ექსპერტებში და ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება ინფლაციას სპეციალურად არ ზღუდავს, რათა მართვადი სოციალური დაძაბულობა შექმნას. ამის შემდეგ კი, გამორიცხული არ არის, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც დაინიშნოს.
“ეროვნული ფორუმის” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის, ნოდარ ჯავახიშვილის მტკიცებით, საქართველს ხელისუფლება ინფლაციის შეჩერებას განგებ არ უწყობს ხელს, რითაც სოციალური აფეთქების პროვოცირება სურს.
“პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთავრობას უნარი არ შესწევს, ასეთი დონის ინფლაციას ებრძოლოს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტია, რომ ხელისუფლებას ამ პროცესის რეგულაცია შეუძლია და შესაბამისი ბერკეტები გააჩნია. კერძოდ, ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი დღეისათვის 2,2 მილიარდ ლარს შეადგენს. ასევე, არსებობს სასერტიფიკაციო ქაღალდები და სახაზინო ვალდებულებები, თუმცა ხელისუფლება ამ ინსტრუმენტებს არ იყენებს. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნული პროცესის რეგულაციას ხელოვნურად არ ახდენს”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი საზოგადოებრივი დაძაბულობის ესკალაციის გამოწვევას ცდილობს, რათა სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს.
“მას სურს, არჩევნების ჩატარება ამ ცვლილებების განხორციელებამდე მოასწროს, შედეგად კი არჩევნებს სახელისუფლებო გუნდის რომელიმე სხვა წარმომადგენელი, ბოკერია ან სხვა ვინმე, მოიგებს”, - განმარტა მან.
როგორც ახალგაზრდა ფინანსისტების პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა ინფლაციასთან დაკავშირებით “ეროვნულ ფორუმთან” ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “აუცილებელია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება”.
“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და მთელი მთავრობა ჯიუტად ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ საქართველოში ორნიშნა ინფლაციის გამომწვევი მთავარი მიზეზი მსოფლიოში კვების პროდუქტების გაძვირებაა, მაგრამ იმაზე არ საუბრობენ, რატომ აისახება ეს გაძვირება ასე სერიოზულად მარტო საქართველოზე.
მაგალითად, 2010 წელს უკრაინაში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, რომელმაც 9,1% შეადგინა. ანალოგიური მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც, როგორც წესი, მაღალი, ორნიშნა ინფლაციით ხასიათდებიან, მაგრამ წელს რატომღაც იქ ბოლო ათწლეულში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა: რუსეთი - 8,8%; სომხეთი - 8,1%; აზერბაიჯანი - 5,7%; ევროზონა - 2,2%; გერმანია - 1,1%; ამერიკა - 1,6%; იაპონია - 0,2%.
თუ ეროვნულ ბანკს ვენდობით, უნდა დავასკვნათ, რომ საქართველოში პურს, საწვავს და შაქარს გაცხოველებით მოვიხმართ, ხოლო ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ამ პროდუქტებს არ მოიხმარენ. ასევე გაუგებარია, თუ მსოფლიოში ხორბლის გაძვირებამ საქართველოში 11,2%-იანი ინფლაცია გამოიწვია, რატომ არ წარმოშვა იმავე ხორბლის გაძვირებამ ორნიშნა ინფლაცია სომხეთში, რომელიც იმპორტზე ჩვენზე მეტადაა დამოკიდებული?!” - აღნიშნა ჯანიაშვილმა.
ინფლაციის გამომწვევ რეალურ მიზეზებზე საუბრისას ჯანიაშვილმა ფინანსთა სამინისტროს მიერ დიდი ოდენობით სახაზინო ვალდებულებების გამოშვება დაასახელა და აღნიშნა, რომ ინფლაცია მიმოქცევაში იმ ფულის გასვლამ გამოიწვია, რომელიც ბაზრიდან არა არის ამოღებული.
“ინფლაცია ბაზარზე არსებული ფულის მასისა და ქვეყანაში ბაზარზე არსებულ პროდუქტებს შორის თანაფარდობის დარღვევაა. თუ ეროვნული ბანკი 2010 წელს აქტიურად აკრედიტებდა ბანკებს, თანაც - საკმაოდ დაბალი პროცენტებით, ფინანსთა სამინისტრო ამავე ბანკებიდან კრედიტებს სახაზინო ვალდებულებების მეშვეობით აქტიურად იღებდა. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს იაფად აძლევდა ახალი ფულის მასას, რომლითაც ისინი შემდეგ სახელმწიფოსგან სახაზინო ვალდებულებებს სარფიანად ყიდულობდნენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეროვნულმა ბანკმა ფულის ემისია განახორციელა, რომელიც ირიბად ბიუჯეტში დეფიციტის დასაფინანსებლად გადაირიცხა. ის, რომ ბაზრიდან ამოუღებელი ფულის მიმოქცევაში გასვლა ინფლაციას იწვევს, პირველკურსელმა ეკონომისტებმაც კარგად იციან”, - განმარტა ჯანიაშვილმა.
მოკლედ, ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ შიდა თუ გარე ვალების დიდი სისწრაფით ზრდა ქვეყანას ყველა სახის ეკონომიკურ უბედურებას უქადის. თუმცა, საქართველოს მთავრობა გაჩერებას არ აპირებს და ახალი საგარეო ვალების აღებას 2011 წელსაც გეგმავს.
როგორც რადიო “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა აცხადებს, წლეულს საქართველოს მთავრობა ახალი ევროობლიგაციების ემისიას აპირებს, რაც ევროობლიგაციების სახით ახალი საგარეო ვალის აღებას ნიშნავს.
“საქართველოს მთავრობას 2008 წელს არ განუმარტავს, რისთვის სჭირდებოდა მაშინ აღებული ნახევარი მილიარდი დოლარი და არც ახლა ამბობს, რაში აპირებს ამ ვალის აღებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვალი ბიუჯეტში ასაღები იქნება და მასში დეფიციტის ოდენობა გაიზრდება. ეს ვალი იმის მიხედვით იქნება გადასახდელი, თუ რა პირობით, რა განაკვეთით, რამდენი წლით და რა ოდენობით იქნება ვალი აღებული”, - აცხადებს პაპავა.
ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დავით ონოფრიშვილის შეფასებით კი, ქვეყანას საგარეო ვალები 2013 წლამდე საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს, რადგან საგარეო ვალის მომსახურება სავალდებულო მომსახურებას ექვემდებარება.
“თავისთავად ცხადია, რაც უფრო დიდია გადასახდელი თანხა, იმავე პროპორციით აკლდება დაფინანსება სოციალურ დახმარებებს, ჯანდაცვას, განათლებას და სხვა პრიორიტეტულ სფეროებს. 2013 წელს, როდესაც საგარეო ვალი პიკს მიაღწევს, ბიუჯეტიდან გადასახდელი, ფაქტობრივად, მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება, რაც გრანდიოზული თანხაა”, - აცხადებს ონოფრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საგარეო ვალი სწორედ 3 მილიარდ 936 მილიონ 882 ათასი აშშ დოლარს შეადგენს, რაც ახალი კურსით 7 მილიარდ 87 მილიონ 174 ათას 976 ლარს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 37,1%-ს შეადგენს. შედარებისთვის: მეზობელი სომხეთის საგარეო ვალი 3 მილიარდ 795 მილიონი დოლარია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 44%-ს აღემატება. აზერბაიჯანის საგარეო ვალი 3 მილიარდ 736 მილიონია, თუმცა ეს მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს არ აღემატება.