ერთი წლის თავზე შეცვლილი ვითარების ფონზე ,, ქართული ოცნება" აკრძალულ კანონპროექტს მიუბრუნდა, რომლის მიღებაც შარშან მარტში დასავლეთში მოკალათებულმა საეჭვო ძალებმა დაბლოკეს და რუსულად გამოაცხადეს. ,, ოცნების'' აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კანონპროექტი პარლამენტში იმავე ტექსტით დაინიცირდა, როგორც შარშან იყო. ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი ,,უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია ''.
No passaran - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას და თვლის, რომ მმართველ გუნდს აღნიშნული კანონის მიღება არ გამოუვა და ევროპულ გზას ვერ შეაჩერებენ რუსული კანონით.
შარშანდელი მარტის მოვლენების მსგავსად, ამ კანონპროექტის წინააღმდეგ დაირაზმა ოპოზიცია და ქუჩაში პროცესების გადატანა დააანონსა. მათ მხარი აუბა ,,თბილისი პრაიდმაც".
ფარას კანონპროექტის დაინიცირებას ეხმაურება ალეკო ელისაშვილი და მიიჩნევს, რომ ,,ოცნება" წერასაა აყოლილი, იაგო ხვიჩიას აზრით კი, ,,ქოცები შარს ეძებენ ''. გიორგი ვაშაძის აზრით, ამ კანონს ჰქვია ,,არ მინდა ევროკავშირი''.
ჩნდება კითხვა, რაში აწყობს მმართველ გუნდს ვითარების დაძაბვა არჩევნების წინ და ხომ არ მიიღეს გარანტიები დასავლეთიდან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ახლა მაინც არ ჩაერევიან და რადიკალებს არ გამოაყვანინებენ ქუჩაში?
წლევანდელი მოცემულობა შარშანდელისგან განსხვავებულია. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე მიიღო და ეს გარემოება დამაბრკოლებელი არაა. გარდა ამისა, ამერიკის შემდეგ ევროკავშირიც იღებს მსგავს კანონს და, თუკი ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ მივილტვით, მაშინ რატომ უნდა აგვიკრძალონ დისკრიმინაციულად ის კანონპროექტი, რასაც თავად ევროპელები იღებენ? მით უმეტეს, თუკი გარე ძალებისგან თავის დაცვა და უსაფრთხოება აუცილებელია ამერიკისა და ევროპისთვის, რატომ იკრძალება ეს საქართველოსთვის, სადაც უამრავი საეჭვო ძალის ინტერესი იკვეთება?!!
ხელისუფლება აცხადებს, რომ დონორები მალავენ დაფინანსებას, არ არის გამჭვირვალე ის ფაქტი, რომ იატაკქვეშ აფინანსებენ პარტიებსა და რადიკალებს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი არ ეხება სტუდენტთა დაფინანსებას, სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ და ფიზიკური პირების დაფინანსებას.
უნდა ველოდოთ თუ არა პროცესების ქუჩაში გადატანას და რამდენად ღირდა ამ კანონპროექტის შემოტანა დასავლური გარანტიების გარეშე?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge - სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ,, ქართულმა ოცნებამ " დასავლეთიდან გარანტიები უკვე მიიღო და ამიტომაც გარისკა ,,უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა წარდგენა.
,,მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მმართველმა გუნდმა, ერთი მხრივ, გარანტიები მიიღო დასავლეთიდან, მეორე მხრივ, სამუშაოები ალბათ ჩაატარა საქართველოში. საპროტესტოდ ხალხი არ გამოვაო, ისეთი დარწმუნებით თქვა მდინარაძემ, ე.ი. საპროტესტოდ გამოსაყვანი ხალხის ამოძრავების მექანიზმშიც ჩაერივნენ და იმედი აქვთ, რომ ხალხი არ გამოვა",- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
მანვე განმარტა, რომ, ცხადია, ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეეცდება, მაგრამ საკითხავია, ხალხი თუ აყვება მათ?! ოპოზიციას სულ უნდა ქუჩაში ყოფნა, მით უმეტეს, კარგი ამინდები დაიწყო, მაგრამ გაყვება თუ არა ხალხი, ეს საეჭვოა. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხს მიხედა ,,ქართულმა ოცნებამ''.
ანალიტიკოსის შეფასებით, ,, უცხოური გამჭვირვალობის შესახებ " კანონი რომ ყოფილიყო, ვარდების რევოლუცია არ მოხდებოდა. 2003 წლის საპროტესტო გამოსვლებში ბევრი ქვეყანა იყო ჩარეული, რამაც მოიტანა ვარდების რევოლუცია. დღესაც აღნიშნული კანონის მიღებით საეჭვო დონორებისგან დაფინანსებული რადიკალების გამოაშკარავება ადვილი არ იქნება, მაგრამ შესაძლოა, ეს დონორები უფრო მორიდებულნი გახდნენ და თავზე ხელაღებით არ გამოხატონ საპროტესტო ტალღის, დესტაბილიზაციის მხარდაჭერა.
,,ოპოზიცია ამტკიცებს, თითქოს ,,უცხოური გამჭვირვალობის კანონის" ხელახლა წარდგენა რუსეთისგან მიცემული დავალებაა, მაგრამ საინტერესოა, ამერიკამ საიდან მიიღო ეს დავალება, ან ევროპამ, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღეს? ორად - ორი შემთხვევა რომ იყოს, იქით რუსეთი და აქეთ საქართველო, კიდევ შეიძლება ეფიქრათ, რომ რუსეთის დაკვეთით ვღებულობთ ამ კანონს. წინა ეტაპზე სცადეს ასეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს აღნიშნული კანონი მხოლოდ რუსეთსა და საქართველოშია მიღებული, მაგრამ სად გაექცევიან, რომ არის ასეთი კანონები ცივილიზებულ მსოფლიოში. წინა ეტაპზე არეულობის შექმნაში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ უცხოელებს არ აწყობდათ ამ კანონის მიღება საქართველოში და კელი დეგნანის პირით გააპროტესტეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონი. ახლა როგორი ვითარება იქნება, ეს დამაფიქრებელია. თუმცა დღესდღეობით დიდ გულზეა ,, ქართული ოცნება", უფრო მოღონიერებულია და უკან დახევას უცხოელების წინაშეც არ აპირებს. არ ვიცი, რა დგას ამის უკან",-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, როგორც თევზისთვის წყალია აუცილებელი და ადამიანისთვის- ჰაერი, ისე ეროვნული ,,ფარა"- ს კანონი აუცილებელია იმისათვის, რომ წარმოჩნდეს და გაშიშვლდეს ისეთი ორფეხა სუბიექტები და მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, როგორებიც არიან წითლიძეები, ჭიჭიკო ვაშაძეები, პატიკო მანჯგალაძეები, გუბაზ სანიკიძეები, უცხოეთიდან დაფინანსებული მთელი შავი შანტრაბა, რომლებიც საკუთარ დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ახმარენ.
,,ამას ისინი ერთადერთი რამის გამო აკეთებენ - მათი მუცლები ვერ გაძღა და მათი ოჯახები ვერ ამოიყორა. რაც შეეხება ე.წ. პრეზიდენტს, ოდნავი სინდისი რომ ჰქონდეს, იმ სკამზე არ უნდა იჯდეს, ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და ეს დაამტკიცა საკონსტიტუციო სასამართლომ. მისგან სხვას არც უნდა ველოდოთ, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ, 7- 8 მარტს, ის ჩაიყვანეს ამერიკაში მისმა პატრონებმა, დააყენეს თავისუფლების ქანდაკების ფონზე და იქიდან აყვირებინეს, დაწვით, მოკალით, დახოცეთ ქართული სახელმწიფოს დამცველი სამართალდამცველებიო. ზუსტად ეს ხალხი უნდა გამოავლინოს კანონმა, მათთვის უნდა ამოიქოლოს ის სალაფავი, რომელსაც საზღვარგარეთელი პატრონები საქართველოში უღვრიან, დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული ელისაშვილით",- აცხადებს ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსის თქმით, არანაირი პრობლემა არაა, რადიკალებმა ქუჩაში გამოიყვანონ თავისნაირი შარლატანები, დასავლეთიდან გამოკვებილი 15 ათასი კაცი და უკანალების დამცველები. ალბათ, მათ მხარს დაუჭერენ საქართველოში გასტროლიორად ჩამოსული ევროპარლამენტარებიც. თუმცა ამ ევროპარლამენტარებისთვის უკეთესი იქნებოდა, საქართველოში ჩამოსვლისას ენახათ სვეტიცხოველი, გელათი, ალავერდი, ქართული კულტურის, ხელოვნების ძეგლები.
,,ნუ მიშტერებიან გვარამიას, გუბაზას. ჩვენი ხელისუფლების დამცველი გარანტია არის ქართველი ხალხის ერთიანობა, ხალხი და ხელისუფლება ერთად თუ იქნება მეხუთე კოლონის წინააღმდეგ, ვერავინ მოგვერევა. თავის დროზე ეს შაჰ აბასმაც შენიშნა, ქართველებს ღმერთმა ერთი ენა რომ მისცეს, მათი მომრევი დედამიწაზე არავინ იქნებაო" - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.