23 მარტს ღამით, რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შესახებაც ნატო-ს მოკავშირეებსაც ეცნობათ. უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიის თავზე 39 წამი დაჰყო. ვარშავა მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს, თუმცა რუსულ მხარეს საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულს რაიმე სერიოზული პასუხი არ მოჰყვება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსის წევრი სახელმწიფოებისგან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი, მსგავსი ინციდენტი მომავალშიც გამეორდება, ამას შესაძლოა, ნატო-ს მხრიდან ძალიან მკაცრი ნაბიჯები მოჰყვეს, რაც რუსეთსა და ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო დაპირისპირებას გულისხმობს.
პოლონეთის სეიმის სპიკერმა, შიმონ გოლოვნიამ განაცხადა, რომ რაკეტების ჩამოგდება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა.
„ასეთი ინციდენტები ხდებოდა, ხდება და, დიდი ალბათობით, მოხდება, სანამ უკრაინაში ომი გაგრძელდება. თუ ჩამოაგდებთ ასეთ რაკეტას, მისი ფრაგმენტები სადღაც უნდა დაეცეს, ეს ხდება უკონტროლო და ბევრად უფრო რთული პროცესი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სამხედროები ისე მოიქცნენ, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ“, - აღნიშნა შიმონ გოლოვნიამ.
საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ერთეული შემთხვევა ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების საფუძველი არ გახდება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ინციდენტის რამდენჯერმე გამეორების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ამ ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მიიღოს და მდგომარეობა მეტად დამძიმდეს.
„არავის სურს რუსეთთან დაპირისპირება და საომარი მოქმედებების განხორციელება საკუთარ ტერიტორიაზე, არც ნატო-ს და არც მის წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის არც პოლონეთს. ამიტომ, ბუნებრივია, ასეთი ინციდენტის გამო ისინი არ შექმნიან ისეთ ვითარებას, რომ საომარი მოქმედებების დაწყების რისკი გაჩნდეს პოლონეთის ტერიტორიაზე. მაქსიმალურად ეცდებიან შეისწავლონ რაკეტის ტრაექტორია და ურჩევნიათ თქვან, რომ ეს იყო შემთხვევითობა, მაგრამ შესაძლოა, დამტკიცებული არ იყოს, რომ ეს მართლაც შემთხვევითობა იყო, უბრალოდ, არ სურთ ამას გაგრძელება მოჰყვეს.
პოლონეთის ტერიტორიის გავლით, რაკეტა შეიძლება უფრო სწრაფად მიფრინდეს დასაბომბ ობიექტთან უკრაინაში და თუ რუსეთმა დაინახა, რომ მას პატიობენ ამას, შესაძლოა, უფრო იოლად დაიწყოს პოლონეთის სივრციდან რაკეტების გასროლა, რადგან რაკეტებს უკრაინელები ელოდებიან არა თუ პოლონეთის, არამედ რუსეთის მხრიდან. თუ პოლონეთის მხრიდან დაიწყო რაკეტებმა შემოფრენა, რა თქმა უნდა, ფართოვდება თავდაცვის არეალი უკრაინისთვის. თუ მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე გამეორდა, უკვე მოუწევთ ამ რაკეტების ჩამოგდება პოლონეთის ტერიტორიაზე.
რუსეთი ახლა ცდის ნატო-ს წევრი ქვეყნების ნერვებს. არ მგონია, ნატო-მ ასეთ ტენდენციასა და მუდმივად მოქმედ აგრესიაზე ალიანსის წინააღმდეგ თვალი დახუჭოს. ნატო-ს მეტი რესურსი აქვს რუსეთი თავის ადგილზე მოსვას, უბრალოდ, ეს დიდი ომის ფასი იქნება და არავის აწყობს. ნატოს წარმატებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მათ არ უღირთ ის ფასი, რაც რუსეთის დამარცხება დაუჯდებათ. უკრაინას ვერ უმკლავდება რუსეთი, მან არსებით წარმატებას ვერ მიაღწია სამხედრო ძალებით“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ რუსეთის მიერ რაკეტების მუდმივი გამოყენება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სხვებისთვის, რადგან შესაძლოა, ის აცდეს დამიზნებულ ობიექტს. მისი შეფასებით, მსგავსი ტიპის ინციდენტი მეტ ყურადღებას მოითხოვს.
„არ მგონია, ამას სამხედრო დაპირისპირება მოჰყვეს. პოლონეთში ამ რაკეტის დაფიქსირების შემდეგ, განმარტება გაკეთდა, რომ ის არ ყოფილა პოლონეთის წინააღმდეგ. ეს რაკეტა რეჟიმიდან გამოვიდა და აცდა თავის პარამეტრებს. ერთი კონკრეტული შემთხვევა კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობაა და რუსეთის მიერ რაკეტების გამოყენება კონფრონტაციის ბევრად უფრო სერიოზული საფრთხეს ქმნის.
ეს არის ძალიან სერიოზული მოვლენა, როდესაც რუსეთი ასე დაჟინებით რაკეტებს უშენს უკრაინას. თუ მის მიერ ნასროლი რაკეტა აცდება მიზანს და ნატო-ს წევრ ქვეყანას შეუქმნის საფრთხეს, ამას გარკვეული რეაქცია მოჰყვება. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ეს მივიდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედო დაპირისპირებამდე, მაგრამ ეს წარმოადგენს მძიმე შემთხვევებს და ყურადღება სჭირდება ამას“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში.
ცნობისთვის, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ქალაქ ოსერდოვთან, უკრაინის საზღვრის მახლობლად. ინციდენტის გამო ჰაერში აფრინდა პოლონეთის ორი და აშშ-ის ორი F-16 გამანადგურებელი. პოლონეთის თქმით, რუსეთის რაკეტა მის ტერიტორიაზე ორი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა ხელმძღვანელობამ რუსეთის ჯარების მოქმედება შეაფასა როგორც ინტენსიური. თვითმფრინავები მონიტორინგს აწარმოებდნენ და უზრუნველყოფდნენ პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონების უსაფრთხოებას.