„10-12 წელია საქართველოში პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიან და სოროსის ფონდიდან თუ სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსების 90% პარტიებში გადადის“

„10-12 წელია საქართველოში პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიან და სოროსის ფონდიდან თუ სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსების 90% პარტიებში გადადის“

„რატომ არის ეს კანონი რუსული“ - ამ სლოგანით სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. ნიკა გვარამია, სალომე სამადაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, „თბილისი პრაიდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“ და სხვა ორგანიზაციები წერენ, რომ საქართველო ამკვიდრებს იმავე წესს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს, მტრად აცხადებს ევროკავშირს და ამერიკას, და მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ „ენჯეოებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კვლავ კამპანია, რათა ეს კანონპროექტი რუსულად დაბრენდონ და ამ იარლიყის მიწებებით ხალხი კვლავ ქუჩაში გამოიყვანონ.

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არის ეს კანონი ევროპული და არა ე.წ. რუსული.

მისი თქმით, ანალოგიური კანონი მოქმედებს ამერიკაში, ბრიტანეთში კანადაში, ინიცირებულია ევროკავშირში საფრანგეთსა და სლოვაკეთში. კანონის ერთადერთი მიზანია არასამთავრობო სექტორმა წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაცია შეავსოს, კანონი კიდევ უფრო გვაახლოვებს ევროპასთან.

„ენ-ჯე-ოს წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა, ყველა მათგანმა ერთად გამოაქვეყნა 5 ტყუილი, რომელიც არის უმარტივესი სამხილებელი.

პირველი პუნქტი იყო ასეთი - „საქართველოში ამკვიდრებს იგივე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს“. ეს არის მდაბიო ტყუილი, იმიტომ, რომ აქამდე არავის წაგიკითხავთ კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედებს. ეს ეხება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც ეკრძალებათ საჯარო მიმართვები და მოსაზრებების გავრცელება. რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ ქვეკონტრაქტორებიც კი. ანგარიშები ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. წარადგენენ მოხსენებებს, პროგრამებსა და სხვა დოკუმენტებს 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა საინფორმაციო ქსელებში. ფიზიკური პირები ვერ ინიშნებიან საჯარო სამსახურში, ვერ ერევიან საარჩევნო პროცესში, ეკრძალებათ ქონების გადაცემა ან მიღება, შემოწირულებების გაკეთება, პედაგოგიური საქმიანობა და ა.შ. ასევე, კანონის განმეორებით დარღვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მეორე პუნქტში მათ ჩაწერეს, თითქოს ჩვენი კანონი „მიმართულია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს“. ეს მეორე უბინძურესი ტყუილია, რადგან ქართული კანონი არ განსაზღვრავს მტრულად განწყობილი ქვეყნების სიას, მეტიც - არანაირ სიას არ განსაზღვრავს. მსგავსში ჩანაწერი ქართულ ინიციატივაში არ არის. ის თანაბრად ეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას და ა.შ. ეს მეორეც დადასტურებულია, რომ არის ტყუილი.

მესამე ტყუილი - „კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“. თავად ევროკავშირში ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელსაც ივნისში მიიღებენ. მსგავსი კანონები მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ისრაელში; უკვე განიხილება საფრანგეთში, კანადასა და სლოვაკეთში.

მეოთხე პუნქტი - „კანონი მეგობრების გარეშე დაუცველს გვტოვებს რუსეთის პირისპირ“. არც ეს არის კონკრეტული არგუმენტი, მაგრამ ამასაც გავცემ პასუხს. გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებში არსებული კანონების საუკეთესო პრაქტიკის მიღებას და ამავდროულად განამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ნუ, სათაურის ჩათვლით შემოგვთავაზეს დღეს 5 პუნქტი და ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი“,-ამბობს მდინარაძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ენჯეოები და მათთან აფილირებული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ იმ შავი საქმეების დაფარვას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გრანტის ჭამით აქვთ გაკეთებული. გვენეტაძე ამბობს, რომ იციან საზოგადოების დამოკიდებულება ყველაფერ რუსულთან დაკავშირებით, ამიტომ ისევ შარშანდელი ტრიუკის გამოყენება უნდათ, რაც ამჯერად არ გამოსდით.

„ეს ბატონები და ქალბატონები არ იბრძვიან არავის გამო. ისინი მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის იბრძვიან და იმ შავი საქმეებისთვის, რომლის გამოც ისინი ამ ფულს იღებენ. მათი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანას როგორმე ავნონ, ამიტომ ამაში ხელის შემშლელი ფაქტორები არ სჭირდებათ. რა აქვთ დასამალი, გამოააშკარავონ რა თანხებს იღებენ და რაში ხარჯავენ. ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ამერიკული კანონის „ფარას“ მსგავსი და სწორედ ამის შიში აქვთ.

მათ თითოეული კაპიკის გაწერა და ახსნა მოუწევთ, რაში დახარჯეს, ეს კი არაფერში აწყობთ. ამიტომ ისევ ნაცად ხერხს მიმართეს, მაგრამ ამჯერად ეს ხერხიც აღარ ამართლებს. მეტ- ნაკლებად ხალხი მიუხვდა, რომ მათ საკუთარი ინტერესების გამო იყენებენ. ზუსტად იგივე კანონი აქვს სლოვაკეთს, რომელიც ევროკავშირის წვერი ქვეყნაა, საფრანგეთს, ამერიკას, დიდ ბრიტანეთს და დაფიქრდა ხალხი, მაშინ რაშია პრობლემა? პრობლემა იმაშია, რომ თავიანთი აგენტების გაშიფვრა არავის აწყობს, აი, ამაშია მთელი პრობლემა. რაც არ უნდა ახლა ამ კანონს გვარამიამ, ლომჯარიამ, გიგაურმა და და-ძმანმა მათმა ეძახონ, უკვე არაფერი აღარ ეშველებათ. მათ ტყუილებს ფარდა აეხადა, ამიტომ ეს უკვე სასოწარკვეთილი ხალხის ბოდვაა“, - ამბობს გვენეტაძე.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ საქმე იმედანდ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიც არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ინტერესები და პოლიტიკური პარტიებისთვის უკანონდ ფინანსების მოძიება, რა თქმა უნდა, ისინი ყველა ხერხით ამ კანონპროექტის გაშავებას ცდილობენ.

„ბუნებრვია, ეს ამ ხალხში ძალიან სერიოზულ შიშს და ისტერიკას იწვევს. არა მარტო ენჯეო სექტორში, არამედ პოლიტიკურ პარტიუკებში. დაახლოებით, ბოლო 10-12 წელია საქართველოში ნელ-ნელა ჩამოყალბდა უკანონო დაფინანსების ფორმა, როცა პარტია ქმნის არასამთავრობო ორგანიზაციას, ხოლო ეს ორგანიზაციები სოროსიდან და სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსებას იღებენ. ამ დაფინანსების 90% პოლიტიკურ ორგანიზაციებში გადადის. 10% კი რაღაცა ვითომ სემინარებში და კვლევებში გაიწერება.

ეს, პრაქტიკულად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არის არა მხოლოდ არასამთავრობოების ჩახლართული სქემა, ეს არის სქემა, რომელშიც მონაწილეობენ დონორი ორგანიზაციები. ისინი ხომ თითოეული თანხის დახარჯვას აკონტროლებენ. ამიტომაც 90% სხვაგან რომ გადაათამაშონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ვერ წარადგინონ ფინანსური ანგარიშგება, ბუნებრივია, დონორი ორგანიზაცია რეაგირებას მოახდენს, რახან ეს დაფარულად ხდება, ეს იმას ნიშანს, რომ ეს ორგანიზაციები ამ სქემაში თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან. თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ დიდი ფული პოლიტიკურ პარტიებში მიდის. ამიტომ არის ეს ამხელა ისტერიკა და შიზოფრენიამდე მისული ამბავი“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ეს აგენტები ვერ გამოვლენ და ვერ იტყვიან, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მათ ფულს აძლევენ იმის 90%-ს პოლიტიკურ პარტიებს ურიცხავენ. ახვლედიანი ამბობს, რომ შარშანდელი ნარატივიდან წამოსული ე.წ. რუსული კანონი ისევ უნდათ რომ აამუშავონ. თუმცა წელს ეს ვეღარ იმუშავებს. ამის მიზეზად კი ახვლედიანი შემდეგს ასახელებს:

„შარშან ამ თემამ იმუშავა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მოულოდნელობა აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის კანონის დაინიცირების შემდეგ. არავინ ელოდა, რომ თავად უმრავლესობიდანაც კი ამას წინააღმდეგობა ექნებოდა. ვერ გაიაზრებდნენ ამ კანონის ამხელა მნიშვნელობას. აღმოჩნდა ისე, რომ თავდასხმის მთავარი ინიციატორი ოპოზიციაა და ეს დონორი ორგანიზაციები იყვნენ. ხელისუფლება ერთგვარ თავის მართლების პოზიციაში ჩააყენეს. დღეს ხელისუფლებამ კარგად გაიაზრა შარშანდელი გამოცდილება და ახალი ინიციატივის საზოგადოებისთვის შეთავაზება უფრო ზუსტად მოხდა. ყველამ იცის უკვე, რომ ეს ნამდვილად არის გამჭვირვალობის კანონი, რომ თუ არასამთავორბო ორგანიზაციამ დაფინანსება 20%-ზე მეტი მიიღო, უნდა გაასაჯაროვოს რაში ხარჯავს“, - ამბობს ახვლედიანი.