რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება. ამაზე უკვე ღიად საუბრობენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და გენშტაბის უფროსი გენერალი ალექსანდრე სირსკი. ისინი შეტევის სავარაუდო თარიღად 2024 წლის მაის-ივნისს ასახელებენ. თუმცა, მანამდე დასავლურმა მედიამაც დაწერა, რომ არაერთი ფაქტორი მეტყველებს რუსეთის ხელისუფლებისა და რუსი სამხედროების სამზადისზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის არაფერი უთქვამს მოსალოდნელი იერიშის მიმართულებაზე, თუმცა საექსპერტო წრეები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთი შეუტევს ხარკოვის მიმართულებით და ქალაქის აღებასაც შეეცდება.
ISW-ის მორიგი ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სარდლობამ შესაძლოა, თავისი ძალების კონცენტრირება მოახდინოს დონეცკის ოლქის დასავლეთში, იმ იმედით, რომ ისარგებლებენ რუსული ძალების სტაბილური, მაგრამ უმნიშვნელო წინსვლით ამ სექტორში.
თებერვლის ბოლოს, Bloomberg-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან, რომ რუსეთი ზაფხულის შეტევისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მოპოვებას შეძლებს, თუ კიევის მოკავშირეები არ გაზრდიან უკრაინის მომარაგებას საბრძოლო მასალით.
უკრაინის სამხედრო უწყება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთის არმია ქმნის 100 000-ჯარისკაციან ახალ ჯგუფს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინაზე ზაფხულის შეტევისთვის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა ალექსანდრ სირსკიმ თავის პირველ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთის შესაძლო იერიშზე ხარკოვის მიმართულებით, რაზეც ბოლო დღეებში რუსული წყაროებიც წერენ.
გენერლის თქმით, ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ კომპლექსურ სამუშაოებს საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და ადეკვატური მომზადების კუთხით.
„ჩვენ უკვე გვაქვს საბრძოლო გამოცდილება ხარკოვის ოლქში. ჩვენ შევძელით მოწინააღმდეგის გამოჭერა და ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება, სწორედ მაშინ ჩამოიქცა რუსული ფრონტი. თუკი რუსები ისევ ხარკოვის მიმართულებით დაიწყებენ შეტევას, ეს მათთვის ფატალური ქალაქი გახდება“, - განაცხადა სირსკიმ.
„უკრაინა უახლოეს თვეებში უნდა მოემზადოს რუსეთის არმიის ახალი შეტევითი მოქმედებებისთვის“, - ამის შესახებ კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 მარტს ამერიკულ არხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთი ამზადებს კონტრშეტევებს, ეს შეიძლება იყოს მაისის ბოლოს ან ივნისში. ამისთვის არა მხოლოდ უნდა მოვემზადოთ, არა მხოლოდ სტაბილიზაცია მოვახდინოთ, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ძალიან ბედნიერები არიან, რომ სტაბილიზაცია (ფრონტზე სიტუაციის - რედ.) მოვახდინეთ. გვამხნევებენ: კარგია, თქვენ ძალა შეგწევთო. არა, ახლა დახმარება გვჭირდება შესაბამისი ბრიგადების მოსამზადებლად, რომლებსაც ჩვენი მიწისთვის ბრძოლა მოუწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის არმიის საჭიროებების შესახებ შეკითხვაზე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეპირაპირების ხაზზე სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად, უპირველეს ყოვლისა. საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და არტილერია.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ის რუსეთის მიერ გაზაფხულზე უკრაინაზე კონტრშეტევას დეკემბერში ჩვენსავე გამოცემაში პროგნოზირებდა. მაისაია ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით რუსეთში, ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს.
„რუსეთს თავდაცვის სამინისტროში სამი კერძო კომპანია აქვს შექმნილი, ეს არის „ვედითი“, „ვაგნერი“ და „პატრიოტი“. თავდაცვის სამინსტრომ სამივე ყველაზე ძლიერი სამხედრო კომპანიები დაიქვემდებარა. აქედან რეკრუტირება მიდის და ძალების კონცენტრაცია ხდება, შეიარაღებული კომპონენტების ფრონტის ხაზზე გადასროლა. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ მაისში და ივნისში რუსებმა შეტევა დაიწყონ. ისინი უკვე ამზადებენ ე.წ. გარღვევითი ტიპის ბრძოლებს, მაგალითად, ცდილობენ კრემატოვსკი სლავიანსკის მიმართულებით.
ეს კი საშუალებას მისცემთ დონეცკის ოლქის მთლიანი რეგიონის ოკუპაცია მოახდინონ, ხოლო შემდგომში, იოლად, ლუგანსკის დარჩენილი ტერიტორიები დაიკავონ. ლუგანსკი და დონეცკის ოკუპაციის შემთვევაში, ისინი პირდაპირ შეტევებს სუმის და ხარკოვის მიმართულებაზე დაიწყებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსები ეცდებიან ჩრდილოეთ ფრონტზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები დაიკავონ. უკრაინელებს შეუქმნან ბუფერული ზონა, რათა რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე რეიდები აღარ განახორციელონ, ეს არის ბელგოროდი, კურსკი და სხვა მიმდებარე ტერიტორიები. თუ რუსები ამას მიაღწევენ, ისინი უკვე ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებაზე გადავლენ. ამით ანექსირებულ ყირიმს სახმელეთო გზით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას დაუკავშირებენ“, - ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, სირსკის განცახდება, რომ ხარკოვი ძალიან დაცულია, ცოტა რელობას არის მოკლებული. მაისაია მიიჩნევს, რომ ის ასეთი ოპტიმისტური არ იქნებოდა, რადგანაც თუკი ხარკოვის სამი მიმართულებიდან რუსებმა ალყაში მოაქციეს და აღარ დაუშვეს ხარკოვის აღების პირველ ეტაპზე დაშვებული შეცდომები, მაშინ ქალაქის დაცვა უკრაინელებს გაუჭირდებათ.
„გვახსოვს რუსებს 2022 წელს ხარკოვი ფაქტობრივად აღებული ჰქონდათ და ვერ მოხდა შესაბამისი მომარაგების მიწოდება და ამ ტერიტორიების დაცვა. ეს შეცდომები რუსებმა უკვე გაითვალისწინეს და თუკი უკრაინელები იზრდებიან ამ ომში, რუსებიც საკუთარ შეცდომებზე ბევრ რამეს სწავლობენ. რუსები ხარკოვის აღებას სეგმენტურად შეეცდებიან. ანუ გარკვეული რაიონების დაყოფით მისი ეტაპობრივი დაკავება მოხდება. ასეთი ოპერაციის გამოცდილება რუსებს უკვე მარიოპოლის, ხერსონის და ავდიივკას შემთხვევაში უკვე ჰქონდათ. ამიტომ რუსების არმია, რომელიც უკრაინაში 2022 წელს შეიჭრა, ის არმია დღევანდელი არმიისგან განსხვავდება. თუკი აპრილ-მაისის განმავლობაში რუსებს ეს ჩანაფიქრი გამოუვიდათ, მაშინ ხარკოვის დაკავებას პრობლემურად ვერ მივიჩნევ. შესაძლოა, დანაკარგი ჰქონდეთ, მაგრამ ამას მაინც გარისკავენ. რუსები მის აღებას ურბანისტური ომის მეთოდით შეეცდებიან. ეს არის ძველი საბრძოლო ფორმა, რომელსაც უკვე იყენებენ“, - ამბობს მაისაია.
სამხედრო ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ზაფხულის დადგომისთანავე, როდესაც ნიადაგი გამოშრება და მძიმე ტექნიკის გადაადგილება იქნება მოსალოდნელი, რუსეთი თავისი საბრძოლო ინიციატივის განვითარებას შეეცდება. ალადაშვილი ამბობს, რომ ეს შეტევები იქნება რამდენიმე მიმართულებაზე, რათა უკრაინის ჯარი სხვადასხვა ფრონტის ხაზზე დაქსაქსონ.
„თუ ასე გაგრძელდა და უკრაინის არმიის მომარაგება ასე იქნა შეჩერებული და დაპაუზებული ამერიკის კონგრესის მხრიდან, რა თქმა უნდა, სიტუაცია კატასტროფული იქნება. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინის ჯარში ვერა და ვერ მოახერხეს მობილიზაციის დაწყება. პუტინი ამ შექმნილ სიტუაციას რომ გამოიყენებს, ამაში უკვე მეორე აზრი აღარ არსებობს. პუტინმა თუ ხარკოვი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცია და ბრძოლები იქ გაიმართა, რა თქმა უნდა, ეს მარტივი რუსეთისთვის არ იქნება. ეს არის მილიონიანი ქალაქი, რომელიც უკრაინაში სიდიდით მეორეა. მისი აღება ასე მარტივად არ ხდება, უბრალოდ, ეს ქალაქის ნაწილის ან მთლიანად განადგურების ფასად შეიძლება აიღონ. რუსების ხელწერაა უკვე ქალაქების განადგურება და ამ ფორმით აღება. რაც შეეხება უკრაინის ჯარს, არის თუ არა ის მზად მსგავსი შეტევისთვის, რა თქმა უნდა, ახლა უკრაინელები კრიტიკულ სიტუაციაში არიან. ის ჯარისკაცები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ფრონტის ხაზზე იბრძვიან, გადაიღალნენ, ზოგი დაიჭრა, ზოგიც დაიღუპა. ამიტომ ჯარის როტაცია აუცილებელია. მებრძოლები წინა ხაზზე თითქმის შეუცვლელად არიან. მათი დასვენება, გადაიარაღება, ზურგში გადასროლა უნდა მოხდეს. ეს პროცესი რთულად არის და უკრაინაში ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს“, - ამბობს ალადაშვილი.
საცაა მოსკოვს აიღებენო და ესენი კიდევ უკუღმა ამბობენ
კრემლისკენ კრემლისკენ რა შეტევა რის შეტევა