„ოპოზიციას, დასავლეთის დახმარებით, სასამართლოს  გაკონტროლება არჩევნებში დაეხმარება, ეს არის სააუკეთესო ბერკეტი, სადაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა შეუძლიათ“

„ოპოზიციას, დასავლეთის დახმარებით, სასამართლოს  გაკონტროლება არჩევნებში დაეხმარება, ეს არის სააუკეთესო ბერკეტი, სადაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა შეუძლიათ“

ვის სურს „ვეტინგით“ სასამართლოს სისტემის ხელში ჩაგდება და მისი კონტროლი? მოსამართლეების კეთილსინდისიერების ტესტზე შემოწმება ქვეყანაში კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზია. არაა გამორიცხული, ეს საკითხი, რომელიც მმართველმა გუნდმა დახურულად გამოაცხადა, თბილისსა და ბრიუსელს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

23 მარტს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერმა, პეტერ სტანომ საქართველოს სასამართლო რეფორმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გააკეთა.

სტანოს განცხადების თანახმად, საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლესი პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

განცხადებაში ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ბოლო დროს, გაკეთებული კომენტარების გამო.

მმართველ გუნდში ამ განცხადებას გამოეხმაურნენ: „ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევას არ დავუშვებთ“, - აცხადებენ და დასძენენ რომ ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ ინიციატივას აბსურდულია.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაში სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობა დაუშვებელია. სახელისუფლებო გუნდის თქმით, სასამართლო დამოუკიდებელია და ამას საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს.

სწორედ, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“-მ სასამართლოს კორუფციული გადაწყვეტილებების ინდექსი გამოაქვეყნა. სასამართლოს კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზეა, ევროპის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში ლიდერობს და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ამავე მონაცემებით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. ასევე, ორგანიზაციის კვლევით, უმაღლესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო, ზედიზედ 11 წელია, დადებითი მოდელური ნიშნით ფასდება, ბოლო 8 წლის მაქსიმუმზეა, რეგიონში ლიდერობს, ევროკავშირის სამ და ნატოს წევრ ექვს ქვეყანას უსწრებს.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული, „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის „ვეტინგი“. ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას“, - განაცხადა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მას ხელისუფლების არგუმენტების ესმის, რადგან სასამართლო სისტემაში დასავლეთის მხრიდან ჩარევის ფაქტები უკვე ფიქსირდება.

„სამწუხაროდ, დასავლეთის მხრიდან მსგავს ფაქტს ადგილი უკვე ჰქონდა, როცა ამერიკის საელჩომ, ქართველ მოსამართლეს ქვეყნის ვიზა იმის გამო არ მისცა, რომ მის მიერ გამოტანილი განაჩენი არ მოეწონა. სამწუხაროა, რადგან, ზოგადად, მოსამართლეს გამოტანილი განაჩენის გამო არავინ ედავება, მით უმეტეს ამერიკაში, როცა სასამართლოს უზენაესობაზე აქვთ პრეტენზია. მაშ, ჩვენთან რატომ ჩაერივნენ, როცა მოსამართლე დასაჯეს და მათი ქვეყნის ვიზა არ მისცეს?! ეს გვაფიქრებინებს, რომ მოსამართლეების ვინაობაზე და პოზიციებზე, ამა თუ იმ ქვეყანას პრეტენზიები აქვს, შესაბამისად, მათზე გავლენასაც ცდილობენ.

ეს არაა მათი მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩარევა? მერე ვინაა დაზღვეული, რომ ისეთი მოსამართლეები არ შეარჩიონ, რომლებიც მათ მიერ იქნებიან კონტროლირებული, ხოლო პირიქით, დამოუკიდებელი მოსამართლეები სისტემიდან გაუშვან. ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა, მეტი კი არაფერი. ამ ფრაგმენტიდან გამომდინარე, ის მოთხოვნები, რომ ფაქტობრივად, უცხოელებმა წარმართონ შერჩევის პროცესი, ხელისუფლებას აიძულებს ფრთხილად იყოს“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსის აზრით, რა თქმა უნდა, მოსამართლეების თემა და სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება პირდაპირ 2024 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული.

„ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი არჩევნებთან კავშირშია. ოპოზიციას, რა თქმა უნდა, სასამართლოს სისტემის დასავლეთის დახმარებით გაკონტროლება არჩევნებში დაეხმარება. ეს არის სააუკეთესო ბერკეტი, სადაც საჩივრების მეშვეობით საერთოდ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა შეუძლიათ. „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოს კონტროლს ვინმე ასწავლის? ის ხალხი, რომლებიც ახლა კონკრეტულ მოსამართლეებს იწუნებენ, განა მათი ხელისუფლების დროს სისტემას არ წარმოადგენდნენ? უბრალოდ, მაშინ მათი ცოდვები „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა, ახლა კი აღარ აწყობს, რადგან მათი ერთგულები აღარ არიან. ამიტომ, ახლა ცდილობენ, დასავლეთის დახმარებით სასამართლო სისტემა ისევ ხელში ჩაიგდონ“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების შემოწმება, მით უმეტეს უცხო ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტებისგან მიუღებელია. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს მაშინ სასამართლო სისტემის წმენდა იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას ზიანს მიაყენებს.

„ევროკავშირის 9 დათქმაში მსგავსი არაფერია მოთხოვნილი, რომ მოსამართლეების „ვეტინგია“ საჭირო. ამიტომ ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა არასამთავრობო ორგანზიაციებმა სჯობს ევროკავშირზე აპელირებას თავი დაანებონ და ის თქვან, რომ მათ სურთ სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოსამართლეების კეთილსინდისირებაზე შემოწმებას ითხოვენ, რადიკალური ოპოზიციის დაკვეთას ასრულებენ. ისინი ზუსტად ამ მესიჯებს იმეორებენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პატარა პარტიები. მოსამართლეების შემოწმება, მით უმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაშუვებელია. ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ამიტომ მის სასამართლო სისტემაში სხვა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა არაფერში ჯდება. ევროკავშირის 9 რეკომენდაციაში მოსამართლეების ამ გზით შემოწმებაზე არაფერი წერია და ამაზე აპელირება ყურით მოთრეული ამბავია“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ასევე საუბარი იმაზე, თითქოს ეს ვენეციის კომისისი მიერაც არის მოთხოვნილი, ტყუილია.

„ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ არსებობდა ასეთი მოსაზრება სხვადასხვა სუბიექტებთან შეხვედრის დროს. ოპოზიციას აქვს გამოხატული პოზიცია, რომ ისინი არ ენდობიან სასამართლოს, ამ ხალხს აქვს პოლიტიკური ინტერესები. „ვეტინგის“ კონტექსტში საუბრის დროს ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ საუბარია იმაზე, რომ ეს საკითხი შესაძლებელია იქნას განხილული პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და გახდეს მსჯელობის საგანი. ამ ჩანაწერსა და იმ ჩანაწერს შორის, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა, „ვეტინგის“ პროცესი წარმართეთო, არის რადიკალური განსხვავება“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანია წინასაარჩევნოდ იმ მოსამართლეების თავიდან მოშორება მოხდეს, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. მათი გეგმა მარტივი გასაშიფრია, ამიტომ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება.