ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თემა პოლიტიკური სპეკულაციების საკითხად აქციოს. ამის გამო, ოპოზიციამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერპელაციით პარალმენტშიც დაიბარა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება სპეციალურად ცდილობს საზღვარგარეთ დაბალი აქტივობა იყოს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ყველა ქალაქში 30 ქართველის გამო საარჩევნო უბნებს ვერ გახსნიან, ეს არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ არაფერში წერია, აშშ-ში, სადაც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქეა, სულ რაღაც სამი-ოთხი ადგილი გვქონდეს, სადაც ხმის მიცემა შეიძლება. მათი თქმით, 2020 წელს აშშ-ში ოთხი უბანი იყო გახსნილი: ნიუ-იორკში ორი, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში კი თითო-თითო. ამიტომ სხვა შტატებში მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემა გაუჭირდათ.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ოპოზიიცის აქტიურობის მთავარი მიზეზი ემიგრანტების ხმების მოპოვებაა. მათ აქვთ იმედი, რომ ემიგრანტებში ოპოზიციური განწყობა უფრო მაღალია და ამ ხმების დაკარგვა არ სურთ.
„უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.
მისი თქმით, „საკონსულო დაწესებულების გახსნა კომპლექსური საკითხია, არსებობს საერთაშორისოდ დამკვიდრებული წესები და რეგულაციები, რომელთა ფარგლებშიც ხდება ამ პროცესის წარმართვა“.
მისივე თქმით, საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და ა.შ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფლის შერჩევის წესები და სხვ. როგორც წესი, დაწესებულების გახსნასთან დაკავშირებული წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს.
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 50 მოქალაქისთვის საარჩვენო უბნის გახსნა ვერ მოახერხდება და მსგავსი პრეცედენტი არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა.
„გარანტირებულად გეუბნებით, 30,40,50 მოქალაქისთვის, რაც არ უნდა მსგავსი კანონმდებლობა ჰქონდეს,მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს ყველა იმ ადგილზე საარჩევნო უბნის გახსნას, სადაც ეს რამდენიმე ათეული მოქალაქე ცხოვრობს. კანონის ამგვარი აღსრულების პრეცედენტები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უფიქსირდება“, - ამბობს მდინარაძე.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის ასეთი მცდელობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ემიგრანტებში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების რაოდენობა დიდია. მამრაძე ამბობს, რომ პირადად ის შესწრებია ძალიან აკადემიურ წრეებშიც კი როგორ იცავენ სააკაშვილს და მცდარი წარმოდგენა აქვთ იმ რეალობაზე, რაც მის თუნდაც პატიმრობასთან დაკავშირებით არსებობს.
„დაკვირვებული ვარ და უშუალოდ შესწრებულიც, მიხეილ სააკაშვილი და დედამისი, გიული ალასანია როგორ ამუშავებენ ინფორმაციულად ჩვენს ემიგრანტებს. განსაკუთრებით მაღალი წრის საზოგადოების დარწმუნებას ახერხებენ. აქ ვგულისხმობ სამეცნიერო და სხვა სფეროში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებს. ბევრჯერ უთქვამთ, რატომ ასამართლებენ რაღაცა პიჯაკების გამო პრეზიდენტსო. ანუ, ზუსტი ინფორმაციაც არა აქვთ და ხშირია ამ მწირი ინფორმაციის გამო მცდარი წარმოდგენების შექმნა.
ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, რადგან ნაციონალებმა შეძლეს და ქვეყნის გარეთ სრულიად სხვა ინფორმაცია შექმნეს სააკაშვილის მმართველობის შესახებ. არადა ქვეყნის შიგნით ყველამ კარგად იცის მისი საქმენი საგმირონი. როცა ამ ხალხს ვუხსნი და ვეუბნები, რომ სააკაშვილის დროს ქვეყანას ჯერ მხოლოდ სამასი ათასი პრობაციონერი ჰყავდა, - რას ამბობ მართლაო? - უკვირთ. ანუ ეს ვაკუუმი, სამწუხაროდ, არსებობს, რაც გამოსასწორებელია. ამიტომ არის ოპოზიცია მოწადინებული, რომ ეს საზღვარგარეთ არსებული ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს“, - ამბობს მამარაძე.
მისივე თქმით, ის ასევე ბევრჯერ შესწრებია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს და მათ თანაშემწეებს, როგორ ჰყოლიათ გარშემორტყმული ნაციოანლები, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ამა თუ იმ საკითხზე სრულიად სხვა ინფორმაციას აწვდიან.
„თავიდან ვაკვირდებოდი და მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეცდა იმაში, როცა ამ პროცესებს არ დააკვირდა და ნაციონალებს ემიგრანტებთან არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ხელი არ შეუშალა. მე მქონია ხელისუფლებასთან ამაზე საუბარი და მითქვამს ბევრჯერ, რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც დიპლომატიური კორპუსების მიერ ბევრია სამუშაო. სააკაშვილის და მისი სისტემის ძლიერი მხარე ყოველთვის იყო პიარი. როცა ეს ქვეყანაში აღარ გაუვიდათ, ამის ამუშავება ქვეყნის გარეთ დაიწყეს. ამიტომაც არის, რომ სიტუაცია გარეთ რადიკალურად სხვაა და ქვეყნის შიგნით სრულიად სხვა“, - ამბობს პეტრე მამრაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ ოპოზიციის აქტიურობის მთავარი მიზანი ემიგრანტების ხმების არდაკარგვაა, რომლებიც უფრო ოპოზიციურად არიან განწყობილები. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, სააკაშვილმა მოახერხა და ემიგრანტების მიმხრობა შეძლო. ამიტომაც იყო, რომ მუდმივად სხვადასხვა ქვეყნებში მათ ხვდებოდა და მათთან ერთად ქვეყანაში დაბრუნების გეგმაც კი ჰქონდა.
„რასაც ვაკვირდები, ძირითადად, ევროპაში და ამერიკაში მაცხოვრებელი ქართველი ემიგრანტები ანტირუსული რიტორიკის მატარებლები არიან. მათი აზრის ფორმირება სააკაშვილმა სწორედ ამ რიტორიკის მეშვეობით შეძლო. ის ჩვენი ქვეყნის გარეთ, არა მხოლოდ ჩვენი ემიგრანტების, არამედ ჩვენი პარტნიორების იმაში დარწმუნებას ახერხებს, რომ რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნებაა. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ამის ნამდვილად სჯერათ. ამიტომ, სააკაშვილის ხელისუფლების იქ მაცხოვრებელი გარემოცვაც ამაზე მუშაობს. ამიტომ არის, რომ ოპოზიციას იმედი აქვს, რაც უფრო ბევრი უბანი გაიხსნება და ბევრი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას, მით უფრო მეტი ხმები ოპოზიციის ყულაბაში გადაინაცვლებს. ამიტომ იკლავენ თავს, თორემ ჩვენი მოქალაქეების დარდი კი არა აქვთ. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ბოლო წლების განმავლობაში ნაციონალებმა ეს შეძლეს“, - ამბობს საყვარელიძე.