რუსეთი ახალი თავდასხმების მოლოდინშია - საფრანგეთმა ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

რუსეთი ახალი თავდასხმების მოლოდინშია - საფრანგეთმა ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის ჩადენაში ბრალდებულ ოთხივე ტერორისტ პირს წინასაწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის მთელ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით დედაქალაქში, ვითარება რთულია. ახალი თავდასხმების შიშის ფონზე, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა რუსეთის მასშტაბით მთავარ სატრანსპორტო ცენტრებში, აეროპორტებში და სავაჭრო ცენტრებში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირების ლიკვიდაციის მოწოდებით გამოდის. „საჭიროა მათი მოკვლა? აუცილებელია და ასეც იქნება. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა ჩართული პირის მოკვლა. ყველასი - ვინ გადაიხადა, ვინ თანაუგრძნობდა, ვინ დაეხმარა“, - აცხადებს დიმიტრი მედვედევი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, მოსკოვის მახლობლად მდებარე სავაჭრო კომპლექს „Crocus City Hall“-ზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი უკრაინა-რუსეთის საზღვართან დააკავეს. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაკავებული ტერორისტები აპირებდნენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას. კიევი უარყოფს რაიმე კავშირს თავდასხმასთან და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია ეს საბაბად გამოიყენოს თავისი შემოჭრის ესკალაციისთვის.

მოსკოვში ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთმა ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. იმის გათვალისწინებით, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოცხადდეს ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

„საფრანგეთს აქვს ინფორმაცია, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოებამ დაგეგმა და განახორციელა. იმ ჯგუფმა, რომელიც რუსეთში საკონცერტო დარბაზს თავს დაესხა, ჩვენს მიწაზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობა განახორციელა. რუსეთმა თავდასხმა თავის სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენოს და რუსეთის მხრიდან ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის უკრაინის წინააღმდეგ გადატანა“, - განაცხადა ემანულ მაკრონმა.

როგორც ჩანს, მიძინებული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აქტიური მოქმედების ფაზაში გადადის. მოსკოვის შემდეგ სამიზნე გახდა აზერბაიჯანი. როგორც აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რუსეთის ქალაქ მურმანსკის მკვიდრი ბახრუზ ასკეროვი, რომელიც ქვეყანაში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. გამოძიების ინფორმაციით, ასკეროვი სხვა პირებთან ერთად ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, რომლის მიზანი ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მოსახლეობაში პანიკის შექმნა და ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენა იყო.

დაკავებული კავშირზე გავიდა აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პირებთან და ისინი ლიანკარანის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ტერაქტს გეგმავდნენ. დაკითხვის დროს ასკეროვმა განაცხადა, რომ ჩინოვნიკის წინააღმდეგ ტერაქტი უნდა ყოფილიყო შურისძიება იუნის საფაროვზე, რომელსაც 2018 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. აზერბაიჯანის უშიშროების ინფორმაციით, ასკეროვი ასევე ტერაქტს გეგმავდა უცხოეთის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სომხეთის საგამოძიებო უწყებებში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტერორიზმის ნიშნების შემცველ მოქმედებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 5 თებერვალს სუს-მა აღკვეთა სავარაუდო ტერაქტი, რომელსაც უკრაინის, ქართული წარმოშობის, მოქალაქე რუსეთში გეგმავდა. სუს-ის ინფორმაციის თანახმად, 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება C-4 ოდესიდან შემოიტანეს და თბილისის გავლით რუსეთში უნდა გადასულიყო. საქართველომდე ტვირთმა გამოიარა რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, 19 იანვარს კი თურქეთიდან „სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა.

როგორც სუს-ის ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ასაფეთქებლების გატანა რუსეთის ფედერაციაში, ვორონეჟში იგეგმებოდა „დარიალის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტით. ვორონეჟი დასავლეთ რუსეთშია. ქალაქზე გადის მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც დასავლეთ რუსეთს ურალსა და ციმბირთან აკავშირებს. ასევე, აკავშირებს რუსეთს კავკასიასა და უკრაინასთან. ვორონეჟში მდებარეობს სხვადასხვა სამხედრო ობიექტი.

ეს მარშრუტი დადგინდა კომპლექსური გამოძიების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე. რაც შეეხება დააკვებულებს - საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ელოდებიან სასჯელს. საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება. ამ დრომდე დაკავებული არ არის ორგანიზატორი, უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მთელ ამ პროცესს ორგანიზებას უწევდა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ პირდაპირი საფრთხე საქართველოზე არ გადის, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოსთვის“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის არიან სამიზნე და ძირითადად დასავლური ქვეყნები, მათ მიმართ საფრთხე არსებობს და ფქირობს, რომ მათი ყოველი აქტივობა შეიცავს საფრთხეს და შესაბამისად, ისინი გაფრთხილებული იქნებიან სპეცსამსახურების მხრიდან.

„ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს, რომელსაც რამდენიმე დაჯგუფება აქვს და რაც მოსკოვთან ახლოს მოხდა, ეს არის მისი ე.წ. ავღანური დაჯგუფების ჩადენილი. ბუნებრივია, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ძალზედ სერიოზული მარცხი განიცადა სირიაში, ეს იყო ძირითადი ტერიტორია, თუმცა ის არ „მომკვდარა“ ის არსებობს, თუმცა დასუსტებულია.

ეს პერიოდი, როდესაც ტერაქტები არ იყო, ბუნებრივია, ტერორისტული მუშაობა მუდმივად მიდიოდა, იმიტომ, რომ ეს ბევრ სხვადასხვა ერთმანეთთან დაკავშირებულ ოპერაციას მოიცავს. ტერორისტები ირჩევენ სახელმწიფოს და მიზანს, შემდეგ არის მისი დაგეგმვა, განხორციელება, დროის შერჩევა და ამ შემთხვევაში, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. თქვენს კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ, ტერაქტები, ალბათ, კვლავ იქნება და ეს იქნება მსოფლიოს სხვადასხვა დედაქლაქებში. იქნება საკმაოდ რეზონანუსლი და არა მარტო „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან, არამედ სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდანაც“, - აცხადებს ალადაშვილი.

რაც შეეხება რუსეთს, როგორც სამიზნეს, როგორც ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, გარკვეული დაპირისპირება „ისლამურ სახელმწიფოს“ რუსეთთან აქვს და განსაკუთრებით მოქმედებს ვლადიმერ პუტინის ფაქტორი.

„ისლამური სახელმწიფო“ არის თალიბანის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი. თალიბანმა როდესაც აიღო ავღანეთში ძალა-უფლება, რუსეთმა განაცხადა, რომ ექნება მასთან ურთიერთობა. პრინციპში, ყოველთვის დაახლოებული იყო და არასდროს წყვეტდა ამ ურთიერთობას და დღესაც აგრძელებს. ჩემი აზრით, ეს იყო „ისლამური სახელმწიფოს“ გაღიზიანების ერთ-ერთი ფაქტორი.

ზოგადად, პუტინი და მისი ხელისუფლება „ისლამურ სახელმწიფოს“ მიაჩნია ერთ-ერთ მტრად სირიაში დამარცხების გამო, როგორც აშშ, ასევე ნატოს ქვეყნები. ასე რომ, ტერაქტი რომ მოსკოვთან მოხდა, ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი. სამწუხაროდ, ტერაქტი მოსალოდნელია სხვა დიდ ქალაქებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.