საინფორმაციო ომი ხელისუფლების წინააღმდეგ - როგორ ცდილობს ოპოზიცია ხალხის ტყუილით ქუჩაში გამოყვანას

საინფორმაციო ომი ხელისუფლების წინააღმდეგ - როგორ ცდილობს ოპოზიცია ხალხის ტყუილით ქუჩაში გამოყვანას

ოპოზიციამ მესამე სექტორთან ერთად ხელისუფლებას ნამდვილი საინფორმაციო ომი გამოუცხადა. კარგად დაგეგმილი პროპაგანდით ისინი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ხელისუფლების მიერ პარლამენტში დაბრუნებული გამჭვირვალობის კანონი ე.წ. რუსულია და, რომ მისი მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა უკან გაიწვიოს. ასევე საფრთხე ვიზალიბერალიზაციას ემუქრება და თუკი ხალხი ქუჩაში შარშანდელივით არ გამოვა, მაშინ ქვეყნის ევროპული მომავალი კითხვის ქვეშ დადგება.

ოპოზიციამ ასევე მოახერხა და საინფორმაციო ბანერები, რომელიც სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მესამე სექტორის ერთობლივი კამპანიის საპასუხოდ გავრცელდა, კონკრეტული მიზნით და მიზეზით დაიბლოკა.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ფეისბუქის“ გადაწყვეტილების უკან ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დგას, რომელიც ამ სოციალური ქსელის ოფიციალური კონტრაქტორია და ლობისტების მეშვეობით საერთაშორისო „ფაქტჩეკში“ ვერიფიკაცია აქვს მოპოვებული.

არასამთავრობო ორგანიზაციაში „ფაქტჩეკში“ „ფეისბუქთან“ თანამშრომლობას ადასტურებენ, მეტიც, არ უარყოფენ, რომ „ფეისბუქმა“ საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის გადაწყვეტილება მათი მიმართვის საფუძველზე მიიღო, რადგან „ფაქტჩეკი“ ამტკიცებდა, რომ ბანერების შინაარსი მცდარ ინფორმაციას შეიცავდა.

რაც შეეხება თავად ორგანიზაციას, „ფაქტჩეკი“საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტია, რომლის დამფუძნებელია პაატა გაფრინდაშვილი. საქართველოს რეფორმების ასოციაციის, სადამფუძნებლო სიაშია სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია. ორგანიზაცია თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან: „ნედი“, „იდი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, ჰოლანდიის საელჩო საქართველოში და სხვა.

ოპოზიცია დაბლოკილი ბანერებით კმაყოფილია. „ფაქტჩეკის“ განცხადების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები მაინც ამტკიცებენ, რომ „ფეისბუქმა“ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

მდინარაძე ვიზალიბერალიზაციის და კანდიდატის სტატუსის გაუქმებაზე ოპოზიციის კამპანიასაც გამოეხმაურა და ამბობს:

„დღეს ე.წ. სქრინი, ფოტო ვნახე, „სირცხვილიას“ განცხადების და მართლა სირცხვილია, რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას და ახალგაზრდებს. ისინი ამბობენ, თურმე 14 ქვეყანას ახლა შეუძლია, კანდიდატის სტატუსი ჩამოგვართვას. მსგავსი პროცედურა არ არსებობს, უბრალოდ, ატყუებენ“.

მისი თქმით, „სირცხვილია“ ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და დაარწმუნოს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს ჩამოართმევს, რისი პრეცედენტი და პროცედურაც არ არსებობს.

„ახალგაზრდებს მივმართავ: წარმოიდგინეთ, რა გაკადრეს, ხალხო, შარშან. ჩვენს მომავალ თაობას რა აკადრეს შარშან და წელსაც რას აკადრებენ, რომ აგერ, პროცედურა იწყებაო, უწერია „სირცხვილიას“ და, სხვათა შორის, ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული ეს ორგანიზაცია. ასე უსირცხვილოდ, „სირცხვილია“ ატყუებს, თითქოს ასეთი პროცედურა ან პრეცედენტი არსებობს კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის, რაც ცალსახად უბინძურესი ტყუილია, რაც გამორიცხულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა ოპოზიციის პროპაგანდის მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში შიში დათესოს, ვითომ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეეშლება. ამიტომ გამოგონილი ამბებით, ხალხის ქუჩაში გამოყვანა უნდათ.

„ოპონირების რეჟიმიც ხომ უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანმა დაიჯეროს და ლოგიკასთან ახლოს იყოს. ოპოზიცია პანიკაში იმდენად არის ჩავარდნილი, რომ ისეთ რაღაცეებს იგონებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს. ახლა მიდის ჩვეულებრივი ინფორმაციული ომი და ვინც ამ ბრძოლას მოიგებს, აუდიტორიაც მას დარჩება. ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდები, ოპოზიცია ყველაფერზე მიდის. მოკლე დროში საზღვარგარეთ გარკვეული წრეების მობილიზებაც კი მოახიდნეს და კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ამდენი საქმე აქვთ იქ და ასე, ერთდროულად, ყველა რომ კანონის გამო იცლის, ამას ხომ მოხერხება უნდა.

ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათთან აფილირებულ ენჯეოებს, თავიანთი პირადი კაავშირები აქვთ. ამ ყველაფერს იყენებს და აამუშავეს ეს კავშირები. როგორც ჩანს, ეს კანონი ვიღაც-ვიღაცების პირად ინტერესებს ძალიან ცუდად შეეხო. რა არის აქ ასეთი დრამატული, თუკი პატიოსნად შეგიძლია წლის ბოლოს დეკლარაციის შევსება. ოპოზიცია ამბობს, იუსტიციის სამინისტროს ეძლევა უფლება შეამოწმოს და ა.შ. სამინისტრო მაშინ ერევა, თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია არ დაემორჩილა კანონს. თუკი ემორჩილება, რატომ ჩაერევა სამინისტრო. ვიღაცები რატომღაც ცდილობენ, დახატონ სცენარი, რომ აუცილებლად ყველაფერი ცუდისკენ წავა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ახლა ისეთი საინფორმაციო ომი გაჩაღდა, რომლის მსგავს მასშტაბიც წინა წელსაც კი არ ყოფილა. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველომ დასავლეთიდან ამ კანონთან დაკავშირებით შტურმი მიიღო. მეორე მხრივ, ხელისუფლებას უწევს იმის გათვალისწინება, რომ ევროპარლამენტარების მნიშვნელოვანი ნაწილი, სხვადასხვა ლობისტურ საქმიანობაში არიან ჩართულები.

„ჩვენ გვსაყვედურობენ და თავიაანთ ქვეყნებში ამ კანონის მიღებას ამართლებენ იმით, რომ ლობიზმს ებრძვიან. ძნელია დარმწუნებული იყო, რომ ეს ზეწოლა, რომელიც ახლა ჩვენს ხელისუფლებაზე დასავლეთიდან წამოვიდა, ლობიზმის შედეგი არ არის. ევროპის ასეთი აღშფოთებაც ლობიზმის შედეგი არ არის და მათ, რეალურად, ამ კანონზე გული შესტკივათ. ეს ეჭვი სულ მაქვს, რადგან გაუგებარი ხდება, რატომ არიან ასეთი აღელვებულები, როცა იგივე კანონი ევროპის სხვა ქვეყნებშიც არის. თუმცა გააკეთებენ თუ არა იმას, რაც ლობიზმის დროს თქვეს, აი, საკითხავი ეს არის.

ამიტომ ის მუქარა, რითაც ხალხს ოპოზიცია აშინებს, რომ კანდიდატის სტატუსს უკან გაიწვევენ ევროპელები, რეალუად არ და ვერ მოხდება. ჯერ ამისთვის ევროკომისიის გადაწყვეტილებაა საჭირო და მერე ისევ 27 ქვეყნის დასტური. იგივე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს. ეს კი ვის წისქვილზე დაასხამს წყალს? რა თქმა უნდა, რუსეთის. ევროპის მსგავსი გადაწყვეტილება ხომ რუსეთისთვის საჩუქარი იქნება. ეს ხომ ქართველ ხალხში ევროინტეგრაციის მიმართ აგრესიას გამოიწვევს, ანტიდასავლურ პროპაგანდას რუსეთი ხომ უფრო გაატარებს. ამიტომ ამ რისკებს ევროპაში მშვენივრად იაზრებენ და სტატუსიც ამიტომ მოგვცეს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებებში ლოგიკური არგუმენტაცია ისევ არ ჩანს. საყვარელიძე ამბობს, რომ ეს განცხადებები ისევ დეკლარაციულია. ამიტომ ზედაპირულობა აჩენს ეჭვებს, რომ ევროპარლამენტარები ლობიზმით მოქმედებენ და მათი ე.წ. აღშფოთება გულწრფელი არ არის.

„ხალხი ქუჩაში რომ არ გამოდის, ოპოზიციაში უკვე მაგაზი არიან გამწარებულები. ეს არაერთხელ აღნიშნეს. ქუჩის პროცესებით უნდათ ისევ „ოცნებაზე“ ზეწოლა მოახდინონ. დასავლეთიც, ქვეყნის შიგნით რა მოხდება, იმას უყურებს. თუკი ხალხის რეაქცია მწვავე იქნება, დასავლეთიც ხალხს აჰყვება. ამიტომ ახლა მიდის ოპოზიიდან ეს გაშმაგებული საინფორმაციო ომი, რომ აჩვენონ დასავლეთს ხალხიც მათ მხარეს არის. მოსახლეობის გარეშე ვერაფერს გახდებიან. დრო ახლა ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს, რადგან ხალხს თუ გაბრაზება უნდოდა, პირველვე დღეს, რომ გაიგეს, მაშინ გაბრაზდებოდნენ. ახალა, რაც დრო გადის, ბრაზი ნელდება და მასშტაბური აქციების დაწყების ალბათობა ნაკლებია“, - ამბობს საყვარელიძე.