მოქმედება დაწყებულია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მეორედ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არის რუსული, რომლითაც საქართველო ამკვიდრებს იმავე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს.
ამასთანავე, მათი მტკიცებით კანონი მიმართულია საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს. როგორც ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ა-ო ამტკიცებენ, კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ქვეყანას რუსეთის პირისპირ დატოვებს.
ეს მაშინ, როდესაც ანალოგიური კანონები მოქმედებს აშშ-ში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის განმავლობაში კი, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნონ, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტი ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომლის შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა. კანონი არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს, მეცნიერს, სტუდენტს, ემიგრანტს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ იურიდიულ პირებს. მაშინ, როდესაც ანალოგიური კანონი მოქმედებს ბევრ ევროპულ ქვეყნებში, რატომღაც 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს.
„უცხოურ აგენტებზე“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის მედიის, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ევროკავშირის პრაქტიკებს გაყვეს, და არა რუსეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის კონტროლს, რეპრესირებას და საბოლოო ჯამში დაშლას ისახავენ მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უცხოური დაფინანსებით ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ფინანსდება ამერიკული, ევროპული, შვედური, ჰოლანდიური ფულით და ქართული ენჯეოების რესურსების გამოყენებით. ამიტომ შალვა პაპუაშვილი მიმართავს ყველა საელჩოს და დონორს, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ვინაიდან შარშან რა ტყუილიც იკადრეს ამ „ენჯეოებმა“, რათა დაემალათ თავიანთი ფინანსები, დღეს ამ ტყუილის გამეორება უცხოური დაფინანსებით ხდება.
„რა გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი? ანუ ის, რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპარლამენტი და ევროკავშირი, იგივე მიდგომა რომ ჩვენც გვქონდეს, ეს არ არის ევროპული? ერთადერთი სუბიექტი, ვისაც ამ საკითხზე შეუძლია იმსჯელოს, ეს არის ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება. სხვა ქვეყანას ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში ცოდნაც და კომპეტენციაც და მანდატიც არ აქვს.
ეს მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხმა, შეგვიძლია განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც საფრთხეები ყველა მხრიდანაა, ფაქტობრივად, მათ შორის, სხვადასხვა სახის, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ამ წლების განმავლობაში 18 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო, თუმცა რაში მიიღო, ან რაში დახარჯა, უცნობია. მისი თქმით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს დონორები იმისთვის აფინანსებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია აურიონ, ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი არ არის და მიუღებელია.
„კაპიტანი გიგაურის“ არასამთავრობო ორგანიზაცია რომ არის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ჯერ ერთი, რატომ არის ამდენი წელი ამ არასამთავრობოს თავმჯდომარე, ასეთი რა „დემოკრატიული“ პროცესები მიდის ამ ორგანიზაციაში, რომ ეს ადამიანი შეუცვლელი გახდა? და მეორე - ამ წლების განმავლობაში 18 მილიონი დოლარი საიდან და რაში მიიღო, ვინ გადაუხადა ან რაში დახარჯა? გამოვიდეთ იმ ილუზიებიდან, რომ ვინმე ვინმეს ფულს ტყუილად ჩუქნის. ასეთი რამე არ ხდება დედამიწის ზურგზე, თუ შვილს არ აძლევ.
ანუ, ეს არის მიზნობრივი დაფინანსება, რომელზეც იციან, რაში და როგორ უნდა დაიხარჯოს. თან, ისიც ვნახეთ, როგორც კი პატარა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, როგორ უცბად გამოვარდა „ენჯეო“ გიგაური, ავარდა ტრიბუნაზე და ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა დაიწყო. სად გაუგიათ და უნახავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკაში ერევა? თუ ამათ იმისთვის აფინანსებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია აურიონ, ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი არ არის და მიუღებელია“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.
„გირჩის“ წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია ქართველ „ენჯეოებთან“ არ მეგობრობს და ფიქრობს, რომ კარგს არაფერს აკეთებენ, მაგრამ მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ სხვის გაუმჭვირვალობაზე ლაპარაკობს, არ არის დამაჯერებელი.
„მე ძალიან მიხარია, როდესაც „ქართული ოცნება“ ასეთ შეცდომებს უშვებს და წინასაარჩევნოდ ნერვებს უშლის სტუდენტებს. უნდა, ისინი გამოიწვიოს, ხომ მოგიგეო. ენის გამოყოფით ასე ელაპარაკება და, ჩემი აზრით, ასეთს რაც უფრო მეტს გააკეთებენ წინასაარჩევნოდ, მით მეტი შანსია, ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ერთპიროვნული მმართველობა არ ვარგა.
რაღაცნაირად ჩვენ უნდა გადავიდეთ მმართველობის სხვა სტილზე და ამაში ვთხოვოთ ხალხს დახმარება, თორემ მართლა თუ გვინდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ხომ გასაგებია, რომ ამ მეთოდებით არავინ არსად მიგვესალმება. „ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ეს, უბრალოდ, ძალიან დიდი კომედიაა. ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ათასგვარ უაზრო რეპორტებს და ანგარიშებს ამზადებენ და დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობას მათი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია აქვს“, - ამბობს იაგო ხვიჩია.
რადიკალური ოპოზიცია და ა-ო ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობენ, თუმცა მათ სამოქმედო გეგმაში არის საპროტესტო აქციები. ორგანიზატორები არიან „ტალღა“ და „ჯიუტი“, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, ორშაბათს პარლამენტის შენობასთან ბანერებით მივიდნენ, რადგან მათი ინფორმაციით, შესაძლოა, პარლამენტმა სწორედ 8 აპრილს განიხილოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ არსებობს სიცრუენარევი სიმართლე და არსებობს სიმართლენარევი სიცრუე, არსებობს აბსოლუტური სიმართლე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიცრუედ ასაღებენ და არსებობს აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ ასაღებენ. მისი თქმით, ეს არის КГБ- ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა და ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია მის მეოთხე ვარიანტს მიმართავს.
„დღეს საერთაშორისო ფულადი ნაკადების „უპრაგონოდ“ ხარჯვის გაგრძელების და გამჭვირვალობის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად გამოდის ჩვენი მოსახლეობის 0,25%, რომლის ჯიბეში, საბანკო ანგარიშში, აგარაკის მშენებლობასა თუ ავტოსალონში მანქანების შეძენის სახით - მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაილექა ნახევარი მილიარდი დოლარი. შეიძლება სულ არ უნდოდეს ვინმე დავით ზურაბიშვილს ან ნინო ლომჯარიას თავისი კეთილდღეობის დასაცავად აშკარა სისულელის და ბოდვითი არგუმენტების მოყვანა, მაგრამ ათვისებული აღურიცხავი ფული ამას უკვე აგენტოკრატულად ავალდებულებს.
დღეს ეს გრანტიჭამია წურბელები, რომლებსაც თუნდაც ჩემს სამეზობლოდ დაწყებული ფეშენებელური მშენებლობა აქვთ დასამთავრებელი, მათ შორის საქართველოში სრული გაუმჭვირვალებლობის პირობებში მოქმედ იმ ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს აფარებენ ხელს, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-4 დეპარტამენტისა (დსთ-ს და საქართველოს დეპარტამენტი) და მოსკოვის მერიის ხაზით ფინანსდებიან. მე საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ამ სეგმენტის დასაცავად ხოშტარიას გავლით, ფინანსურად „ბონუსდებიან“ ჩვენი „პროდასავლელი არარუსულკანონისტები“, რადგანაც მათ, როგორც აქამდე არაერთხელ იყო, „დეპუტატ გავრილოვის უკანალის სახელობის“ საერთო ინტერესები ამოძრავებთ“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, საქართველოში ყველაზე მსხვილ რუსულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ: Русский клуб, Всемирный совет соотечественников, Фонд поддержки и защиты прав российских соотечественников, Молодёжная ассоциация, Союз русской молодежи, Центр защиты прав российских соотечественников, Ассоциация русских женщин, Международная ассоциация молодежи, Ассоциация многонациональных женщин.
მისი თქმით, ამ უკანასკნელმა შეძლო და რუსულის გარდა, შარშან ევროკავშირის გრანტიც, 342 ათასი ევრო მიიღო ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკას მოსახლებისთვის „თეთრეული შესაძენად“.
„მართალია, ამასთან ერთად, პარალელურად, შეძენილი იქნა უძრავი ქონება თბილისში, ბათუმსა და ბაზალეთის ტბასთან. ყოველწლიურად იგზავნებიან ამ ორგანიზაციების წევრები სანქტ-პეტერბურგის Форум молодежных организаций российских соотечественников и зарубежных русскоязычных СМИ „Русское зарубежье“-ზე. მოსკოვის მერიამ საქართველოში მოქმედ რუსულ ორგანიზაციებს შარშან გამოუყო 4 მილიონი რუბლი მედიკამენტების შესაძენად - სად წავიდა ეს ფული, ღმერთმა იცის. სკანდალი მოყვა ასევე ომის ვეტერანებისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას, სადაც ნაწილს მხოლოდ 100 ლარი მისცეს, ნაწილი კი საერთოდ „გადააგდეს“. თუ ზურაბიშვილ-ლომჯარიას კლანი არასამთავრობო სექტორის რუსული სეგმენტის გამჭვირვალობის საკითხსაც თავის თავზე აიღებს, რა პრობლემაა - მთავარია ამის შესახებ ღიად და გასაგებად განაცხადონ. ჩვენ ამას გაგებით მოვეკიდებით“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ დროა სიმართლე ითქვას, რადგან საქართველოს დაუძინებელმა მეგობრებმა პარლამენტში ინიცირებული კანონების გამო ქვეყანას გამოუცხადეს „მეგობრული ომი“. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამის უკან დადგნენ მათივე დაფინანსებული ლომჯარია, გიგაური, დეკანოიძე, ვაშაძე, თაბაგარი და მათი მსგავსი.
„ვითომ დემოკრატი ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ცალსახად გვმოძღვრავენ ყველაფერი გამჭირვალე უნდა იყოსო და როდესაც ეს მათივე დაფინანსებულ-დაქირავებულ ენჯეო ცუცქებს ეხებათ, იქ იძახიან ეგ დემოკრატიას უქმნის საფრთხესო. ხმამაღლა გაჰყვირიან, რას ჰქვიან ჩვენ ვართ თქვენი დამოუკიდებლობის გარანტიო, მაგრამ როგორც კი დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმას დავაპირებთ, იქვე ააბღავლებენ აქაურ მონა-მორჩილებს - რას გვიქვიან ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია დამოუკიდებლობისათვისო!
გვასწავლის სასამართლო „თავდაუზოგავად“ დამოუკიდებელი უნდა იყოსო, მაგრამ თუ ვინმე მათი დაფინანსებული სამართლიანად გაასამართლეს და ვირის აბანოში გაამწესეს, ატეხავენ ვაი-უშველებელს თქვენი სასამართლო პოლიტიკურად ანგაჟირებულიაო. აი, ასეთ დღეში ჰყავთ ჩაყენებული ჩვენს დაუძინებელ, ანგარებიან მეგობრებს ჩვენი ქვეყანა, მათივე მართული მეხუთე კოლონის მიერ, აგერ, უკვე საუკუნის მესამედია“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.