ტურისტული კომპანია „თრეველფლაის“ მარკეტინგის მენეჯერის თქმით, „ევრო-2024“-ისთვის შექმნილ პაკეტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. მარიამ დგებუაძე ამბობს, რომ კომპანიაში ტურისტულ პაკეტებზე ფასები მინიმუმ 50%-ით ზრდას ვარაუდობენ.
„ახლა მინიმალური ფასები გვაქვს გამოცხადებული, თუმცა ბილეთები ძალიან სწრაფად იჯავშნება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის რეისები იმდენადაა გაძვირებული, რომ თბილისიდან წასვლა სჯობს.
ზოგადად, ფასების კორექცია რეისის დატვირთულობაზეა დამოკიდებული და ამასთან, თუ როგორ შეივსება სასტუმროებიც. თამაშის პერიოდი ისედაც ტურისტულად აქტიური სეზონია, როდესაც ფასები ისედაც იმატებს. ამ ეტაპზე ბილეთები ჯერ კიდევ არის და მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია შეძენა. უკვე ძალიან ბევრი პაკეტი გავყიდეთ და ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 50%-ით გაიზრდება ფასები“, - განაცხადა დგებუაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე „თრეველფლაიში“ „ევრო-2024“-ის პაკეტების ღირებულება 2992 ლარიდან იწყება.
მას შემდეგ, რაც საქართველო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირდა, გერმანიაში წასვლის მსურველთა რაოდენობა გახუთმაგდა. შექმნილ აჟიოტაჟზე და გაძვირებულ ბილეთებზე ყურადღებას ამახვილებს საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი და საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინაშვილი და განმარტავს, რომ ბილეთების გაძვირება სეზონის დადგომასთან ერთად, ფეხბურთის მატჩზე დასწრების მსურველთა დიდმა რაოდენობამ და აქტივობამ განაპირობა. ამას თან ერთვის არსებული არაკონკურენტუნარიანი გარემო.
„ავიაციაში არსებობს ორი სეზონი, ზამთრის და ზაფხულის. სხვათა შორის, ზაფხულის სეზონი სწორედ დღეს დაიწყო, შესაბამისად, ავიაკომპანიები მოთხოვნიდან გამომდინარე რეაგირებენ. ისინი უნდა განვიხილოთ ჩვეულებრივ კომპანიებად, რომლის ფასის წარმოქმნაზე მოქმედებს ისეთი წესები, როგორიცაა მოთხოვნა და მიწოდება. რა თქმა უნდა, ზაფხულში ეს მოთხოვნა მაღალია და შესაბამისად, სისტემა (რომელიც მართავს ავიაკომპანიის ტარიფებს) როცა ხედავს, რომ ადგილებთან შედარებით მოთხოვნა 4-5-ჯერ მეტია, ავტომატურად აკორექტირებს ფასს.
ჩვენ ფეხბურთის დიდი ღონისძიება გველის გერმანიაში, „ვიზეარი“, ცხადია, ამით „სარგებლობს“. აქ მივდივართ კონკურენციასთან. სპეკულაციური ფასები ყოველთვის რეგულირდება კონკურენციით. ჩვენ დღეს დორტმუნდის მიმართულებით პირდაპირი რეისის შემსრულებელი სხვა ავიაკომპანიაც რომ გვყავდეს, „ვიზეარი“ შეხედავდა, რომ მის ბილეთებზე ნაკლებია მოთხოვნა, შესაბამისად, ფასი დაიწევდა.
ჩვენ გვჭირდება ჩვენი ძლიერი ავიაკომპანიები, რათა სხვებს კონკურენცია გაუწიონ. ქართული ბაზარი უცხოური კომპანიებით ივსება. ეს კი იმის ნიშანია, რომ ქართული საავიაციო ბაზარი არის საინტერესო. განვითარებადი ქვეყანა ვართ, მოგების მზარდი მარჟა აქვთ და ეს ტრენდი აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას მოლოდინაშვილმა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი, გერმანიის მიმართულებით, სადაც „ევრო-2024“ უნდა გაიმართოს, ტურისტულ ტურებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ტურისტულ კომპანია „ოკ თრეველში“ აცხადებენ, მატჩზე დასწრების მსურველები გამუდმებით უკავშირდებიან.
„ტურის შედგენის პროცესში ვართ, ჯერ ტურის ღირებულებას ვერ გეტყვით, რადგან სასტუმრო, ღამეების რაოდენობა და ავიაბილეთი განაპირობებს ფასს“ - აცხადებენ „ოკ თრეველში“.
ტურისტულმა კომპანია „ჩექინ თრეველმა“ კი დორტმუნდის ტური უკვე გამოაქვეყნა, ტურის ღირებულება, რომელშიც შედის ავიაბილეთები თბილისიდან, ხელბარგი 3 კგ, სასტუმრო შესაბამისი ტიპის კვებით ან კვების გარეშე, სამოგზაურო დაზღვევა, მატჩზე დასასწრები ბილეთი - მთლიანობაში 3120 ლარი და 3625 ლარი ღირს, ფასის ცვლილებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასტუმრო განაპირობებს.
სიახლეა ავიამიმართულებითაც. გაირკვა, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, „ევრო-2024“-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს.
„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას. „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, რათა რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.
პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.
ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება პირველი აპრილიდან ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“ - განაცხადა ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ვიქტორია კლიმიჩევამ.