ეკონომიკური ზრდის ტემპი ერთბაშად დაჩქარდა. ეს ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ მთავრობა დაბეჯითებით ირწმუნება, რომ მიღწეული შედეგი შენარჩუნდება და გაუმჯობესდება კიდეც. ყოველ შემთხვევაში, წლის დასაწყისში სტარტი იმაზე გაცილებით უკეთესი გამოვიდა, ვიდრე საუკეთესო სცენარით იყო განსაზღვრული.
წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია. „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.
მაშინ, როდესაც მიმდინარე წელს ყველა ეკონომიკური ზრდის შენელებას ელოდება, წლის პირველივე თვეებში საპირისპირო შედეგი დაიდო. რამ გამოიწვია სიტუაციის ასეთი განვითარება? ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.
ცინცაძე რიგი გადაწყვეტილებების და ინიციატივების შესახებ საუბრობს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლადაა მიმართული. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, რომლის შესახებ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ეცნობება.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, მთავრობის ღონისძიებებს პოზიტიური გავლენა ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ინდუსტრიული განვითარების და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით, რაც თავის მხრივ აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას.
სავალუტო შემოდინებები, ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის ზრდა - „თიბისის“ მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ეს ის არგუმენტებია, რამაც თებერვალში ეკონომიკის 9,5%-მდე ზრდა განაპირობა. გასათვალისწინებელია მიგრანტების ეფექტიც, რომელთა ნაკადი შემცირდა. ოთარ ნადარაიას განცხადებით, შემცირების ტემპი შეჩერდა და ამ მხრივ მცირედი გაუმჯობესებაა.
„ვნახეთ, რომ სავალუტო შემოდინებები გაძლიერდა მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის პიკი გავლილია და მიგრაცია მცირდებოდა, თუმცა წმინდა სავალუტო შემოსავლები, ექსპორტი, გზავნილები, რუსეთის შესწორების შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით კაპიტალის კომპონენტი და ტურიზმი გაძლიერდა.
რასაც ჩვენ ვხედავთ, მიგრაციის პიკი გავლილია, თუმცა ძალიან უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვიცით რაც ხდება, სამწუხაროდ, უკრაინაში, ასევე არის საუბარი შემდგომ მობილიზაციის შესაძლებლობაზე რუსეთში და ბუნებრივია, ალბათ, ამ თემას უკავშირდება, რომ პიკის გავლის მიუხედავად, გვაქვს გარკვეული გაუმჯობესება“, - აღნიშნა ნადარაიამ.
განვითარების დაჩქარებულ ტემპს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, ძალიან სასიხარულოა, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე მაღალი ეკონომიკური ზრდით აღინიშნა და იმედია, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. პრემიერს არ დაუმალავს, რომ მთავრობის ერთ-ერთ გამოწვევად ისევ სიღარიბე რჩება, შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანა, ამ გამოწვევის მოგვარებაა.
„გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა, ეროვნულმა ბანკმა ამ კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური განვითარების ტემპი, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2021-22 წლებში, შარშან გვქონდა 7,5%, ახლა თებერვალში 9,5% გვაქვს, საბოლოო ჯამში, იმედი გაქვს, რომ წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელზე უკეთესი იქნება, ეს არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ ყველა მიმართულებით წინ წაიწიოს.
ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი, თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს, რათა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, მოსახლეობის დაახლოებით, 15% ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. სწორედ ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც ჩვენი ეროვნული ამოცანაა. დარწმუნებული ვარ, ამ წლის ბოლოს, სიღარიბის შემცირების კუთხით, ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, სერიოზული წინსვლა გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.