„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია. „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილია როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება.
პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. ხოლო, რაც შეეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.
რაც შეება გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, საკომიტეტო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობა მის კანონად ქცევას საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გეგმავს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და შემდგომში „ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როცა გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია ამ „გადაგდების“ საპირისპიროდ თქვას თავისი სიტყვა. არგუმენტები მიუღებელია როგორც ოპოზიციისთვის, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდებიან. შესაბამისად, ისინი თვლიან, რომ ხელისუფლება უბრუნდება „რუსული კანონის“ მიღებას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. მეტიც, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი სწორედ იმიტომ მიიღო, რომ პარლამენტმა გაიწვია „რუსული კანონი“, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული. ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, საქართველო იმიტომაც არის სუვერენული სახელმწიფო, რომ მისი ტერიტორია ამ სახელმწიფოს იურისდიქციაშია. მისივე თქმით, ვინც სამართლიან კანონზე ამბობს - „რუსულიაო“, ის ძალაუნებურად ამტკიცებს, რომ „რუსულია“ სამართლიანი.
„საქართველოს ესა თუ ის კანონი სამართლიანია ანდა უსამართლო, ხოლო „რუსული“, „ამერიკული“, „ჩინური“ და ა.შ. ის ვერასგზით იქნება, რადგან ქართულადაა დაწერილი, თუ გნებავთ - თარგმნილი და რაც მთავარია, მას საქართველო იღებს და საქართველოში მოქმედებს. რაც ჩვენს იურისდიქციაშია, იქ მხოლოდ და მხლოდ საქართველოს კანონები მოქმედებს და არც ერთი სხვა.
ვინც სამართლიან კანონზე ამბობს - „რუსულიაო“, ის ძალაუნებურად ამტკიცებს, რომ „რუსულია“ სამართლიანი. ვინც ამტკიცებს, კანონი „რუსულია“ და ამიტომაც, იმთავითვე უსამართლოც იქნებაო, ის სამართლის კატეგორიის მიღმაა და ამდენად, უსჯულოა. უსჯულოა იმიტომ, რომ სიმართლეს, სამართალს, სამართლიანობას, სამართლის იდეას - ანუ ერთობლიობაში „სჯულს“, ეროვნული წარმომავლობა არა აქვს, იგი ზეგარდმოა. მაგრამ სამართალი ქართულიც შეიძლება იყოს და არაქართულიც, გააჩნია, ვინ მიიღო და სად მოქმედებს“, - აცხადებს ზარდიაშვილი.
როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, სამართლიანი ანდა პირიქით, უსამართლო შეიძლება იყოს ყველა ერის, ყველა ენაზე დაწერილი და მიღებული, თუ მოქმედი კანონი.
„სამართლიანობა არ არის კატეგორია, რაც ეროვნული წარმომავლობით განისჯება. ვინც კანონს ასე განსჯის, ის საკუთარ თავს სიმართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის მიღმა აყენებს, ანუ - უსჯულოა. „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი, რისი თავიდან ინიცირებაც ხდება - დასაბუთებულად სამართლიანია.
ვინც ასე არ ფიქრობს, კეთილი უნდა ინებოს და მისი არასამართლიანობა უნდა დაასაბუთოს და არა მისი „რუსულობა“ თუ „ფრანგულობა“. რასაკვირველია, საქართველოს მიმართ რუსები უკიდურესად უსამართლოები არიან, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამიტომ რუსების ნებისმიერი მოწინააღმდეგეა საქართველოს მიმართ სამართლიანი და ბრმად უნდა ვენდოთ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არის მისაღები. რამდენადაც, მისი ინფორმაციით, უცხოელი პარტნიორები საქართველოსგან ითხოვენ ლგბტ თემაში პოზიციის დაკავებას. რაც შეეხება კანონის პროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ჯერჯერობით დაფარულია, რა შეიცვლა მას მერე, რაც მმართველმა გუნდმა უარი თქვა ამ კანონის მიღებაზე.
„ალბათ, რაღაცა შეიცვალა ისეთი დაბეჯითებით ითქვა, რომ ხელახლა უნდა მივიღოთო. მე მგონია, რომ ამ კანონის შემოტანა განაპირობა პოლიტიკურმა სიტუაციამ იმ მხრივ, რომ საქართველო უახლოვდება არჩევების დღეს და არჩევნების წინ არეულობა პარტიებსაც არ აწყობს. აგერ, სააკაშვილმაც გვითხრა, რომ არეულობას პროვოცირებს ხელისუფლება და არ აყვეთ, არჩევნებთან მივიდეთ წყნარადო. არ აწყობს იმიტომ, რომ ამრევი პოლიტიკოსები მერე არჩეული ნაკლებად იქნებიან.
მეორე მხრივ, ამ კანონის მიღება სჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ამრევად არ დარჩეს ამომრჩევლის ცნობიერებაში, ოპოზიციის დიდი ნაწილი თავს აარიდებს კონფლიქტს და ქუჩას, შესაბამისად, უფრო იოლი ფონი იქნება ამ კანონის მიღებისთვის. ვიმეორებ, ჩემთვისაც ბევრი რამე დაფარულია, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაშიც, მმართველ პარტიას თუკი ამ კანონის შემოტანას აპირებდა, ბევრი მოსამზადებელი სამუშაო უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ვხედავთ, რომ დასავლეთი ისევ კრიტიკულია და გაუგებარია რატომ არ იმუშავა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.