„ჩვენ თუ გვეყოფა გამბედაობა, კავკასიაში გარკვეულ როლს ვითამაშებთ და ჩვენთან საუბარს სომხეთი კი არა თურქეთიც დაიწყებს“

„ჩვენ თუ გვეყოფა გამბედაობა, კავკასიაში გარკვეულ როლს ვითამაშებთ და ჩვენთან საუბარს სომხეთი კი არა თურქეთიც დაიწყებს“

რისთვის ჩავიდა საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე სომხეთში ფაშინიანთან შესახვედრად და რა ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ მხარეები? სომხეთ - აზერბაიჯანის დაპირისპირების ფონზე, ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ საქართველოს როლი, როგორც შუამავალი ქვეყნის, იზრდება და ეს შესაძლებლობა ქვეყანამ კავკასიაში პოზიციების გასამყარებლად უნდა გამოიყენოს. მათი აზრით, ახლა, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის, კავკასიაშიც რუსეთის პოზიციები შესუსტებულია, საქართველომ მჭიდრო თანამშრომლობა თურქეთთან უნდა აწარმოოს, რადგან ის ნატოს წვერი ქვეყანაა და აზერბაიჯანთან ერთად, კავკასიაში პოზიციებს იმყარებს. მათი აზრით, სომხეთს ახლა საქართველოს გარდა სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორი არ ჰყავს, რაც საქართველოს როლს რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილმა შეთანხმებამ  სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა.

„ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია, პირველ ყოვლისა, მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ. დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმითვე, მათ ჰქონდათ საუბარი ორი ქვეყნის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ასე შემდეგ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს როლის გაზრდა სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ 2020 წელს იყო შესაძლებელი. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შანი ჩვენს მაგივრად აზერბაიჯანმა კარგად გამოიყენა, შეცვალა პოლიტიკა, გვერდში თურქეთი ამოიყენა და თავისი ამოცანები განახორციელა.

„4 წელი გავიდა უკვე და საქართველო ლაპარაკიდან საქმეზე ჯერ არ გადასულა. რუსეთმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში დაიწყო პოზიციების შესუსტება და, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო ცდილობს, რუსეთისგან დისტანცირებას. ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთმაც რუსეთისგან დისტანცირება დაიწყო. ამ ფონზე, როცა გვყავს ასეთი ძლიერი მეზობელი და მეგობარი თურქეთი, რომელიც ეხმარება არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ უკრაინასაც, მას ჩაკეტილი აქვს შავი ზღვა და პრაქტიკულად, შავ ზღვაზე თურქეთი ბატონობს, ამ დროს ოჩამჩირეში, ჩვენს ცხვირწინ სამხედრო ბაზას გვიხსნიან. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ფაქტორი აუცილებლად გამოსაყენებელია. მხოლოდ ცარიელი ლაპარაკი და ვიზიტები არაფერს მოგვცემს. ნებისმიერი ლაპარაკი, თითქოს საქართველოს როლი აქვს, მხოლოდ ქაღალდზეა დაწერილი“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

კითხვაზე - იზრდება თუ არა სომხეთისთვის დამატებით ინტერესი საქართველოს მიმართ, რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სატატუსი მივიღეთ, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კი, რადგან სომხეთს ახლა საქართველოზე უახლოესი და მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში არ ჰყავს.

„საქართველოს სითამამე არ ჰყოფნის ლიდერის პოზიცია აიღოს. ჩვენ თუ გვეყოფა იმის გამბედაობა, რომ კავკასიაში გარკვეულ როლს ვითამაშებთ, ჩვენთან საუბარს სომხეთი კი არა თურქეთიც დაიწყებს. თურქეთთან ხელს მოვაწერდით მნიშვნელოვან უსაფრთხოების და თავდაცვის ხელშეკრულებებს; მათგან მივიღებდით უსაფრთხოების გარანტიებს. ვხედავთ, რომ ჩვენ შუაში ვართ. რადგან თურქეთს სჭირდება შავ ზღვაზე და კავკასაიში გავლენები, ჩვენ კი ორივეგან ვართ, ამიტომ ამ შანსს არ ვიყენებთ და ხელიდან ვუშვებთ, თურქეთი ხმას ვერ იღებს, რადგან საქართველოსგან ამის სურვილი არ ჩანს. სომხეთს სხვა შანსები არა აქვს ჩვენს გარდა. საქართველო მათთვის ევროპული მიმართულებით ერთადერთი გამოსავალია. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა. მეტი პრეტენზიები უნდა გვქონდეს. ასე დამალული და თავჩაღუნული ხომ ვერ ვიქნებით სულ. რუსეთი კავკასიაში გავლენებს კარგავს და ეს შანსი გამოსაყენებელია“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთმა შეძლო და კავკასიაში ისე შექმნა სიტუაცია, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო განვითარების მაგივრად ომში და დაპირისპირებაში ჩართო. ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა რუსეთი კვლავ ცდილობს, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, დაპირისპირება უშუალოდ სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვარზე გააჩინოს. ამიტომ, ამ კონტექსტში, თბილისს აქვს უნიკალური შანსი, რომ მოლაპარაკებებში მედიატორის როლი შეასრულოს.

„ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერი სომხეთში ჩავიდა და გარკვეულ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი შედგა. ახლა რუსეთს არავინ აღარ ენდობა, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი. საქართველოა მნიშვნელოვანი ქვეყანა, მით უმეტეს კანდიდატის სტატუსის შემდეგ ჩვენი როლი სომხეთისთვის კიდევ უფრო გაიზარდა.

მთიანი ყარაბაღის პრობლემა მეტ-ნაკლებად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაირკვა. სომხეთი და აზერბაიჯანი ახლა სამშვიდო ხელშეკრულების დადებას ცდილობენ. ამ ფონზე მისასალმებელია, რომ ორივე მხარესთან საქართველოს ხელისუფლება კარგ მეზობლურ ურთიერთობას აწარმოებს. ახლა სამხრეთ კავკასიაში ომის დაწყება, პირველ რიგში, რუსეთს აწყობს და მისთვის ძალიან კარგი იქნება, თუკი კონფლიქტი ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვრებზე დაიწყება. კრემლი სომხეთის დასავლეთის ლიანდაგებზე გადასვლას ეწინააღმდეგება, ამიტომ მათ სურთ გაიმეორონ 90 წლებში რაც ხდებოდა და ეს ორი ქვეყანა ისევ ომში ჩააბან, რუსეთმა კი ე.წ. სამშვიდობო მისია ითამაშოს, რაც ასევე ჩვენც თავს მოგახვიეს და რა როლი ითამაშეს კავკასიაში ვნახეთ. თუ ჩვენ ვიქნებით ამ ორ ქვეყანას შორის მომრიგებელი მხარე, ეს ჩვენს პოზიციებს კავკასიაში გააძლიერებს. აქ არის მთავარი ის, რომ ჩვენს რეგიონში ომი აღარ იყოს. ჩვენი ქვეყანა მიმზიდველია იმით, რომ აზია-ევროპაში გამავალი დერეფანი არსებობს. ასევე დაინტერესებას ჩვენს მიმართ ჩინეთიც იჩენს. ამიტომ ჩვენ ინტერესშიც არის, რომ ამ ორ ქვეყანას შორის სიმშვიდე იყოს და ეს დერეფანი ჩვენი ეკონომიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ“,-ამბობს ალადაშვილი.

amo ბ-ნო პაატა ტონი, ტონი! რა გვეშველებოდა თქვენ რომ არ გვყავდეთ.
7 თვის უკან