გავრცელებული ინფორმაციით, ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად საქართველოში დიდძალი გრანტი შემოდის და გრანტის მიმღები „მთავარი არხია“. გრანტის მიღება დაადასტურა ნიკა გვარამიამ, თუმცა აღნიშნა, რომ ტელევიზიამ გრანტი მიზნობრიობის გარეშე მიიღო. მმართველ გუნდს გვარამიას ნათქვამის არ სჯერა, მათი აზრით, გრანტები არამიზნობრივად არ შემოდის და არ იხარჯება და მას გარკვეული დანიშნულება აქვს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გვარამია „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს შეხვდა და მათ მხარდაჭერას დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ „თბილისი პრაიდის“ წევრები ღიად განაცხადებდნენ უარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და შვილად აყვანის უფლების მოთხოვნაზე და იტყვიან, რომ გამოდიან მხოლოდ ლგბტ თემატიკის შემცველი ფილმების და ნაწარმოებების ცენზურის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ არამიზნობრივად მსგავსი თანხები არ შემოდის. შესაბამისად, ზუსტად ამისთვისაა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება საჭირო, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ აფინანსებს ლგბტქ ადამიანების პროპაგანდას საქართველოში. მისივე თქმით, ამ ჯგუფს დესტაბილიზაციის ინტერესი აქვს.
განსხვავებულად ფიქრობს ალეკო ელისაშვილი. „მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ აბსურდია, ლგბტ პროპაგანდისთვის ვინმემ გრანტი გასცეს. ელისაშვილს აინტერესებს, თუ ეს მართლაც პრობლემა იყო, ამდენ ხანს რატომ არ გაახსენდა „ქართულ ოცნებას“?!
არსებობს თუ არა გრანტები მიზნობრიობის გარეშე?
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, როგორც წესი, უმიზნო გრანტი არ არსებობს და ამის შესახებ ბრწყინვალე სტატია დაწერა უცხოელმა რეპორტიორმა, შესანიშნავმა მეცნიერმა ორისია ლუცევიჩმა - „ენჯეოკრატია საქართველოში“. ლუცევიჩის მტკიცებით, არსებობს რამდენიმე ნჯო, რომელიც იმიტაციას ახდენს, თითქოს თვითონ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას, ისინი შეკრულები არიან დასავლეთის დონორებთან და ცუდის მეტს არაფერს აკეთებენ საქართველოსთვის.
„2013 წელს, როდესაც 51-ე სკოლის წინ დადგნენ შარვლიანი მამაკაცები, ჰოლანდიელები და დაუწყეს ერთმანეთს ტუჩებში კოცნა, ამის მერე მითხრა საქართველოში სტუმრად მყოფმა შვეიცარიელმა დიპლომატმა, რომ იცოდე, რამდენიმე მილიონი დოლარი შემოვიდა საქართველოში, საუბარია 6 თუ 7 მილიონ დოლარზე და ნჯო-ებზე გადანაწილდა. მანვე მითხრა, საქართველოში ახლა 4-5 არასამთავრობო ორგანიზაციაა, სინამდვილეში, ეს არის 1 ნჯო, მაგრამ ხუთად დაიყვნენ, სახელები დაირქვეს, რომ არ გამოჩენილიყვნენ, სინამდვილეში, თანხის ერთი მიმღებნი არიანო“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ და გვარამიას ტელევიზიის მიერ ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერი გრანტის აღებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, როდესაც გვარამია გამოდის თავისი ტელევიზიით და ყვირის, ჩემს დაძახილზე სტუდენტები არ მოვიდნენ პარლამენტთან, წავიდნენ და შეიკრიბნენ ვაკის პარკში, ახლა მე ვნატრობ, ჩამოვარდეს მეტეორიტი და შთანთქას და მოკლას ეს სტუდენტებიო, ეს არ არის სიძულვილის ენა? ნატვრა იმისა, რომ ახალგაზრდები განადგურდნენ?
აქედან გამომდინარე, პეტრე მამრაძე ინტერესდება, სიძულვილის გამომხატველ ამ სიტყვებზე უცხოელებმა რატომ არ ამოიღეს ხმა? ან კიდევ, როცა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი სიტყვა უწოდა, რომელიმე უცხოელმა თქვა, რომ არ შეიძლება ტელევიზიის ხელმძღვანელისგან მსგავსი გამონათქვამები? როცა გვარამიამ თავისი ტელევიზიით თქვა, დასავლეთმა, ამერიკის სახით, ზურგში დანა ჩაგვარტყა, გუშინ შევხვდი ელჩის მოადგილეს და ამ ქალმა მითხრა, რომ ეს თქვენი რურუა, რომელსაც თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთ დამფუძნებლად და დამფინანსებლად აცხადებთ, ძალიან კარგად ვიცით, რომ კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელი და ყოფილი კრიმინალიაო, მაშინ რატომ არ ამოიღეს უცხოელებმა ხმა?!
„არ ვიცი, რამდენად მართალია გვარამიას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან ლგბტ პირებს მხარდაჭერა აღუთქვა, თუკი ისინი არ დაქორწინდებიან და შვილებს არ აიყვანენ, მაგრამ საჯაროდ არა მგონია, ეს ეთქვა ნიკა გვარამიას, რადგან ამით მოიკვეთდა ურთიერთობას დასავლეთის შესაბამის წრეებთან, სადაც კრიტერიუმები ძალიან მკაცრია. თუ ადამიანი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგეა, ე.ი. ის არ არის პროდასავლური. თუ ადამიანი ეწინააღმდეგება იმას, რომ ერთნაირსქესიანმა „მშობლებმა“ ბავშვი აიყვანონ და გაზარდონ, ე.ი. ჩარჩენილია ანტიდასავლურ, კონსერვატიულ სივრცეში. ამიტომ ძალიან კარგია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ხორციელდება, რადგან ჩვენს მინისტრებს რომ მოსთხოვენ საქართველოს ფასეულობების სრულ ჰარმონიზაციას დასავლეთთან და მოგვთხოვენ, მხარი დავუჭიროთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, შეგვიძლია მათ პასუხი გავცეთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კონსტიტუციას“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს არ უკვირს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად საქართველოში გრანტები შემოდის, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, სადაც გვიან პერიოდამდე მეზობლებსა და ნათესავებს სტამბოლის ბაზარზე ყიდდნენ ისევ ქართველები და ფულს იღებდნენ ამაში.
„მეფე ერეკლეც ვერ მოერია ამ ამბავს. თუ ახლობელ ადამიანს სხვა ადამიანს მიჰყიდი თანხის საფასურად, ლგბტ პრაიდის მოწყობას რომ დაეთანხმო ფულის ხათრით, რა გასაკვირია?! ამდენად, ეს ამბავი გასაკვირი არა, მაგრამ დასანანია. დასანანია ის ისტორიული წარსულიც, რაც მაშინ იყო. თუ ახლაც ასეთი სახით განმეორდება მძიმე წარსული, რა თქმა უნდა, დასანანი იქნება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge- სთან საუბრისას.