უმრავლესობამ წარადგინა კანონი ლგბტ-ს პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუიო უმრავლესობა არ ჰყავს, საკონსტიტუციო ცვლილება არჩევნების შემდეგ განხორციელდება, მაგრამ მანამდე ამავე წელს 50-მდე კანონში შევა ცვლილება. ოპოზიცია თვლის, რომ არარსებულ პრობლემებზე საუბრობთ. გავშალოთ ამ თემის სამართლებრივი ნაწილი, მათი არგუმენტია, რომ სამართლებრივად, ეს კანონი იწვევს მათი უფლებების დარღევას, დაუცველობას და ა.შ. თუმცა, აქ ასევე მნიშვნელოვანია ამის მორალური მხარე.
თამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმი ფერად ფაშიზმად იქცა, ის იმდენად მძაფრია, რომ უფლებების სახელით ჩვენს უუფლებობამდე მიყვანას ისახავს მიზნად. ლგბტ პროპაგანდა არის საკითხი, რომელიც მწვავე დაპირისპირებების, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებების საბაბი არაერთხელ გამხდარა, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურად გონიერი და ეროვნული სახელისუფლებო გუნდი იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ეს საკითხი მოაწესრიგოს და მიიღოს ყველა ზომა ამ დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად.
ამ მიზნით უკვე მზადაა ხელისუფლების მიერ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს საკონსტიტუციო კანონის პროექტი. კანონპროექტის ტექსტი იცავს უფლებებს, უფლებების დაურღვევლად და მას მაღალი ზნეობრივი ღირებულება აქვს. უზნეობისა და ზნეობის გასაყარზე არჩევანი ყველასთვის მარტივი გასაკეთებელია. ერთმანეთისაგან იმიჯნება უფლებრივი ნაწილი და ლგბტ პროპაგანდა და არჩევანი ადამიანებზეა - ან აირჩევენ ეროვნულ დროშას ყველა იმ ფასეულობის დასაცავად, რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა ან აირჩევენ ლგბტ დროშას და მხარს დაუჭერენ ამორალურობის პროპაგანდას.
სამართლებრივი ნაწილი მოითხოვს შემდეგ ნაბიჯებს - როგორც იცით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შეუძლია ერთი მოწვევის პარლამენტს, თუ პროექტს მხარს დაუჭერს 113 დეპუტატი. თუ ცვლილებების მომხრე იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 ხმა), მაშინ საჭირო იქნება მომდევნო პარლამენტის მხარდაჭერაც. ამ შემთხვევაშიც, არანაკლებ 100 ხმა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ პროცედურების გავლის შემდეგ აუცილებლად მიღებულ იქნება ეს ეროვნული კანონი და ბოლო მოეღება ცოდვის პროპაგანდას.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ჩვენს შემთხვევაში რატომ დადგა ამ კანონის მიღების აუცილებლობა? შეფასებას ვისმენთ დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოებისგან, რომ ეს არის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონი და ა.შ. როგორ უნდა გავმიჯნოთ სად არის ადამიანის უფლებები და სად პროპაგანდა?
- დასავლეთის ლიბერალური ნაწილი ცდილობს, რომ უმცირესობის საკითხით მოახდინოს გავლენა სხვადასხვა ქვეყნებზე და აქვთ ამის სხვადასხვა მეთოდები, ამის შესანიშნავი მაგალითია საბერძნეთიც. ასევე მძიმე მაგალითია ჩემთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის მოწოდება, თანამშრომლები შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“; მძიმეა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაც რომ - „ტრანსგენდერი ამერიკელები ერის სულს აყალიბებენ“, - ასევე მძიმეა ფაქტი, რომ 2022 წლის 13 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა „აქტს ქორწინების პატივისცემის შესახებ“, რომლითაც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის და სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის ქორწინების უფლება დააკანონა;
ასევე ბაიდენმა ახლა აღდგომის კვირა, ეს ყველაზე საზეიმო ქრისტიანული დღესასწაული, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა; „ენბისი ნიუსი“-ს გამოკითხვის მიხედვით, „ჯენზის“ თაობის თითქმის 30 პროცენტი ინდენტიფიცირდება, როგორც ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, გეი ან ქვიარი, ეს მოიტანა პროპაგანდამ. ფაქტია, ლიბერალიზმი ფერად ფაშიზმად იქცა და პოლიტიკურ დონეზე კანონდება.
ეს არის ფერადი ტალღა, რომელიც აგრესიულად უპირისპირდება ჩვენს კულტურას, რელიგიას, ტრადიციებს და ყველა იმ ფასეულობას, რამაც დღემდე მოგვიყვანა. მცდელობა - ლიბერალურმა მიდგომებმა ცოდვის მნიშვნელობა წაშალოს, უზნეობა ზნეობად აქციოს, უკანონო კანონიერად და ცოდვას დაუკარგოს თავისი შინაარსი, რა თქმა უნდა, საჭიროებს სამართლებრივ მოწესრიგებას. საკითხი მოწესრიგდება იმდაგვარად, რომ დაცული იყოს უფლებები, მათ შორის მათი, ვინც პროპაგანდის წინააღმდეგნი ვართ.
სამწუხაროდ, ეს პრობლემა ჩვენთან უკვე შემოვიდა. თქვენი პარტიის წევრი, დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე კერძო სკოლებში ხდება გაუკუღმართოებული სექსუალური ცხოვრების წესის სწავლება. იგივე პრობლემაზე საუბრობს თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე და პირდაპირ ამბობს, რომ ქართულ თეატრებში იდგმევა სპექტაკლები ლგბტ-ს ცხოვრების წესის შესახებ და ეს ხდება მასიურად. ქართული არხები ე.წ. თოქ-შუებში ეწევიან ამ ტრასგენდერების რეკლამირებას, როგორი იყო ბიჭი და გახდა ლამაზი ქალი და რომ ჰყავს შესანიშნავი შეყვარებული მამაკაცი და ქმნის ოჯახს. თუკი დავუშვებთ პროპაგანდას და ამ ლიბარალური ფრთის ნარატივს, რატომ გამოვრიცხავთ, დადვდგეთ იმ პრობლემის წინაშე, რომ ოფიციალურად მოითხოვონ ქორწინების დაკანონება, რასაც ასევე მოსდევს მეორე საკითხი - შვილად აყვანის თემა. კანონი, ამ შემთხვევაში არის გარანტი?
- „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს საკონსტიტუციო კანონის პროექტი და ასევე არაერთ კანონში დაგეგმილი შესატანი ცვლილებები იქნება სამართლებრივი გარანტი იმისა, რომ დავაზღვიოთ რისკები ლგბტ-ს წარმომადგენელთა მხრიდან მოთხოვნილ იქნეს ქორწინების დაკანონება, შვილად აყვანის თემა და სხვა. სამართლებრივი მექანიზმების შექმნა ამ დღემდე მოუწესრიგებელ საკითხს აუცილებლად დაარეგულირებს.
ჩვენს რეალობაში არსებობს ა-ო „თბილისი პრაიდი“, მაგრამ რეალურად, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ლობიერებს ამ საკითხს. არის 15 ოპოზიციური პარტია, რომელიც გეიმემორანდუმს აწერს ხელს. რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ამ კანონის მიღებას შეძლებს ხელისუფლება, თუ გავითვალისწინებთ გარე ძალების ინტერესს და ლობიზმს ამ საკითხის მიმართ?
- ჯერ კიდევ 2014 წლიდან, თითქმის ყველა დონორის მოთხოვნაში გრანტების მაძიებლებისათვის ხაზგასმულია და ლამის აუცილებელია, რომ საგრანტო განაცხადში მკაფიოდ იყოს ასახული ლგბტ თემის ჩართულობის მექანიზმები. პროპაგანდა იგრძნობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, ამიტომ სახელისუფლებო გუნდის მიერ არსებული რისკები გააზრებულია და ხელისუფლება „დაუძიენებელი მეგობრების“ პოზიციის მიუხედავად, აუცილებლად მიიღებს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს საკონსტიტუციო კანონის პროექტს და მას უმრავლესობის უფლებების მყარ სამართლებრივ მექანიზმად აქცევს.
ჯო ბაიდენმა და თეთრმა სახლმა ყველაზე წმინდა ქრისტიანული დღესასწაული „ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ“ გამოაცხადა და აღინიშნა, რომ „ტრანსგენდერი ამერიკელები ამერიკელი ერის ქსოვილის ნაწილს შეადგენენ“. კანადის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით შესაძლოა ქრისტიანები დააპატიმრონ ბიბლიის ციტირების ან ტრადიციული, რწმენაზე დაფუძნებული აზრის გამოთქმისთვის, თუ კანადის მთავრობა მიიჩნევს, რომ ისინი „სიძულვილს ან ანტისემიტიზმს აღვივებენ“. საით მიდის სამყარო?
- სამყარო ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება. ლიბერალიზმი დღეს არის აგრესიული იარაღი, მომართული ჩვენს ცნობიერებაზე, რომ როგორმე ცოდვის მნიშვნელობა წაიშალოს და უზნეობა ზნეობად იქცეს. ლიბერალიზმის პირველადი დარტყმის ობიექტია მომავალი თაობა ჯერ კიდევ შეურყვნელი ფსიქიკით. არის რიგი ქვეყნები, სადაც მშობლის ნებისაგან დამოუკიდებლად არასრულწლოვან ბავშვს მისი სურვილის შემთხვევაში, უწყებენ ჰორმონალურ თერაპიას რათა გახდეს ქალიდან კაცი ან პირიქით.
ეს არის ძალიან მძიმე ფაქტები, ანუ იქ, სადაც აკრძალულია 18 წლამდე პირისათვის ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, არ იკრძალება გაუაზრებელი გადაწყვეტილება -არასრულწლოვანების ასაკში იქცეს ქალიდან კაცად ან კაციდან ქალად! ამ ყველაფერს აქვს გამოუსწორებელი შედეგი და დიდი ნაწილი ამ არჩევანის შემდეგ სიცოცხლეს სუიციდით ან ევთანაზიით ასრულებს. უფლის მიერ დადგენილ კანონზომიერებას ვერავინ შეცვლის, უაზროა ყველა მცდელობა უფალთან ომი მოიგო, ამიტომ ყველა პოლიტიკური დირექტივა თუ სამედიცინო ხერხი, თითქოს მიმართული საკუთარი თავის აღმოსაჩენად, საკუთარი თავის დაკარგვაა მხოლოდ, რომელსაც ძალიან მძიმე ბოლო აქვს და გამოუსწორებელ შედეგებამდე მიდის.
ბიბლიის ციტირების ან ტრადიციული, რწმენაზე დაფუძნებული აზრის გამოთქმისთვის თუ კანადის მთავრობა მიიჩნევს, რომ ისინი „სიძულვილს ან ანტისემიტიზმს აღვივებენ“, არის იერიში ამ კონკრეტულ და, ზოგადად, რელიგიაზე და ყველა იმ ადამიანზე, რომლისთვისაც ფასეულია საკუთარი რწმენა. ეს არის ახალი მიდგომა, რათა შეაშინონ ყველა, ვინც საკუთარი რწმენიდან გამომდინარე უპირისპირდება ამ ცოდვის ზეიმს. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ბრძოლა ჩვენგან დღევანდელზე მეტ ძალისხმევას არ მოითხოვს, ამიტომ უნდა გავძლიერდეთ და უნდა შევქმნათ სამართლებრივად მყარი ბერკეტები, რათა ფერადმა ფაშიზმმა ქვეშ არ მოგვიყოლოს, უფლის ნებით, იმედია, ცოდვის ამ მასშტაბებს მოვერევით.