„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება, მმართველი პოლიტიკური გუნდი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. ხოლო, „ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.
აღნიშნულთან და ზოგადად, ამა თუ იმ პარტიების პოლიტიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებით, For.ge ანალიტიკოსს პოლიტიკურ საკითხებში ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
ზაალ ანჯაფარიძე: „თუ ერთი პროცენტია განსხვავება პირველ და მეორე ადგილებზე გასულთა შორის, მეორე ტურის დანიშვნა დამატებით ორგანიზაციულ და ფინანსურ ხარჯებს გამოიწვევს. მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარე: როდესაც ასეთი მცირე განსხვავება არის, არავინ იცის მეორე ტურში როგორ მოიქცევა ამომრჩეველი. შესაბამისად, აქაც გარკვეული კითხვები ჩნდება, თუ რას მიენიჭოს უპირატესობა - დრო, თანხები და რესურსები დაიზოგოს თუ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მიეცეს დრო, უკეთ გაიაზროს თავისი არჩევანი.
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ახალი ცვლილებებით, „ოცნება“ თვითაღიარების რეჟიმშია და ამბობს, რომ „მათთვის 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა“.
- შანსები მაღალი აქვს, რადგან მმართველი გუნდია. რამდენიმე საკრებულოს გარდა, უმრავლესობა აქვს და ხელთ არის ყველა რესურსი. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიები ბოლო პერიოდში საკმაოდ სუსტად გამოიყურებიან, შანსები „ქართულ ოცნებას“ მეტი აქვს, ვიდრე ოპოზიციური პარტიებს. ეს ოპოზიციის ჩვეულებრივი რიტორიკაა და განსაკუთრებული არაფერი არ უნდა ვეძებოთ.
მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერები კი მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მაღალი რეიტინგი აქვს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სულ მცირე 60%-ს აიღებს. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- გამოქვეყნებულ კვლევებს რომ დავეყრდნოთ, მმართველ გუნდს სერიოზული უპირატესობა აქვს, მაგრამ კვლევები ჩვენთან არ აჩვენებს ხოლმე რეალურ სურათს და ეს არაერთხელ დამტკიცებულა არჩევნებზე. უახლოეს პერიოდში არჩევნები რომ გაიმართოს, „ქართული ოცნება“ აუცილებლად მოიგებდა სერიოზული უპირატესობით, იქიდან გამომდინარე, თუ რა ფორმაშია ოპოზიცია.
ოპოზიციურ სპექტრში ვის რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს მიმდინარე წლის არჩევნებში, თქვენ რას ფიქრობთ?
- დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, გაჭირვებით შეიძლება გადალახონ ბარიერი სხვებმა. ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის გახარიას პარტია და „ლელო.“
რაც შეეხება ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას „ახალს?“
- დიდ დივიდენდებს „ახალზე“ ვერ გავცემდი, რადგან ეს პარტია საზოგადოების თვალში აღიქმება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი განაყოფი. ელექტორალური ველი, სადაც მათ შეუძლიათ „ინადირონ“, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი და ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდების რაღაც ნაწილი. თუმცა, ამ პარტიის ლიდერების ბიოგრაფიიდან გამომდინარე, არ მგონია მათ სერიოზული ელექტორალური მონაპორავარის იმედი ჰქონდეთ. რამდენს წაართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას,“ რთულია საუბარი.
მიიჩნევთ, რომ შანსი იმისა, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს „ახალი“ დაეწიოს, დაბალია?
- ახალი ხელმძღვანელობის და მენეჯმენტის პირობებში, არავითარი წინაპირობა არ არსებობს, რომ მათმა რეიტინგმა მოიმატოს. არ გამოვრიცხავდი მათი პარტიის დაშლის სცენარს. არც ერთი მათგანი (ნიკა მელია და ნიკა გვარამია) არ არის კომპრომისისკენ მიდრეკილი, პირიქით - შესაძლოა განხეთქილებებმა იჩინოს თავი არჩევნების მოახლოების კვალობაზე.
კონკრეტული ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესაძლებლობას გამორიცხავთ?
- გვარამია-მელიასთან გაერთიანებას სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღენიადაგ იმას აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირება უნდათ, თუნდაც გახარიას პარტიას, „ახალთან“ გაერთიანება რეპუტაციულად დააზიანებს, მაგრამ პოლიტიკა ისეთი პროცესია, ხანდახან გიწევს ისეთ ვინმესთან დადგომა, რომელთანაც ადრე არ დადგებოდი. თუმცა, ამ შემთხვევაში, როდესაც გაცხადებული აქვს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებს და შემდეგ უცებ შეცვალოს გადაწყვეტილება, ეს მისსავე ამომრჩეველს დააფრთხობს და ნეგატიურად განაწყობს. გახარიას პარტია მიიჩნევა ისეთ პარტიად, რომელიც სწორედ ამაზე აგებს თავის საარჩევნო კამპანიას - არც „ნაცები“ და არც „ქოცები“ და ასეთი მკვეთრი ზიგ-ზაგი არ მგონია მათ სასარგებლოდ მოქმედებდეს.