასუსტებული და იზოლირებული, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კიდევ უფრო იზოლირებული გახდება. სამწუხაროა, როცა, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას ყველა ფორმის თანამშრომლობა გვჭირდება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყნის კურსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე.

„ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას - მხოლოდ ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების! დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თურმე, გამჭვირვალობა არ ყოფილა ევროპული ღირებულება, ყველაფერი გამჭვირვალეა და დეკლარირებულია. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, სწორედაც რომ არის ევროპასთან ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი.

„სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გავრცელებული ქარდების დაბლოკვა ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხზე ოპოზიციას არგუმენტი არ გააჩნია. ასევე, ნიშნავს იმას, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ „ფეისბუქის“ თუ მსგავსი სოციალური მედიების სათავო ოფისებთან, რომლებსაც დეზინფორმაციას აწვდიან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ, ასეთი მიდგომა ევროკომისიის მიერ გაცემული 9 პუნქტიდან, პირველი პუნქტის - ევროპული ფასეულობების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ცხრა ნაბიჯიდან, ყველაზე მნიშვნელოვან - პირველ ნაბიჯს და შესაბამისად, ხელს უშლიან საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ განსხვავებული აზრის დევნა-დაბლოკვა ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, თუნდაც სოცქსელისგან, არის ყველაზე სამარცხვინო და ევროპელი დემოკრატიითვის დამაზიანებელი აქტი.

„ამით მხოლოდ თვითლუსტრაცია მოახდინეს და აჩვენეს, რომ ეშინიათ. ალტერნატიულ აზრს თუნდაც ევროინტეგრაციის დროშით და ფეისბუქ დაბლოკვით ვერ ჩაახშობენ. ევროინტეგრაციის დროშას კი ბოლო დროს ბევრი ბინძური და სისხლიანი ხელები წაეპოტინა, სხვა გზა აღარ დარჩათ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე იხსენებს, რომ 1992 წელს ჰელსინკში, სადაც იმართებოდა ეუთოს შევხედრა ევროპელმა ლიდერებმა არ მიიწვიდეს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაგრამ მიიწვიეს ედუარდ შევარდნაძე, რომელიც არ სარგებლობდა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით. მისი თქმით, ასეთი სამართალი ჰქონდა მაშინდელ ევროპას და ასეთი სამართალი აქვს დღესაც.

„წარმოიდგინეთ, ერთი უწყინარი კანონის გამო გამოდის მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ბლოკის გენმდივანი და განაცხადა, რომ ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ სვლაო. მაშინ, როდესაც ცხვირწინ იმ ევროპას და იმ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკ ნატოს თავზე ამხობს ყველაფერს რუსეთის სახელწმიფო, ცხვირ-პირი დაუმტვრია მის მიერ გაგზავნილ ტექნიკას, ნატოსა და დასავლეთის იმიჯს, ამ სიტუაციაში აცხადებს, რომ საქართველო დემოკრატიის წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებსო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოს დღევანდელი პოლიტიკური ელიტა აგონიაშია და ეს აგონია არის სწორედ ის, რაც დღეს საქართველოსთან მიმართებაში ხდება.

ეს რა არის ხალხო, ერთი მხრივ ლაპარაკი იმისა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი და მეორე მხრივ ის, რომ ნინო ლომჯარიას ქვედა საცვალი გადაიფარეს თავზე?! დღევანდელ მსოფლიოს პოლიტიკურ ელიტას ნინო ლომჯარიას საცვალი აქვს თავზე გადაფარებული, სხვა რაა მეტი? გამოვიდნენ და არგუმენტირებულად თქვან, რა წერია იქ, მაგრამ - არა. ლაპარაკობენ, რომ რუსულია. კი, მაგრამ სად არის, გვანახონ ამ კანონის რუსულობა, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ, იმიტომ, რომ ასე არაა. მაგრამ შორს მიდის გეგმები“, - აცხადებს გვენეტაძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები მეტყველებს არა მსოფლიოს უშიშროებაზე, არამედ მსოფლიოს საშიშროებაზე.

„გაოგნებული ვარ. როგორ შეიძლება ამ დონემდე დაეცეს მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინას მოუწევს მიწების დათმობა რუსეთის წინააღმდეგო და ამ დროს აქ კანონის მიღებაზე არის ასეთი ამბები. ე.ი. კანონი ვერ უნდა მივიღოთ ჩვენს ქვეყანაში რომელიც ეხება გამჭვირვალეობას? გამაოგნებელია, წარმოუდგენელია! დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური ელიტა, ეტყობა, ჩრდილს პოულობს ნინო ლომჯარიასა და მისთანა ოდიოზური ფიგურების საცვლების ქვეშ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ცუგო- ამ კანონს გარე ძალებიდან ყველაზე მეტად ამერიკელები ებრძვიან, ე. ი. ყველაზე მეტად დასამალი მაგათი აქვთ... თუმცა, ეგ ისედაც ვიცოდით...
7 თვის უკან