„ნაციონალური მოძრაობა“ 5%-იანი ბარიერის ვერ გადალახვის ზღვარზე?!

„ნაციონალური მოძრაობა“ 5%-იანი ბარიერის ვერ გადალახვის ზღვარზე?!

მას შემდეგ, რაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელია გამოეყო, პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აქტიურად განიხილავს, რომ აღნიშნულმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 5%-იან ბარიერი, შესაძლოა, ვერ გადალახოს. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს. თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ შეექმნება, მთავარია რამდენად შეძლებს ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი მიიღოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმეც ისე მიდის, რომ შეიძლება მათაც პრობლემები შეექმნათ. ყველა სხვა პარტია თავადვე აღიარებს, რომ საკუთარი თავი იქამდე მიიყვანეს, რომ ბარიერის გადალახვის შანსიც არა აქვთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 5%-იან ბარიერს გადალავს, თუმცა, სხვა პარტიები რამდენად შეძლებენ ამას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ნაცმოძრაობა“ უარეს მდგომარეობაშიც ყოფილა, თუნდაც 2012 წლის არჩევნებში, მაგრამ გადალახა 5%-იანი ბარიერი. ვფიქრობ, გადალახვას შეძლებს, თუმცა, გააჩნია რამდენით. შესაძლოა ეს არ იყოს ის, რაც მან აჩვენა წინა არჩევნებში, - 25%-დან 27%-მდე.

როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაწყებული სხვადასხვა ტიპის კამპანიები, - ფასები, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა და ა.შ. - საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს. ამან შესაძლოა მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ მისი მხარდაჭერა მცირდება.

არჩევნების დროს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე იმუშავებს სულ მცირე 3-4 პარტია, რომლებიც მას გამოეყო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გაჭირვებით შეიძლება გადალახოს 5%-იანი ბარიერი, თუმცა, გადალახავს“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანების კონტურები არ იკვეთება.

„5%-იანი ბაერიერის გადალახვა სხვა ოპოზიციურ პარტიებს გარანტირებული არ აქვთ. მათი არათანმიმდევრული, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ხელს უწყობს ამას. ასევე, მათ რიგებში არ ჩანს რეალური ლიდერი, რომელსაც საზოგადოება მიიღებს, როგორც ლიდერს. ვიცით, არჩევანის გაკეთების დროს დიდ როლს თამაშობს პიროვნული ფაქტორი.

ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პროცესი საუბრების იქით არ წასულა. არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე თვეში, დათანხმდნენ მტკივნეული გადაწყვეტილებას - საკუთარი პოლიტიკური იდენტობა დათმონ, ოღონდ პარლამენტში ერთ-ორ მანდატს გამორჩნენ. თუმცა, ჯერჯერობით ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ახლა პოლიტიკური პარტიები არიან აქტიური თვითშეფასების პროცესში, რომელიც შემდეგ გამოკვეთს მათ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით წავლენ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ 5%-იან ბარიერს გადალახავს, მან შესაძლოა ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელიც კი მიიღოს. მისი შეფასებით, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის მეტი შანსი მელია-გვარამიას ახალ პარტიას აქვს.

„თუ ვინმეს გარანტირებულად აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა.“ საუბარი არის მიღებული პროცენტი ორნიშნა იქნება თუ არა და ვფიქრობ, არც ორნიშნას მიღებაა პრობლემა ამ პარტიისთვის.

გარკვეული შანსები აქვს სამ პოლიტიკურ ძალას ოპოზიციიდან: მელია-გვარამიას, გახარიას და „ლელოს“. ყველაზე რეალური შანსი, 5%-იანი ბარიერი გადალახოს, უფრო მელია-გვარამიას პარტიას აქვს, შემდეგ მოდის გახარია და ბოლოს - „ლელო“. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვინ იქნება მელია-გვარამიას გუნდში და როგორი იქნება საარჩევნო პროგრამა. ყველაზე ახლოს ისინი დგანან 5%-იანი ბარიერის დაძლევათან“, - განაცხადა ძაბირაძემ.

იგი მიმდინარე წლის არჩევნებისთვის, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს:

„ოპოზიციური პარტიების ინტერესებში უნდა შედიოდეს გაერთიანება, აუცილებელიც კი არის ეს. ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, მელია-გვარამიას პარტიას დაემატოს ხოშტარია და „გირჩი-ჯაფარიძე“. ხოლო, მეორე მხარეს არის გახარია, ხაზარაძე, დოლიძე და ელისაშვილი. თუ ეს ოთხეული გაერთიანდება, მაშინ საკმაოდ სერიოზული ჯგუფი იქნება. მათ შორის ლიდერი პარტიებია გახარიას და მელიას პოლიტიკური ჯგუფები“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.