სიღარიბის შემცირებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ კუთხით ვითარება არ გაუმჯობესებულა. ქვეყნიდან 800 ათასი ადამიანია გასული მატერიალური პრობლემების გამო, ხოლო არსებული საშუალო ხელფასით ცხოვრება შეუძლებელია. ხელისუფლება კი საპირისპიროს ამტკიცებს და თავისი პოზიციის გასამყარებლად შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები მოჰყავთ.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ 2023 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, უმუშევრობა და სიღარიბე ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიზანს დასაქმების ხელშეწყობა, შედეგად კი სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება წარმოადგენს. მინისტრის თქმით, ეს კომპლექსური სამუშაოა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, უნდა მოხდეს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმებისა და სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად.
„2023 წლის აპრილიდან მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. ამასთან, ბოლო 9 თვის განმავლობაში ინფლაციის დონე 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. 2023 წელს საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე. 2024 წლის იანვარ-თებერვალშიც საქართველოში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
2023 წელს საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ოქტომბრიდან ფასების კლება ფიქსირდება. ასევე, წინა წელს ფასების შემცირება დაფიქსირდა მედიკამენტებზე. სურსათსა და მედიკამენტებზე ფასების კლება ყველაზე დიდ შეღავათს სწორედ მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის წარმოადგენს.
უმუშევრობის დონე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - 2023 წელს ის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მეტყველებს. ამასთან, უმუშევრობის დონე 2023 წელს 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა“, - აღნიშნულია მოხსენებაში.
არსებულ რეალობას ეხმიანება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამჟამად გაუმჯობესებულია უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევის მაჩვენებლები, სამუშაო კიდევ ბევრია.
„სიღარიბესთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მონაცემები. 2022 წლის მონაცემებით, სიღარიბის დონე 15.4%-ია. ძალიან მძიმე ვითარებაა. მართალია, „ნაცმოძრაობის“ შემდეგ სიღარიბე განახევრებულია, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიქნებით ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როცა სიღარიბე განულდება.
რაც შეეხება უმუშევრობას, დღეს გვაქვს ისტორიული მინიმუმი, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. მთავარი, რასაც ვაკეთებთ, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
2021 წელს გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 2022 წელსაც, შარშან გვქონდა 7.5%-იანი ზრდა, წელსაც ველოდებით ანალოგიურ მაჩვენებელს. სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი ინსტრუმენტი არის სწორედ მაღალი ეკონომიკური ზრდა. იმისთვის ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც, ავტობანის მშენებლობა, პორტების და აეროპორტების განვითარება და ა.შ. რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. IT-ის მიმართულებით და სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი. სწორედ ეს პროცესი არის დაკავშირებული, საბოლოო ჯამში, სამუშაო ადგილების შექმნასთან და ასევე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდასთან.
დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რაც არის ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს როგორც სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ასევე დასაქმების კუთხით გაუმჯობესება, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი, ვიდრე სიღარიბე ქვეყანაში არ განულდება, ვიდრე უმუშევრობის პრობლემა არ დაიძლევა. ეს არის მთავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ საქართველოში სიღარიბე განახევრდა, ხოლო ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. შესაბამისად, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.
„ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე პრაქტიკულად განახევრდა. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.
წინა თვეში გვქონდა 9.5%-იანი მაჩვენებელი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ასეთ პირობებში სიღარიბე კიდევ უფრო მეტად შემცირდება ჩვენს ქვეყანაში, რაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში მოგვცემს სიღარიბის სრულად აღმოფხვრის საშუალებას“, – აღნიშნა კობახიძემ.
გასული წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 15.3%-მდე შემცირდა, რაც 2019 წლიდან მოყოლებული კვარტალურად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სავარაუდოა, რომ იგივე ტენდენცია იქნება წლიურ ჭრილშიც და 2023 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 16-16.5%-ის ფარგლებში დაფიქსირდება, რაც ასევე 2010 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებელს, საქართველოში 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურმა მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა. ეს 2021 წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2023 წლის სიღარიბის მაჩვენებელს საქსტატი მაისში გამოაქვეყნებს.