საარჩევნო წლის მიუხედავად, საქართველოში არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, დაძაბულობას არავინ ელოდება. ეს კარგად ჩანს ეკონომიკურ შეფასებებში, რომელსაც ერთმანეთის მიყოლებით გვთავაზობენ საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციები.
მორიგი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოს მოსალოდნელ სცენართან დაკავშირებით საკუთარი მოლიდინი გააუმჯობესა, „მუდისია“. ორგანიზაციამ ქვეყნის რეიტინგი „ბიეი 2“-ზე უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.
„მუდისის“ პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5.5%-ით გაიზრდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონეზე 5-5.5%-ის ფარგლებში იქნება. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა რეალური ხელფასებისა და დასაქმების ზრდით იქნება გამოწვეული, რაც ზეგავლენას მოახდენს მოთხოვნის ზრდაზე.
„საქართველოს „ბიეი 2“ რეიტინგის შენარჩუნება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს და ასევე სხვა ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუციების სიძლიერის ასახვაა. აღნიშნულმა, გლობალური ინფლაციური შოკების ეფექტურ მართვასთან ერთად, 2022 და 2023 წლებში მოსალოდნელზე მაღალი ზრდა განაპირობა“, - ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან სისუსტეს წარმოადგენს, სულ უფრო მცირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, გლობალურ გამოწვევების ფონზე ჩვენი პოლიტიკის დროულმა და სათანადო პასუხმა საქართველოს ეკონომიკა შოკის მიმართ უფრო მდგრადი გახადა.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციურ გამოწვევებს წარმატებით უპასუხა და შეინარჩუნა ფასების სტაბილურობა. სწორედ ამის შედეგია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინი კარგადაა მართული. წამყვანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიში პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის“, - განაცხადა მიქაბაძემ.
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სარეიტინგო ორგანიზაციის ანგარიშს გამოეხმაურნენ მთავრობაშიც. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რეგიონში, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მასობრივად გაუარესდა რეიტინგები.
„საკრედიტო რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნის ეკონომიკის ნდობის მიმართულებით. ინვესტორები ზუსტად მისი მეშვეობით ხელმძღვანელობენ თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. ზოგადად, ობიექტური აღქმა დაკავშირებულია ამ რეიტინგებთან. ძალიან საყურადღებოა, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ უცვლელად შეუნარჩუნა საქართველოს რეიტინგი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოს სტაბილური პერსპექტივა ასახავს სარეიტინგო სააგენტოს შეფასებას, რომ რისკი მიმდინარე პერიოდში დაბალანსებულია.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საინვესტიციო ხარისხთან, ე.წ. საინვესტიციო რეიტინგთან და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე კი საბოლოოდ იმას მივაღწიოთ, რომ მივიღოთ საინვესტიციო ხარისხიც და საქართველოს ეკონომიკისთვის, საფინანსო სისტემისთვის ფინანსური რესურსები უფრო გაიაფდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ორგანიზაციის ანგარიშსს გამოეხმაურნენ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროშიც. როგორც მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობის დაბალ დონეზე შემცირება გახდა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა და ის სწორად ვითარდება. ამიტომ გავლენიანი შემფასებლები ამ მოცემულობას შესაბამისად აფასებენ.
„არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ზოგადად, მათ შორის, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა და ის სწორად ვითარდება. ეს უდავოდ დიდი წარმატებაა. ეს არის ნათელი შეტყობინება ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა უცხოური ინვესტიციებისთვის. ჩვენ გვჭირდება უცხოური ინვესტიციები“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
ექსპერტები კი ხაზ უსვამენ არსებული პოლიტიკური კურსის სისწორეს, რომელიც ეკონომიკასაც გადაეცემა, საბოლოოდ კი ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია. ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების უალტერნატივობას.
„ციკლიდან - საქართველო „ეკონომიკურად ჩამოქცეულია“. ნაცმარგინალების კიდევ ერთი დეზინფორმაციული გზავნილი გააქარწყლა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა. ჩვენი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების უალტერნატივობას.
Moody’s-ის შეფასებით, პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა. რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა.
სააგენტოს პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. სააგენტოს მოლოდინით ფისკალური სტაბილურობა მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.