ოპოზიციის თავსატეხი - ლგბტქ+ პროპაგნდა კანონით იკრძალება

ოპოზიციის თავსატეხი - ლგბტქ+ პროპაგნდა კანონით იკრძალება

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს, რომელსაც 113 ადამიანის ხმა სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს და ცნობილია, რომ ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, იმას ნიშნავს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში აღნიშნული ცვლილება ვერ განხორციელდება. მმართველ გუნდს კი საკონსტიტუციო სტატუსი სჭირდება, რათა განისაზღვროს რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები და, რომ მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს.

რაც შეეხება კანონპროექტს, კერძოდ, მმართველი გუნდის მიერ ინიციებული პროექტი კრძალავს ისეთ შეკრებებს, სადაც არაჰეტეროსექსუალებისთვის ერთსქესიან ურთიერთობებზე, სქესის შეცვლასა და შვილად აყვანაზე იქნება საუბარი. ცვლილებები, არაჰეტეროსექსუალ პირს, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის პოპულარიზაციასა და სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასაც უკრძალავს.

აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე გაცილებით მეტი იმგვარ შეკრებას, რომელიც არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების მიერ თავისი სექსუალური შეხედულებების პოზიტიურად წარმოჩენას ითვალისწინებს, უყურებს როგორც პროპაგანდას. ​

„ბავშვს რომ ანიმაციაში ეუბნები - ასე კაცს თუ არ მიეფერე და როგორ შეიძლება გმირი ბედნიერი იყოს, თუ მას ეს მიმართულება არ აქვს აღებული ცხოვრების წესისა, ეს ხომ აშკარა პოპულარიზაციაა? შესაბამისად, ეს შეკრებას შეეხება, ამ შინაარსის ნაწარმოების გავრცელებას შეეხება თუ საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესის დროს იმგვარი ინფორმაციის მიწოდებას შეეხება, რომელიც აშკარად შეიცავს პოპულარიზაციის და არა ვინმეს უფლებების დაცვის ნიშნებს, ამ შემთხვევაში, ეს აიკრძალება.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ აქ ბალანსი არასოდეს დაირღვეს. გავმიჯნოთ უფლებების დაცვის კონტექსტი პოპულარიზაციისგან. ეს იქნება ამ კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, მათ შორის ჩვენი მომავალი თაობების ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან ერთად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები, მისი მავნე შედგები ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიოს და ჩაერიოს ოჯახური ღირებულებების დისკრედიტაციაში. მისი თქმით, ოპოზიციას ბევრი დრო აქვს, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით იმსჯელოს, წარუდგინოს უმრავლესობას თავისი მოსაზრებები, რომელ პუნქტს, რომელ ფრაზას არ ეთანხმება.

„ჩვენი ოპოზიციის რისკი ეს არის, მათი ქმედების რისკი ეს არის, შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ჩვენ ამას კანონით დავაზღვევთ, თუმცა, კანონის ძალა შედარებით მსუბუქია. ოდესმე, 10-15 წლის შემდეგ, შეიძლება ფსევდოლიბერალური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ თეორიულ დონეზე ყველაფერი უნდა დავუშვათ, რომელიც იმ კანონებს გააუქმებს, რადგან მარტივი გასაუქმებელი იქნება 76 ხმით. საკონსტიტუციო ცვლილებებს კი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ, ვერ გააუქმებს.

შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები, მისი მავნე შედგები ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიოს, ჩაერიოს ოჯახური ღირებულებების დისკრედიტაციაში, ეს მოახერხოს და არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენა მოახდინოს. ამიტომ, ამის ატანა კონსტიტუციურ დონეზე, მნიშვნელოვანი იყო. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს თემა, რომ გადავწყვიტეთ, კონსტიტუციური კანონი შეგვექმნა, მისი ინიცირება მოგვეხდინა და პროექტი შეგვექმნა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, საკონსტიტუციო სტატუსი საჭიროა, რომ მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს. მისი თქმით, ოპოზიციას ასეთივე რიტორიკა ჰქონდა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში იწერებოდა, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთიანობაა, თუმცა დღეს ამბობენ, რომ ეს კარგი იყო.

„საჭიროა, რომ ეს სტატუსი განისაზღვროს უმაღლეს დონეზე, რაც საქართველოს კანონმდებლობითაა დაშვებული, თუნდაც იმისთვის, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს, ამ კანონს შეეხოს. გარდა საკონსტიტუციო ცვლილებისა, მივიღებთ ცვლილებებს სხვა უამრავ კანონში, რომელიც ძალიან მალე ამოქმედდება და მას 113 ხმა არ სჭირდება. ეს რეალურად გამოიწვევს იმას, რომ ცვლილებები რაზეც ვსაუბრობთ, ქმედითი იქნება, თუმცა მის მაღალ სტატუსში ასაწევად, დაგვჭირდება 113 ხმა.

თუ ოპოზიცია დაუჭერს მხარს და დებატებში მონაწილეობას მიიღებს, ამ მოწვევის პარლამენტში განხორციელდება, თუ ეს არ მოხდება, მაშინ შემდეგი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს. საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც, ეს ცვლილებები ქმედითი იქნება, საკონსტიტუციო სტატუსი კი გვჭირდება, რათა განისაზღვროს რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები და რომ მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მაშ ასე, უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ისეთი პუნქტების გათვალისწინებით, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისად, ახლა ოპოზიციას მოუწევს დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და ჩაერთოს ამ პროცესში, ან პირდაპირ თქვას, რომ არ ემხრობა ამას. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი, რადგან, ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს.

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია და თვლის, რომ დღეს, საზოგადოებას აღნიშნული თემა ნაკლებად აინტერესებს.

„არ ვიცი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება რამდენად იქნება შესაძლებელი, რადგან, როგორც იცით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ წარმოადგინა ადამიანი, რომელიც შეწუხებული იყო ამ პრობლემით და ბავშვობაში რამე უბედური შემთხვევა დაემართა ლგბტ პროპაგანდის გავლენით. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ადამიანის ხმა სჭირდება, ნაცების მხარდაჭერა აუცილებელია. არ ვიცი ნაცები წარმოადგენენ თუ არა ასეთ ადამიანს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია იქიდან გამომდინარე, რომ სათანადოდ დაზარალებული პირები არ არიან წარმომადგენლები და საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ეს თემა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩაერთვებიან, მაგრამ მხარს არ დაუჭერენ პარტია „საქართველოსთვის“ წევრები. როგორც ბექა ლილუაშვილი აცხადებს, მათი მიზანა პროპაგანდა არ გახდეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იარაღი და არავის მისცენ საშუალება, რომ ბავშვები პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ.

„ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში. ჩავერთვებით იმიტომ, რომ პროპაგანდა არ გახდეს ამ საკითხის ყველაზე დიდი პროპაგანდისტის - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იარაღი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრიც მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე. უბრალოდ, რომ „დაგუგლოთ“ „ლგბტ პროპაგანდა“, სიის დასაწყისში შეგხვდებათ მამუკა მდინარაძე, როგორც ამ საკითხის მთავარი პროპაგანდისტი. ამიტომ, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას პროცესში ჩართვის გზითაც, რომ ბავშვები გამოიყენოს პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ერთ-ერთია, რომელიც ითხოვდა ლგბტქ+ პროპაგანდის კანონით აკრძალვას და სკოლებიდან ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ამოღებას, რომლის მეშვეობითაც, მისი თქმით, ხდება ლგბტ პროპაგანდის გავრცელება. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, დღეს არსებული პროცესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ კანონის ძალით დაფიქსირდეს, რომ საქართველოში ამ ქმედებას ადგილი არ ექნება.

„მმართველი პარტია ინიცირებას ახდენს იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაუშვებელი და აკრძალული იქნება სქესის შეცვლა, რაც შემდეგ გახდება საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველი და, რითაც, ერთხელ და სამუდამოდ, დაფიქსირდება კანონის ძალით, რომ საქართველოში ადგილი არ ექნება ამ უსაშინელეს ქმედებას.

დააკვირდით რა მოხდა - მდინარაძეს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ უკვე გამოვარდა ამ კანონის წინააღმდეგი, ვინმე პარლამენტარი „გირჩელი“ ფაქტობრივად - ნაცი მეგრელიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის აბსურდი და ადამიანს აქვს უფლება, როგორც უნდა ისე მოექცეს მის სხეულს!

ბატონ მეგრელიშვილს თავის ოჯახიანად სრული თავისუფლება აქვს იმის, რომ სადაც დაშვებულია ასეთი ანტიადამიანური ქმედება, წავიდეს იქ, რაც უნდა იმად გადაკეთდეს, ვისზეც უნდა იმაზე გათხოვდეს და ვისზეც უნდა იმაზე დაქორწინდეს და იქაური კანონის თანახმად, რაც უნდა ის აკეთოს, არავინ არაფერში ხელს არ უშლის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, აღნიშნული 8-პუნქტიანი კანონპროექტი გამოაჩენს იმ დეპუტატების გვარებს, ვინც საკუთარი „ენჯეო“-ს ხაზით დაფინანსებას - ოჯახურ ფასეულობებზე და არასრულწლოვანთა დაცვაზე მაღლა აყენებს. მისი თქმით, მოსახლეობის წინაშე დაანონსებული პროცესი დაიძრა. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს საკონსტიტუციო კანონის პროექტი მომზადებულია.

როგორც ქართველიშვილი აცხადებს, მომზადებულია ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობის გარეშე და აუცილებლად გაივლის რეგიონულ დონეზე, ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით საჯარო განხილვას - რათა დაფიქსირებული იქნას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება აღნიშნული საკითხებისადმი.

„სულ 8-პუნქტიანი კანონპროექტი - საკონსტიტუციო ფორმატისაა და მისაღებად მოითხოვს დეპუტატთა არანაკლებ 2/3 ხმებს. ამ ეტაპზე ეს ამოცანა შესაძლოა არარეალურად მოგვეჩვენოს, ოპოზიციის მოსალოდნელი დამოკიდებულების გამო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვეცოდინება იმ დეპუტატების გვარები, ვინც საკუთარი „ენ-ჯე-ო“-ს ხაზით დაფინანსებას - ოჯახურ ფასეულობებზე და არასრულწლოვანთა დაცვაზე მაღლა აყენებს. ასევე, ეს თემა კიდევ ერთხელ დააყენებს დღის წესრიგში იმის აუცილებლობას, რატომ არის საჭირო ჩვენი სამშობლოს ტრადიციული ფასეულობების კონსტიტუციის დონეზე დასაცავად, მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა. აქვე დავამატებ - ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ აპრიორი „განუხორციელებელი მისიის“ დღევანდელი „პრეზენტაციით“, ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ თავის დაპირებულ სიტყვაზე უარს იძახის. საკონსტიტუციო კანონპროექტის წარდგენით, ჩვენ საოჯახო ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის თამასა ავწიეთ მათ დასაცავად საჭირო ყველაზე მაღალ საფეხურზე“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.