„ახლა ვხვდები, სააკაშვილი „ვივამედიდან“ ციხეში რატომ არ გადაჰყავთ - მისი ყველა განცხადება, რომელსაც ის სასამართლოდან აკეთებს, ერთი მეორეზე არაადეკვატურია“

„ახლა ვხვდები, სააკაშვილი „ვივამედიდან“ ციხეში რატომ არ გადაჰყავთ - მისი ყველა განცხადება, რომელსაც ის სასამართლოდან აკეთებს, ერთი მეორეზე არაადეკვატურია“

კლინიკა „ვივა მედიდან“ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფსონი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დადო. სააკაშვილმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და სასამართლო პროცესი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. ექსპრეზიდენტმა ოპოზიციას შეუთვალა, რომ არჩევნებში უპირობო ლიდერი „ნაციონალური მოძრაობაა“ და მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ.

სააკშვილის ამ განცხადებამ ოპოზიციის დიდი ნაწილი გააღიზიანა. მათი აზრით, ექსპრეზიდენტს არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციები აქვს და ამ განცხადებით ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს. სააკაშვილს კრიტიკის ადრესატები ურჩევენ, პატარა პარტიებზე იერიშის ნაცვლად, საკუთარი გუნდის პოლიტიკურ შანსებს გადახედოს.

სააკაშვილს კი მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ ის დისკრედიტებული, დაშლილი პარტიის ლიდერია და შესაძლოა, ბარიერის გადალახვის პრობლემა თავად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონდეს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს კარი თავად დაუკეტა, რაც გარანტირებული მარცხია ისედაც წაგებულ თამაშში.

საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საარჩევნო მარათონი სახელისუფლებო გუნდის დიდი უპირატესობით დასრულდება. მმართველი პარტია 2024 წელს დამაჯერებელი გამარჯვების და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის ემზადება, ოპოზიციას კი ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში, პოლიტიკურ მარცხს უწინასწარმეტყველებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პატარა პარტიებთან დაკავშირებით, ვინმეს უნდა თუ არა, რეალობას შეესაბამება. თუმცა, მეორე საკითხია, რომ ამ განცხადებებს ხელისუფლება სათავისოდ მშვენივრად გამოიყენებს. ამიტომაც ხშირად ჩნდება განცდა, რომ სააკაშვილი სასარგებლო იდიოტის როლში გვევლინება.

„სააკაშვილმა ცოტა ხნით პოლიტიკას თავი რომ დაანებოს, ან მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხედოს, ალბათ, ბევრად სჯობია. მის განცხადებებს ხელისუფლება თავისი პროპაგანდისთვის მშვენივრად გამოიყენებს. მეორეც ოპოზიციამ ამას წყენით კი არ უნდა უპასუხოს, უნდა გაიაზროს მის თავს რა ხდება და გამსხვილებაზე იფიქროს. სააკაშვილის პოსტი ასეთი არის, რომ რადგან დანარჩენი ოპოზიცია ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ჯობია ისევ ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ყველამ მხარი ენმ-ს დაუჭიროს. ასეთი განცხადება ხელისუფლებისთვის სასარგებლოა, რადგან ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ როგორც კი „ოცნება“ ნაციონალების პირისპირ დარჩება და არ იქნება სხვა ალტერნატივა, ასეთ შემთხვევაში „ოცნება“ ისევ იგებს. ამ 12 წლის განმავლობაში ხელისუფლება ამას ცდილობს, რომ მისი საპირწონე ნაციონალები იყოს. ამიტომ ასეთი განცხადებები ოპოზიციისთვის მომგებიანი არ არის“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ასევე, არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი თავს იზღვევს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი არ დაიქსაქსოს. ამის ალბათობა არსებობს, რადგან ოპოზიციურ ფლნაგზე თუკი ყოფილი ნაცების კიდევ უფრო ერთიან ძალად გამსხვილება მოხდება, ისინი ხმების დიდ რაოდენობას ენმ-ს წაართმევენ.

„თუკი „ახალს“ დამატებით სხვა ყოფილი ნაცებიც შეუერთდნენ, რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილისთვის რისკი იქნება. ხმების ყველაზე დიდ რაოდენობას ეს ხალხი მის პარტიას წაართმევს. საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედისთვის სააკაშვილის ფიგურა მიუღებელია. ამაში შუაშისტი და „ოცნების“ ამომრჩეველი იგულისხმება. როდესაც სააკაშვილი აქტიურობას იწყებს, ჯერ ერთი, ხელისუფლება იყენებს, მეორე მხრივ კი, თუ ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველი დარწმუნდა, რომ ნაცების გარდა 5%-ს ვერავინ გადალახავს, ოპოზიციიდან ხმას ისევ „ოცნებას“ მისცემენ. ამას სააკაშვილი ან ვერ ათვიცნობიერებს, ან თუ ხვდება, მაშინ ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებს ამ განცხადებას“,-ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ პატარა პარტიები ალტერნატიული, მესამე ძალის ჩამოყალიბებას არ უნდა ეცადონ. ანაჯაფარიძე for.ge-სთან ფიქრობს, სააკაშვილს აქვს შიში, რომ ის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის რაღაცა ნაწილს დაკარგავს, ამიტომ წინასწარ ისეთი განწყობის შექმნას ცდილობს, რომ პატარა პარტიებს არანაირი შანსი არ აქვთ.

„სააკაშვილის ჩემდამი დამოკიდებულების მიუხედავად, სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავეთანხმო. ის სიმართლეს ამბობს, რადგან პატარა პარტიებს დღეს, ხვალ ან ერთი თვის შემდეგ არჩევნები რომ იყოს, პარალმენტში მოხვედრის შანსი არა აქვთ. ამას ასევე „ენდიაის“ ბოლო კვლევა ადასტურებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ჩანს, დაკარგა იმის იმედი, რომ რომელიმე პარტია კიდევ შეუერთდება.

შესაძლოა, ცალკეულ პირებზე იყოს საუბარი, როგორიც სანიკიძე და სხვები არიან, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ სხვა ოპოზიციური პარტიები, ვფიქრობ, ბედს აღარ დაუკავშირებენ. ამიტომაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის სააკაშვილის მხრიდან თავის დაზღვევით გაკეთებული განცხადება. ახლა ვხვდები რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი „ვივამედიდან“ ციხეში. მისი ყველა განცხადება, რომელსაც ის სასამართლოდან აკეთებს, ერთი მეორეზე არაადეკვატურია. ეს კი აზიანებს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე, - დანარჩენ ოპოზიციას. არ მგონია სააკაშვილის ასეთი განცხადებები მისივე საღად მოაზროვნე ელექტორატში უარყოფით განწყობას არ იწვევდეს“,-ამბობს ანჯაფარიძე.

Gami რას წვალობს ეს ძაბირაძე.. ოპოზიციამ უნდა გაიაზროსო -- ერთი ძაბირაძე იაზრებს და მეორე ოპოზიცია.
7 თვის უკან