მთავრობა ენერგეტიკაში გარდამტეხი ღონისძიებების გატარებისთვის მზადაა, შესაბამისი დოკუმენტიც მომზადებულია და გზებიც დასახული. საფიქრებელი მხოლოდ ისაა, მოხერხდება თუ არა გეგმის რეალიზაცია, რადგან ბოლო წლებში ენერგოპროექტებს მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა. ენერგეტიკოსები პროცესების დაჩქარებას ითხოვენ, რადგან პროგრამების განხორციელებას წლები სჭირდება, დრო კი არ ითმენს.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, მალე ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.
„ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სექტორების გამართული ფუნქციონირება და შემდგომი ზრდა-განვითარება. ჩვენი ქვეყნის დიდი ენერგეტიკული პოტენციალის სწორად და ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ვაგრძელებთ ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიან რეფორმას. დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით კი ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. ამასთან, ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით.
პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, 2024 წლის თებერვალში დასრულდა სიმძლავრის მეორე აუქციონი 800 მგვტ სიმძლავრისათვის. სიმძლავრის აუქციონის შესახებ დადგენილებისა და წესების მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუქციონში შემოსული განაცხადების განხილვა“, - თქვა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე 12 ჰესის მშენებლობა დასრულდება.
„გაგრძელდება მიმდინარე განახლებადი ენერგიის პროექტები. ასევე 2024 წელს დასრულდება დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 157 მგვტ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება 350-430 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტში კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოზიდვა, შემდგომი ყველა შესაბამისი ღონისძიების (დაპროექტება, მშენებლობა, ოპერირება) უზრუნველყოფის მიზნით. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები. აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, რომელიც 2024 წლის ივლისისათვის დასრულდება. პარალელურად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუშაობს პროექტისთვის საჭირო გარემოს და სოციალური ზემოქმედების, ასევე, ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევების ანგარიშის ჩასატარებლად მომსახურების შესყიდვაზე“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობა ფიქრობს, რომ ენერგეტიკაში გარდატეხას მოახდენს. საკანონმდებლო ორგანოში „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფცია“ უკვე წარდგენილია. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2027 წლის დასაწყისში ელექტროენერგიის წლიური წარმოების წილი ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს.
პირველ რიგში, აქტიური მუშაობა მიდის, რომ ძალიან სწრაფად დაიწყოს ქარის ელექტროენერგიის პროექტების განხორციელება, რაც ქვეყანას დაახლოებით 450-490 მეგავატამდე ელექტროენერგიის გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
მთავრობის გათვლით, 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, რომ ქვეყანას პოტენციალი აქვს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სრულად ადგილობრივი წარმოებით დააკმაყოფილოს და ელექტროენერგეტიკულ დამოუკიდებლობასაც მიაღწიოს. თუმცა, რა დოკუმენტიც არ უნდა გაიწეროს, მიზნის მისაღწევად ახალი ობიექტების აშენებაა საჭირო.
„ბუნებრივია, ყოველდღე, ყოველ თვე და ყოველ საათში, შეიძლება არ იყოს ჩვენი გენერაციის საშუალებები საკმარისი, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. განსაკუთრებით, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში. წრიულ ჭრილში არის საშუალება, რომ ქვეყანა ელექტროენერგეტიკის კუთხით თვითკმარი იყოს. პრობლემა არის ის, რომ ჩვენი გენერაციების ექსპლუატაციაში შესვლა გვიანდება. ამ დაგვიანებამ გამოიწვია ის, რომ ენერგიების წყაროების ექსპლუატაციაში შესვლაში ჩამორჩენილები ვართ. პრობლემა ვერ მოგვარდება მარტო იმით, რომ მზისა და ქარის სადგურებს ავაშენებთ, ეს ფონს ვერ გაგვიყვანს. სარეზერვო სიმძლავრეებია საჭირო, რომ ჩვენი სისტემა მდგრადი იყოს“, - განაცხადა არაბიძემ.
ენერგეტიკოსის განცხადებით, წრიულ ჭრილში არის საშუალება, რომ ქვეყანა ელექტროენერგეტიკის კუთხით თვითკმარი იყოს. თუმცა პრობლემაა ჩვენი გენერაციების ექსპლუატაციაში შესვლის გაჭიანურება. შესაბამისად, ამ დაგვიანებამ გამოიწვია ის, რომ ენერგიების წყაროების ექსპლუატაციაში შესვლაში ჩამორჩენილები ვართ. ამიტომ არის საჭირო სარეზერვო სიმძლავრეები, რათა სისტემა მდგრადი იყოს.